Thumbnail
  • ლეონიდ სლუცკიმ კვარაცხელიას შესახებ კითხვებს უპასუხა
  • რუბინი ევროზონაშია და სეზონის ბოლომდე 5 ტური რჩება

ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ როსტოვთან (1:0) გამარჯვების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა. ამ მატჩში 20 წლის ქართველმა შემტევმა 90 წუთი ითამაშა, გამარჯვების გოლი კი დარკო იევტიჩმა მე-2 ტაიმში გაიტანა. თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე სლუცკის ორი შეკითხვა ხვიჩას შესახებ დაუსვეს.

თავდაპირველად ყაზანელთა მთავარ მწვრთნელს ჰკითხეს, რატომ ვერ ითამაშა კვარაცხელიამ კარგად და რატომ იყო მოედანზე ნაკლებად შესამჩნევი:

"ვერ ვიტყვი, რომ ის შესამჩნევი არ იყო. მან მაინც მოახერხა რამდენჯერმე ბრწყინვალედ თამაში, სახიფათოდაც ურტყამდა და კარგი გადაცემებიც გააკეთა. უბრალოდ, ყველა ელოდება, რომ ის ყოველ ეპიზოდში ხუთ ადამიანს მოატყუებს, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეუძლებელია", - აღნიშნა სლუცკიმ.

ხვიჩამ 3-მატჩიანი შედეგიანი სერია შეწყვიტა

მომდევნო შეკითხვაც ქართველ ფეხბურთელს უკავშირდებოდა. კერძოდ, მოქმედებს თუ არა მასზე ევროპული კლუბების ინტერესი და ესაუბრა თუ არა თვითონ სლუცკი ამ თემაზე პირადად ხვიჩას:

"არა, არ მოქმედებს. მე ვხედავ როგორც ვარჯიშობს და მუშაობს, ამიტომ, მასთან დამატებით საუბარს აზრი არ აქვს", - დასძინა რუსმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგის 22 მატჩში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემა (მითვლილია მოპოვებული პენალტებიც) აქვს საკუთარ აქტივში. რუბინმა 43 ქულა დააგროვა და ევროზონაში იმყოფება, სეზონის დასრულებამდე კი მხოლოდ 5 ტურია დარჩენილი. ყაზანური გუნდი მომდევნო შეხვედრას 18 აპრილს, ურალის წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ჩემპიონატმა" ხვიჩას თამაში 7.0 ქულით შეაფასა, როგორც დესპოტოვიჩისა და გოლის ავტორ იევტიჩის თამაში. whoscored.com-მა ქართველი ლეგიონერის თამაში 7.3 ქულით შეაფასა. კვარაცხელიამ მატჩში საუკეთესო 5 მნიშვნელოვანი პასი გააკეთა, მის ანგარიშზეა 3 წარმატებული დრიბლინგიც.

კომენტარები

ბოლო ამბები