Thumbnail
  • 12 აპრილი | ⌚ 18:00 | ⚽ რუსეთი V საქართველო
  • დღევანდელ შეხვედრაში აგინია, ბრუნო პეტრი და ფუმასა ვერ ითამაშებენ

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას, დღეს, 18:00 საათიდან რუსეთის წინააღმდეგ გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი მოსკოვში 15 მოთამაშით ჩავიდა და შეხვედრის მასპინძელ დარბაზში მატჩისწინა ბოლო ვარჯიშიც ჩაატარა. 

ცნობილია, რომ საფრანგეთთან თბილისში გამართული თამაშის შემდეგ ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში ეროვნულ ნაკრებს ნატურალიზებული ბრაზილიელი ფეხბურთელები შაგინია, ბრუნო პეტრი და ფუმასა ვერ დაეხმარებიან. ავთანდილ ასათიანის გადაწყვეტილებით, რუსეთის წინააღმდეგ ნაკრებს თსუ-ს შემტევი გიორგი ჩიმაკაძე შეუერთდა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპირველობის საგზური საფრანგეთთან მოგებით გაიფორმა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საგზური საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეხუთე ტურში საკუთარ მოედანზე საფრანგეთი 3:2 დაამარცხა და 10 ქულა მოაგროვა, რისი წყალობითაც ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. მიზანი მიღწეულიც აქვს ჩვენს მომავალ მეტოქესაც. რუსეთმა ყველა ჩატარებული შეხვედრა მოიგო და 15 ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მატჩის ონლაინ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხის ვებ-გვერდი გეგმავს.

ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ნიდერლანდებში ჩატარდება, 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 8 ჯგუფის გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს, კიდევ ერთი ადგილის ბედს ორი უარესი მეორეადგილოსნის ორრაუნდიანი დაპირისპირება გადაწყვეტს, ამ 15 ნაკრებს კი მასპინძელი ნიდერლანდები დაემატება, რომელიც ფინალურ ეტაპს 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ამსტერდამსა და გრონინგენში მიიღებს.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუსეთთან

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ბექა ტყემალაძე (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი).

წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია, ჯანიკო გიორგაია, ვახტანგ ჯვარაშვილი (ყველა – თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნურ-სულთანი, ყაზახეთი), ბინიო (ოსასუნა, პამპლონა, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი).

კომენტარები

ბოლო ამბები