Thumbnail

PREVIEW | ბარსას რეალზე შურისძიება სურს - დრამატული ელ კლასიკოს მოლოდინში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 10 აპრილი | ⌚ 23:00 | ⚽ რეალი V ბარსელონა
  • 'ელ კლასიკოს' გუნდები კარგ ვითარებაში ხვდებიან
  • ეს არის მატჩი, რომელშიც ფავორიტი არ არსებობს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

დღეს რეალი-ბარსელონაა და ამით ყველაფერი ნათქვამია!

'ელ კლასიკოს' მნიშვნელობაზე აქ ბევრს აღარაფერს დავწერთ - ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ საკლუბო ფეხბურთში ამაზე უფრო მაგარი დუელი არ არსებობს. ახლა კი ყველაფერს ისიც ამძაფრებს, რომ ორივე გუნდი კარგ ფორმაშია და ეს ფაქტობრივად საჩემპიონო ბრძოლაა.

სეზონის სტარტზე, თუნდაც 2020 წლის ბოლოს, რეალსაც და ბარსასაც ბევრი პრობლემა ჰქონდათ, მაგრამ ბოლო პერიოდში ორივე აღმავლობის გზაზეა და ეს შედეგებშიც აშკარად გამოჩნდა. იყო პერიოდი, როცა ლა ლიგაში ყველას ყველაფერი დასრულებულა ეგონა და ატლეტიკოს ჩემპიონობაც თითქოს გარდაუვალი იყო. თუმცა, მას შემდეგ "სამეფო კლუბიც" და "ბლაუგრანაც" ძალიან კარგად ათამაშდნენ და ქულებს პრაქტიკულად აღარ კარგავენ.

ბარსელონამ ლა ლიგაში ბოლოს 6 დეკემბერს, კადისთან (1:2) წააგო და მას მერე მხოლოდ 3 ფრე ითამაშა. რეალსაც 5 დეკემბრიდან მოყოლებული აქვს გასაოცარი სერია - ამ პერიოდში ლა ლიგის 19 თამაშიდან 14 მოიგო და ერთადერთხელ დამარცხდა. ჩემპიონობა უკვე ორივე გუნდისთვის ხელმისაწვდომია და აღარ წარმოადგენს ისეთ უტოპიას, როგორც მაგალითად დეკემბრის დასაწყისში. მაშინ სხვაობა მართლაც სოლიდური იყო პირველ ადგილთან, ახლა კი რეალს ატლეტიკომდე 3 და ბარსას ერთადერთი ქულა აშორებს.

ზინედინ ზიდანის გუნდმა შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა - დაამარცხა რა შინ ლივერპული (3:1). მადრიდელებს ‘კლასიკოს’ მერე ინგლისში კიდევ ერთი რთული თამაში ელოდებათ, მაგრამ ამის მიუხედავად, რასაკვირველია, ჯერ მთელი კონცენტრაცია ბარსასთან შეხვედრისკენაა მიმართული. ბარსა უფრო დასვენებულია, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე არ უთამაშია და მოსამზადებლადაც მეტი დრო ჰქონდა.

ორივე გუნდს აქვს დანაკლისი. ზინედინ ზიდანს განსაკუთრებით დაცვაში აქვს პრობლემები, სადაც სერხიო რამოსი და დანი კარვახალი ტრავმირებულნი არიან, ხოლო რაფაელ ვარანს კორონავირუსი აქვს. ბარსელონას ფილიპე კოუტინიო, ნეტო და ანსუ ფატი დააკლდებიან. აშკარაა, რომ "ბლანკოსის" დანაკლისი გაცილებით სერიოზულია.

პირველ წრეში სერხიო რამოსმა გაიტანა, მაგრამ ახლა ტრავმირებულია

‘ელ კლასიკო’ დამატებითი მოტივაციაა ლიონელ მესისთვის, რომელიც მაგარ ფორმაშია, მაგრამ რეალის წინააღმდეგ ცუდი სერია აქვს და 6 თამაშია მადრიდული გრანდის კარში გოლი არ გაუტანია. რეალის მხრიდან ყველაზე სახიფათო ქარიმ ბენზემაა, რომელიც ლა ლიგაში უკვე 6 ტურია მოედნიდან უგოლოდ არ გადის.

საინტერესო ფაქტები

⚽ რეალმა ბარსელონას ყველა ტურნირზე ბოლო ორი მატჩი მოუგო. ზედიზედ სამჯერ კი უკანასკნელად ბარსა1978 წელს ჰყავს დამარცხებული (სამჯერვე ლა ლიგაში).

⚽ რეალმა პირველ წრეში სტუმრად 3:1 მოიგო და 2007/08 წლების სეზონის შემდეგ პირველად აქვს შანსი, სეზონში ორივე ‘ელ კლასიკო’ მოიგოს.

⚽ ბარსელონას მადრიდში ბოლო 7 მატჩიდან 5 მოგებული აქვს (2 წაგება). ბარსას ‘კლასიკოში’ 2019 წლის მარტის შემდეგ არ მოუგია.

⚽ მადრიდის რეალმა ლა ლიგის ბოლო 19 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო (14 მოგება, 4 ფრე). ეს იყო ლევანტესთან 2021 წლის იანვარში. მანამდე კი 6 შეხვედრიდან 3 ჰქონდა წაგებული (2 მოგება, 1 ფრე).

⚽ ბარსელონას ლა ლიგაში ზედიზედ 9 საგარეო თამაში ავს მოგებული და შანსი აქვს, ისტორიაში მესამედ მოახერხოს სტუმრად მიჯრით 10 გამარჯვების მოპოვება. პირველად ეს 2011 წელს მოხდა პეპ გვარდიოლას ეპოქაში და მეორედ 2013 წელს, ტიტო ვილანოვასა და ხორდი როურას თავკაცობით.

⚽ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ბაიერნმა (15), ინტერმა (14) და მონპელიემ (14) გაიტანეს ევროპის ტოპლიგებში უფრო მეტი გოლი თავით, ვიდრე რეალმა (13).

⚽ ქარიმ ბენზემას ლა ლიგის ბოლო 6 მატჩში მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია (ჯამში 8 გოლი) და შეიძლება გახდეს რეალის მეოთხე ფეხბურთელი 21-ე საუკუნეში, რომელიც ზედიზედ მინიმუმ 7 თამაშში გაიტანს - რუუდ ვან ნისტელროის (2007), კრიშტიანო რონალდოსა (ოთხჯერ ჰქონდა მსგავსი სერია) და გარეთ ბეილის (2018) შემდეგ.

⚽ ლიონელ მესი ‘ელ კლასიკოს“ საუკეთესო ბომბარდირია ყველა ტურნირსა (26) და ‘ელ კლასიკოში’ (18), მაგრამ რეალის წინააღმდეგ ბოლო 6 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.

⚽ ქარიმ ბენზემას ბარსელონასთან ბოლო 9 მატჩში გოლი არ გაუტანია.

⚽ ბარსელონა თუ დამარცხდება, რონალდ კუმანი გახდება "ბლაუგრანას" პირველი მწვრთნელი ხოაკიმ რიფის (1980) შემდეგ, რომელიც საწყის ორ 'ელ კლასიკოს' წააგებს.

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 მატჩში სრული თანაფარდობაა: 2-2 მოგება და 1 ფრე. 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ერთხელ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ რეალის ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ბარსელონას ბოლო 5 შეხვედრაში კი 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ რეალმა ლა ლიგის ბოლო 10 საშინაო შეხვედრიდან 8-ჯერ მინიმუმ 2 გოლი გაიტანა (ლა ლიგაში).

⚽ ბარსელონამ ლა ლიგის ბოლო 9 საგარეო მატჩიდან რვაში პირველი ტაიმიც მოიგო და თამაშიც.

⚽ ბარსამ ბოლო 7 გასვლით მატჩში მინიმუმ 2 გოლ გაიტანა (ლა ლიგაში).ლა ლიგაში ეს გუნდები 181-ჯერ შეხვედრიან. 74 თამაში მადრიდელებმა მოიგეს, 72-ჯერ კატალონიელებმა და 35-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კურტუა - ვასკესი, მილიტაო, ნაჩო, მენდი - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი
ტრავმა ან კორონავირუსი: სერხიო რამოსი, ვარანი, კარვახალი

ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი - მინგესა, დე იონგი, ლენგლე - დესტი, პედრი, ბუსკეტსი, ალბა - გრიზმანი, მესი, დემბელე
ტრავმა: კოუტინიო, ანსუ ფატი, ნეტო

კომენტარები

ბოლო ამბები