Thumbnail
  • 13 აპრილი | ⌚ 22:55 | ⚽ პარი სენ-ჟერმენი V ბაიერნი
  • ბაიერნს მინიმუმ 2 გოლი აქვს გასატანი
  • პსჟ-ს დიდი უპირატესობა პირველი თამაშის შემდეგ აქამდეც გაუნიავებია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის საგზურისთვის პარიზში, პარი სენ-ჟერმენი მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს და ტურნირიდან მოქმედი ჩემპიონის გაგდებას ეცდება. პირველი შეხვედრა 6 დღის წინ, მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა "ალიანც არენაზე" ფანტასტიკური კილიან მბაპეს წყალობით 3:2 მოიგო და მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

იმ წაგებით ჩემპიონთა ლიგაში ჰანსი ფლიკის დაუმარცხებელი სერია შეწყდა და ახლა მისი გუნდი ძალიან რთული, მაგრამ კონკრეტული და არა შეუძლებელი ამოცანის წინაშეა: ბაიერნმა ორბურთიანი სხვაობით უნდა მოიგოს (ან 4:3 და უფრო შედეგიანად ერთი ბურთით). პარიზში ასეთი გამარჯვების დაგეგმვა არავის შეუძლია, მაგრამ მეორეს მხრივ, ბაიერნისთვის შეუძლებელი რომ არაფერია, ამაში "რეკორდმაისტერი" უკანასკნელი წლებია, ყველას არწმუნებს. გასათვალისწინებელი ისიც, რომ პსჟ-ს სჩვევია პირველი მატჩის მერე სოლიდური უპირატესობის განიავება და ამის მაგალითები ბოლო წლებში არსებობს (ბარსელონასთან 4:0, მანჩესტერთან სტუმრად 2:0).

ამ შეხვედრას პსჟ კარგ ხასიათზე ხვდება, რადგან ჯერ მიუნხენში მოიგო და შაბათს ლიგა 1-ში სტრასბურთან "ივარჯიშა" (4:1). ბაიერნში საპირისპირო ვითარებაა, რადგან პარიზელებთან მარცხს ბუნდესლიგაში ბერლინის უნიონთან დაკარგული ქულებიც მოჰყვა (1:1). ყველაფერთან ერთად, ჰანსი ფლიკს შემადგენლობაშიც პრობლემები აქვს - რობერტ ლევანდოვსკი ისევ არ იქნება ტრავმის გამო, სერჟ გნაბრის კორონავირუსი არ დაუმარცხებია, წინა მატჩში ნიკლას ზიულეც დაშავდა, ლაზარეთში ასევე არიან დუგლას კოშტა და კორენტენ ტოლისო. საეჭვოა ლეონ გორეტცკას თამაშიც. უპრობლემოდ არც მაურისიო პოჩეტინოა, რომელსაც ხუან ბერნატის გარეშე მოუწევს თამაში, საეჭვოა მარკინიოსის თამაშიც, რომელმაც მიუნხენში გოლი გაიტანა და მერე იმავე მატჩში დაშავდა. ვარჯიშობს, მაგრამ პოჩეტინომ გამორიცხა მაურო იკარდის მოედანზე გასვლა, ხოლო მარკო ვერატი და ალესანდრო ფლორენცი გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ მათი სასტარტოში მოხვედრა ნაკლებ სვარაუდოა და ეს არგენტინელმა მწვრთნელმაც დაადასტურა.

პირველი მატჩი მიუნხენში პარიზელებმა 3:2 მოიგეს

ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩამდე კომენტარები გააკეთა. მაურისიო პოჩეტინო ისევ რთულ დაპირისპირებას ელოდება, მაგრამ მისი გუნდის ძალებში დარწმუნებულია, ხოლო ჰანსი ფლიკი იმედოვნებს, რომ ბაიერნი საგოლე მომენტებს იმაზე უკეთ გამოიყენებს, ვიდრე ეს მიუნხენში გააკეთა.

"ჩემი აზრით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამჟამად ბაიერნი მსოფლიოში საუკეთესი გუნდია და მათ დიდ პატივს ვცემ. თუმცა, ამავე დროს ჩვენი ძალების გვჯერა და ვიცით, რომ ამ მატჩის მოგებაზეც უნდა ვიფიქროთ", - აღნიშნა მაურისიო პოჩეტინომ.

"პირველ მატჩში ბევრი საგოლე შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ახლა ამ კომპონენტში უკეთ უნდა ვითამაშოთ. ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ. ვიცით, რომ მინიმუმ 2 გოლი უნდა გავიტანოთ და ეს რთული ამოცანაა, მაგრამ ჩვენ ზუსტად ასეთ მატჩებში თამაში გვსურს. გვინდა, პარიზელები ოდნავ დავაბნიოთ და რა თქმა უნდა, მოხარულები ვიქნებით, თუ ამას მოვახერხებთ", - თქვა ფლიკმა მატჩამდე.

მოგეხსენებათ, ეს გუნდები გასულ სეზონში ფინალში შეხვდნენ და ის თამაში ბაიერნმა კინგსლი კომანის გოლით მოიგო, რომელიც პარი სენ-ჟერმენის აკადემიის აღზრდილია. ზოგადად, პსჟ ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაზე არაფერს უთმობს და 10 მატჩიდან 6-ჯერ დაამარცხა კიდეც, ხოლო 4-ჯერ თავად დამარცხდა. ფრე კი ამ გუნდებს შორის ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, თუმცა, ალბათ ახლა არცერთი პარიზელი საყაიმო ანგარიშზე უარს არ იტყოდა.

საინტერესო ფაქტები

⚽ პსჟ-ს გერმანულ გუნდებთან ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე ოთხივე საშინაო თამაში მოგებული აქვს (1994 წლიდან 2017 წლამდე).

⚽ ბაიერნი ჩემპიოთა ლიგის მომდევნო ეტაპზე 2014/15 წლების სეზონის შემდეგ არ გასულა, როდესაც პირველი თამაში წააგო. მაშინ "რეკორდმაისტერმა" პორტუს აჯობა და იმავე სეზონიდან 2017/18 წლების სეზონამდე ზედიზედ ოთხჯერ ასპარეზობას გამოეთიშა, როცა პლეი ოფში პირველი თამაში წააგო.

⚽ პსჟ-მ წინა მატჩში ბაიერნისგან 31 დარტყმა მიიღო, რაც ჩემპიონთა ლიგაზე პარიზელთა ანტირეკორდია 2003/2004 წლის სეზონის შემდეგ, თუმცა ამის მიუხედავად მიუნხენში მოიგო.

⚽ ბოლო 50 შემთხვევიდან მხოლოდ სამმა გუნდმა მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლა, როდესაც პლეი ოფში პირველი თამაში შინ წააგო. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გუნდი, რომელმაც ეს გააკეთა მანჩესტერია და სწორედ პსჟ დაამარცხა 2018/19 წლების სეზონში (ინგლისში 0:2 და საფრანგეთში 3:1).

⚽ პსჟ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნი ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით დაამარცხა (17 მატჩში). 2018/19 წლების სეზონის შემდეგ პირველად მიუნხენელებმა პლეი ოფში ვერ შეძლეს ორივე თამაშის მოგება. ბოლოს მსგავსი ფაქტი ორი წლის წინ ნიკო კოვაჩის დროს დაფიქსირდა ლივერპულთან (ფრე და წაგება).

⚽ 2017/18 წლების სეზონში იუვენტუსთან მარცხის შემდეგ (3:4 ორი მატჩის ჯამში), მაურისიო პოჩეტინო ეცდება ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ზედიზედ მეხუთე ორმატჩიანი დუელი მოიგოს.

⚽ კილიან მბაპეს ამ სეზონში ლიგაზე 8 მატჩში 8 გოლი აქვს და გაიმეორა ფრანგი ფეხბურთელების საუკეთესო შედეგი, რომელიც მანამდე დავიდ ტრეზეგეს 2001/02 და ვისამ ბენ იედერს 2017/18 წლების სეზონში ეკუთვნოდათ (ორივეს 8-8 გოლი). ამგვარად, მბაპე 1 გოლიც გატანის შემთხვევაში რეკორდი მფლობელი გახდება.

⚽ იოზუა კიმიხმა ბოლო 9 თამაშში 8 საგოლე პასი გააკეთა და მათ შორის, პსჟ-სთან პირველ შეხვედრაში, როდესაც თომას მიულერს გაატანინა.

⚽ კილიან მბაპე ეცდება ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ზედიზედ მეოთხე თამაშში კარიერაში მეორედ გაიტანოს და პსჟ-ს პირველი ფეხბურთელი გახდება, ვინც ამას მოახერხებს. მას მანამდე პლეი ოფის სტადიაზე მიჯრით ოთხ თამაშში მონაკოს მაისურით აქვს გატანილი 2017 წელს, როცა ჩემპიონთა ლიგაზე პირველ სეზონს ატარებდა.

⚽ ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ მატჩში 2 გოლი გაიტანა და ეს მხოლოდ ერთით ნაკლებია, ვიდრე მანამდე ამ ტურნირზე ჩატარებულ 22 თამაშში გაეტანა და ერთით მეტია, ვიდრე პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 10 მატჩში გაიტანა.

⚽ ამ გუნდების ბოლო ხუთ ურთიერთშეხვედრაში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ბაიერნის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა

⚽ პსჟ-ს ბოლო 5 შეხვედრაში კი 4-ჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე ერთმანეთს 10-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც 6 მატჩი ფრანგებმა მოიგეს, 4 - გერმანელებმა.

სავარაუდო შემადგენლობები

პარი სენ-ჟერმენი (4-2-3-1): ნავასი - დაგბა, დანილო, კიმპემბე, დიალო - გეიე, პარედესი - დი მარია, დრაქსლერი, ნეიმარი - მბაპე
ტრავმა ან კორონავირუსი: ბერნატი, მარკინიოსი

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ერნანდესი, დევისი - კიმიხი, ალაბა - სანე, მიულერი, კომანი - ჩუპო-მოტინგი
ტრავმა ან კორონავირუსი: ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა, გნაბრი, ზულე, ტოლისო

კომენტარები

ბოლო ამბები