Thumbnail

იტალიურმა გამოცემა ტუტოსპორტმა იუვენტუსის მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი დაადასტურა. ტურინულმა გაზეთმა დღევანდელ ნომერში დაწერა, რომ "ბებერი ქალბატონი" აქტიურად ადევნებს თვალს ჯენოას უზბეკ შემტევ ელდორ შომუროდოვსა და ყაზანის რუბინის ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე სტატიაში ვკითხულობთ:

"კვარაცხელია მაღალი ხარისხის გარემარბია. ქართველი 20 წლის ტალანტია და ბრწყინვალე ტექნიკური და ფიზიკური მონაცემები აქვს: ის იდეალურად შეესაბამება კლუბის მიერ წამოწყებულ ახალგაზრდულ პროექტს და ე.წ "პარატიჩის სტილის" ტრანსფერი იქნება. იუვენტუსი დაინტერესებულია, მაგრამ ერთადერთი გუნდი არ არის, რადგან ასევე ძალიან აქტიურობენ მილანი და ბაიერნი".

დიდი შანსია ხვიჩამ ზაფხულში ტოპლიგაში გადაინაცვლოს

იტალიურმა მედიამ მილანის ინტერისა და ბერგამოს ატალანტას დაინტერესების შესახებაც დაწერა, მაგრამ გუშინ, რუბინის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და იქვე დასძინა, რომ ამ ეტაპისთვის, კლუბს არანაირი ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემა (მითვლილია მოპოვებული პენალტებიც) აქვს. ქართველი ფეხბურთელი რუბინში 2019 წელს გადავიდა და ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ხვიჩამ საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 8 მატჩში თავი 3 გოლით, 1 საგოლე პასითა და 1 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები