Thumbnail

რამოსს COVID-19 დაუდგინდა - სერხიოს ტესტი დადებითი აღმოჩნდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მადრიდის რეალის 35 წლის მცველისა და კაპიტნის ტრავმას ინფექციაც დაერთო
  • როდის დაუბრუნდება ფეხბურთელი მოედანს, ჯერჯერობით რთული სათქმელია

მადრიდის რეალის მცველი და კაპიტანი სერხიო რამოსი კორონავირუსული ინფექციით დაავადდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

"რეალი იტყობინება, რომ ჩვენი ფეხბურთელის სერხიო რამოსის ბოლო ტესტი COVID-19-ზე დადებითი აღმოჩნდა", - ნათქვამია განცხადებაში. 

მანამდე 35 წლის ფეხბურთელს კუნთის ტრავმა ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე დაუდგინდა და ამის გამო ის რეალს ვეღარ ეხმარებოდა. რამოსმა ესპანეთის ჩემპიონატში "ელ კლასიკოც" გამოტოვა და ვერც ჩემპიონთა ლიგაში ლივერპულის წინააღმდეგ ითამაშა.

სერხიო რამოსმა ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში 15 მატჩში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. მცველს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება. 

სერხიომ ბოლოს მარტის ბოლოს, კოსოვოსთან სანაკრებო მატჩში ითამაშა

ზინედინ ზიდანის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში შინ ლივერპულს ანგარიშით 3:1 მოუგო, საპასუხო მატჩს სტუმრად კი 14 აპრილს გამართავს.  

რეალი ესპანეთის ჩემპიონატში გასული 30 ტურის შემდეგ, 66 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 18 აპრილს, სტურმრად ხეტაფეს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები