Thumbnail

ლივერპულის გულშემატკივრები კიდევ ერთი სასწაულის იმედად არიან. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში "მერსისაიდელები" მადრიდის რეალთან 1:3 დამარცხდნენ და ახლა შეეცდებიან, ეს ჩამორჩენა "ენფილდზე" აღმოფხვრან. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ლივერპულში გაიმართება, მადრიდული კლუბი ამ დაპირისპირების ფავორიტია და მხოლოდ პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგის გამო არა. ესპანეთში ჩატარებულ შეხვედრაში ზინედინ ზიდანის გუნდმა იურგენ კლოპის გუნდი ძალიან დაჩაგრა, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში. მართალია, 2 წლის წინ გერმანელი სპეციალისტის გუნდმა ბარსელონასთან უფრო დიდი სხვაობა შეატრიალა, მაგრამ მაშინ "ენფილდი" გულშემატკივრებით სავსე იყო და ლივერულიც უკეთეს ფორმაში იმყოფებოდა.

საპასუხო შეხვედრამდე ორივე გუნდმა თითო-თითო მატჩი გამართა. "სამეფო კლუბს" "ელ კლასიკოს" თამაში მოუწია და პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვებაც (2:1) მოიპოვა, რისი წყალობითაც ლა ლიგის მოგების ძალიან კარგი შანსი გაიჩინა. მძიმე თამაში ჰქონდა ლივერპულსაც. "მერსისაიდელები" ასტონ ვილას დაუპირისპირდნენ და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მსაჯის მიერ დამატებულ დროში გატანილი გოლის წყალობით მოიგეს (2:1).

ბოლო პერიოდში ზიდანის გუნდი კარგ ფორმაში შედის. რეალს 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, საიდანაც ბოლო 6 შეხვედრიდან ექვსივე მოიგო. შედარებით არასტაბილურად გამოიყურება ლივერპული. ინგლისელებმა ბოლო 10 მატჩიდან 4 (ერთი რეალთან) წააგეს. “მერსისაიდელებს” გამარჯვების მოპოვება განსაკუთრებით "ენფილზე" უჭირთ, სადაც ასტონ ვილასთან მოპოვებულ გამარჯვებამდე ბოლოს 17 დეკემბერს ჰქონდათ მოგებული. ლივერპულმა ბოლოს საშინაო არენაზე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით დეკემბერში, ჯგუფურ ეტაპზე, აიაქსის წინააღდეგ ითამაშა, ლაიპციგთან მერვედფინალური დაპირისირებები კი ბუდაპეშტში ჩაატარა.

რეალმა ლივერპულს პირველ შეხვედრაში 3:1 მოუგო

"გასაკვირი არ არის, რეალი რასაც აკეთებს. ჩემთვის დიდ სცენაზე ორი გიგანტი დაუპირისპირდება ერთმანეთს. უნდა შევუტიოთ! Vamos, როგორც ფეხბურთელებს უყვართ ყვირილი მატჩის დაწყებამდე. ვიბრძოლებთ ჩვენი ყველა მხარდამჭერისთვის ისე, თითქოს ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ სტადიონზე. საკმარისია თუ არა ეს გასვლისთვის? ამას ვნახავთ, თუმცა ჩენ ყველაფერს გავაკეთებთ,", - განაცხადა კლოპმა. 

რაც შეეხება ამ ორი გუნდის ბოლო ურთიერთშეხვედრებს. წინა კვირაში გამართულ მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩამდე გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ ნათამაშები 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჰქონდათ, სადაც ესპანელებმა 3:1 გაიმარჯვეს. მანამდე, ეს გუნდები 2014-ში ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და რეალმა შინ 1:0, სტუმრად "ენფილდზე" კი 3:0 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ამ 4 გოლიდან 3 ქარიმ ბენზემამ გაიტანა, ერთი კი კრიშტიანო რონალდომ.

დიდი ხანია ვიცით, რომ ინგლისურ კლუბს დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს. ლივერპულს რეალთან ვან დაიკი, გომესი, მატიპი და ჰენდერსონი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშაა კერტის ჯონსის და ორიჯის თამაშიც. ისევე, როგორც "მერსისაიდელებს", ესპანურ კლუბსაც დაცვის ხაზში უჭირს. ზიდანის გუნდს ვერ დაეხმარებიან სერხიო რამოსი და ვარანი, საეჭვოა კარვახალის და ვალვერდეს ყოფნაც, ხოლო ბარსელონასთან გამართული შეხვედრის დროს ზიზუს კიდევ ერთი მოთამაშე, ლუკას ვასკესი გამოაკლდა. დიდი ხანია, რეალს ვერც ედენ აზარი ეხმარება.

საინტერესო ფაქტები

⚽ ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულის მონაწილეობით ბოლო 13 მატჩიდან 11-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

⚽ ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 10 მატჩიდან 7-ში კარი მშრალად შეინახა.

⚽ რეალმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო.

⚽ "სამეფო გუნდს" ლივერპულთან 4-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

⚽ თუ ლივერპული გავა, ინგლისური კლუბი ბოლო 4 წელიწადში მესამედ გააღწევს ლიგის ნახევარფინალში.

⚽ ზიდანის გუნდს ყველა ტურნირზე ერთად 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ მადრიდულმა გუნდმა ბოლო 6 მატჩიდან (ყველა ტურნირზე ერთად) ექვსივე მოიგო.

⚽ "მერსისაიდელებმა" ბოლო 5 შეხვედრიდან 1 წააგეს და ისიც რეალთან.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ფილიპსი, კაბაკი, რობერტსონი - ტიაგო, ფაბინიო, ვეინალდუმი - სალაჰი, ჟოტა, მანე

ტრავმა: ვან დაიკი, გომესი, ჰენდერსონი, ორიჯი(?), მატიპი, ჯონსი(?)

რეალი (4-3-3): კურტუა - ოდრიოსოლა, ნაჩო, მილიტაო, მენდი - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი

ტრავმა: რამოსი, ვასკესი, ვარანი(კორონავირუსი), აზარი, კარვახალი (?), ვალვერდე (?).

კომენტარები

ბოლო ამბები