Thumbnail

აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში (NCAA) “მარტის სიგიჟის” დასრულების შემდეგ, რომელიც ბეილორის გამარჯვებით დასრულდა (ფინალში გონზაგა 86:70 დაამარცხა) წამყვანმა ამერიკულმა გამოცემებმა NBA-ს 2021 წლის დრაფტის განახლებული ვერსია გამოაქვეყნეს.

აღსანიშნავია, რომ როგორც ESPN ასევე SPORTS ILLUSTRATED დრაფტის ბოლოსკენ უწინასწარმეტყველებენ არჩევას სეტონ ჰოლის 21 წლის ქართველ კალათბურთელ სანდრო მამუკელაშვილს. პირველის ვერსიით, ქართველ ფორვარდს 59-ე ნომრად ნიუ იორკ ნიკსი აიყვანს, რომელსაც ეს უფლება ფილადელფია სიქსერსისგან აქვს. SI-მა სანდროს სულ ბოლო – მე-60 ადგილი მიუჩინა, რომელიც ინდიანა პეისერსს იუტა ჯაზისგან ერგო.

სანდრო მამუკელაშვილს ძალიან წარმატებული სეზონი ჰქონდა

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი "ბიგ ისტის" კონფერენციის საუკეთესო მოთამაშე და პირველი გუნდის წევრი გახდა. ის იყო კარლ მელოუნის პრიზის ფინალურ ხუთეულში და კოლეჯთა ლიგის საუკეთესო მოთამაშის პრიზის (ნეისმიტის ტროფეი) 30 კანდიდატში. სანდრო ჯერაც იბრძვის ჰაგერტის პრიზისთვის, რომელიც ნიუ იორკის მეტროპოლიის წლის საუკეთესო კალათბურთელს გადაეცემა. გასულ სეზონში მამუკელაშვილის საშუალო მონაგარი 17.5 ქულა, 7.6 მოხსნა და 3.2 პასი იყო.

გასაკვირი არაა, რომ დრაფტის სიებში საერთოდ არ ფიგურირებს კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი გიორგი ბეჟანიშვილი. ილინოისის 22 წლის მძიმე ფორვარდმა სწორედ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ სტუდენტურ კალათბურთს ემშვიდობება და მომავალ დრაფტზე დადგომას აპირებს.

ცნობისთვის, 2021 წლის NBA-ის დრაფტი 29 ივლისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში უკვე დაწყებული იქნება ტოკიოს ოლიმპიური თამაშები. დრაფტის I რაუნდს პირდაპირ ეთერში  ABC და ESPN გადასცემენ, მეორეს კი მხოლოდ - ESPN. დრაფტის ლატარეა 22 ივნისსაა დაგეგმილი, კანდიდატებს დრაფტიდან ადრეულად მოხსნა 30 მაისს, საბოლოოდ კი, 19 ივლისს შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ ბოლოს NBA-ში ქართველებიდან გოგა ბითაძე აირჩიეს - 2019 წლის დრაფტის მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა აიყვანა.

კომენტარები

ბოლო ამბები