Thumbnail
  • დავით ოდიკაძემ 25-წლიანი საფეხბურთო კარიერა დაასრულა
  • პოპსპორტი მას ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დავით ოდიკაძეს 15 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ბევრი ნამდვილად არ არის, მაგრამ ქართულ საფეხბურთო რეალობაში 'ოდო' განსაკუთრებული ფენომენია - ფაქტობრივად საქართველოს ჩემპიონატის ლეგენდა, რომელმაც ფეხბურთი თითქმის 40 წლამდე ითამაშა და კარიერის ბოლო პერიოდშიც, შევარდენში, შთამბეჭდავ თამაშებს ატარებდა. 40 წლამდე ფეხბურთი ასეთ დონეზე შეიძლება ითამაშოს მეკარემ, ან ცენტრალურმა მცველმა (თუ, რა თქმა უნდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ არის), მარჯვენა მცველისთვის კი, რომელსაც წინ და უკან ბევრი სირბილი სჭირდება, ეს, რბილად რომ ვთქვათ, მოულოდნელი ამბავია. ბოლო დროს მას არცთუ იშვიათად გამთამაშებლის პოზიციაზეც ვხედავდით. მარტივად რომ ვთქვათ: ოდიკაძე იყო ყველგან, სადაც მის გუნდებს სჭირდებოდათ.

"ოდომ", როგორც მას ქართულ საფეხბურთო რეალობაში იცნობენ, 25-წლიანი (!) კარიერა ახლახან, რამდენიმე დღის წინ დაასრულა. შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს, რომ ფეხბურთს ამ დრომდე თამაშობდა. მისი აქტიური საფეხბურთო თავგადასავალი 1996 წელს, სტუ თბილისში დაიწყო და 2021 წელს შევარდენში დასრულდა. საჩხერეში გააცილეს, ჩიხურასთან მატჩით და ეს იმერული კლუბის ინიციატივით მოხდა. მას ჩიხურას რიგებში არაერთი დასამახსოვრებელი სეზონი აქვს გატარებული და მადლობაც ამ ჟესტით გადაუხადეს.

დავით ოდიკაძე ფეხბურთიდან ჩიხურასთან მატჩის დროს გააცილეს
📸 | Mishiko Kankia Photographyშევარდენი

ოდიკაძე რამდენიმე დღეში 40 წლის ხდება. "პოპსპორტი" მასთან ყველაფერზე სასაუბროდ ამაზე უკეთეს დროს ვერ შეარჩევდა. 

"ჩემი ახლანდელი განცდების სიტყვებით გადმოცემა ძალიან ძნელია, - ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი, - ხვალ რომ გავიღვიძებ და აღარც ვარჯიში მაქვს და აღარც თამაში, ეს ჯერ კიდევ არ მაქვს გაცნობიერებული. ჩემთვის ამის გაცნობიერება ადვილი არ არის. ამიტომ, ყველას ვთხოვ, რომ ფეხბურთი იქამდე ითამაშონ, სანამ შეეძლებათ. რეალურად, კარიერას მხოლოდ და მხოლოდ ასაკის გამო ვამთავრებ. წასვლა გადავწყვიტე მაშინ, როცა მივხვდი, რომ ვეღარ შევძლებდი ისე თამაშს, როგორც მინდოდა და როგორც გუნდს სჭირდებოდა."

რა თქმა უნდა, ფეხბურთში რჩება, რადგან ცხოვრება ფეხბურთის გარეშე ვერ წარმოუდგენია და ეს, ერთი შეხედვით ბანალური სიტყვები, ოდიკაძისგან ყველაზე არაბანალურად, აბსოლუტურად გულახდილად ჟღერს: "მთელი ცხოვრება ფეხბურთში ვარ და უკვე შევარდენის სპორტული დირექტორიც გახლავართ. მოკლედ, ამ სფეროში ვრჩები!"

პირველ მადლობას საჩხერის ჩიხურას უხდის, სადაც 25-წლიან კარიერაში ყველაზე დიდხანს ითამაშა: "მადლობა მათ დაფასებისთვის. მაგრძნობინეს, რომ რაღაც გამიკეთებია. თორნიკე შალამბერიძე მუშაობს ჩიხურაში და მინდა, პირდადად მას ვუთხრა მადლობა იმისთვის, რაც საჩხერეში დამხვდა. როდესაც გაიგეს, რომ ფეხბურთიდან მივდიოდი, დამირეკეს და მითხრეს, გვინდა ფეხბურთიდან გაგაცილოთო. მადლობა ამისთვის, რადგან დაუვიწყარი დღე მაჩუქეს. მადლობა დინამო თბილისის ყველა გულშემატკივარს, ვინც გვერდით მედგა, ვინც იმის მონდომება მომცა, რომ მიმეღწია თუნდაც ამ ძალიან ცოტასთვის, რასაც მივაღწიე."

ოდიკაძემ საქართველოს ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგებში 472 მატჩი ჩაატარა
📸 | შევარდენი

ქართულ რეალობაში იშვიათია შემთხვევები, როცა ფეხბურთელის პროფესიული კარიერა 40 წლამდე გაგრძელდეს. ოდიკაძის თქმით, მთავარი საქმის სიყვარულია და სწორედ ამის ხარჯზე მოახერხა, რომ ასეთი ხანგრძლივი კარიერა ჰქონოდა: "საქმე, რასაც აკეთებ, აუცილებლად ძალიან უნდა გიყვარდეს. როდემდეც შეეძლებათ, უნდა ითამაშონ, რადგან ფეხბურთი მარტო ბურთი და მოედანი არ არის, ეს ცხოვრებაა. ფეხბურთმა შეიძლება იმდენი სითბო და სიყვარული მოგცეს, სხვაგან რომ ვერ ნახავ."

ოდიკაძე თავის დროზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის მთავარ გუნდში 15-ჯერ უთამაშია. მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სადებიუტო თამაშია: "ჩემთვის საქართველოს ნაკრები ყველაფერს ნიშნავდა, მაგრამ როდესაც ფეხბურთის ყურება დავიწყე და შემიყვარდა, მხოლოდ დინამო თბილისი ვიცოდი. ეს გუნდი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო წინ ვაყენებ. ეროვნული ნაკრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი სადებიუტო თამაში იყო, რომელიც ლიეტუვასთან 1:0 მოვიგეთ, ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა."

საქართველოს ნაკრები - მაინცში, ირლანდიასთან მატჩის წინ [2008]

საქართველოს ნაკრებში მას ყველაზე ხშირად ექტორ რაულ კუპერი იწვევდა და ენდობოდა. ოდიკაძე არგენტინელს ძალიან კარგ პიროვნებად მიიჩნევს: "კუპერს ჩემი დახასიათება არ სჭირდება, მაგრამ რამდენადაც მაგარი მწვრთნელი იყო, იმდენად კიდევ უფრო მაგარი ადამიანი გახლდათ." - ასე იხსენებს კუპერს.

კუპერის გარდა, სხვა ბევრ მწვრთნელთანაც უმუშავია, მაგრამ სამი მათგანი განსაკუთრებით გამოყო - სოსო ფრუიძე, გიორგი დევდარიანი და კახა ცხადაძე: "ბავშვობის წლებში ბევრი მწვრთნელი მყავდა, მაგრამ ამ პერიოდს თუ არ გავიხსენებთ, მაშინ კახა ცხადაძეს, გიორგი დევდარიანსა და სოსო ფრუიძეს გამოვყოფდი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს კარიერაში. კუპერის გარდა, უცხოელებიდან ალექს გარსიას გამოვარჩევდი."

"ოდო" ნაკრებში 10 ნომერიც იყო

მისთვის განსაკუთრებით ბევრს დინამო თბილისი ნიშნავს და არ მალავს, რომ ეს კლუბი ყველაზე ძვირფასია: "როცა გავიგე, რომ დინამო თბილისს ვუნდოდი, მაშინ უკვე ყველაფერი გონებაში დამიტრიალდა და დასრულდა, კარგი გაგებით. ჩემთვის დინამო თბილისი დღემდე ყველაზე ძვირფასია. ბავშვობაში ოცნებაშიც ვერ ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ამ გუნდის მაისურით დინამოს სტადიონზე მეთამაშა. როდესაც მითხრეს, რომ დინამოში უნდა გადავსულიყავი, მარტო მე კი არა, მგონი, ყველა ოდიკაძე ტიროდა სიხარულისგან".

ოდიკაძე კარიერის პიკსაც დინამო თბილისს უკავშირებს. მისი აზრით, ამაზე მაღლა არაფერი იყო. ასევე გამოყოფს ბაქოს ინტერის პერიოდს, სადაც 2009-2011 წლებში კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით ითამაშა: "კარიერის პიკზე დინამოს არ შევეხები, რადგან ეს გუნდი და ეს პერიოდი ჩემთვის ცალკე დგას, კარიერის პიკი ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ დინამოში მიმიწვიეს. თუმცა, მერე ყველაზე კარგ ფორმაში ალბათ ბაქოს ინტერში ვიყავი, როცა კახა ცხადაძემ წამიყვანა."

დავით ოდიკაძე მარჯვენა მცველი იყო და სტანდარტულ სიტუციებს ძალიან კარგად ასრულებდა. მისი მეტსახელი "ოდო" ალბათ ყველას ცნობილ იტალიელ მარჯვენა მცველს, მასიმო ოდოს ახსენებს - მილანისა და ლაციოს ყოფილ ფეხბურთელს, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონს. "როცა ოდო შემარქვეს, იტალიელის შესახებ არაფერი ვიცოდი. მასიმო ოდომდე ალბათ 200-300 წელი კიდევ მჭირდება. ეს მეტსახელი უბანში დამარქვეს, მაშინ მასიმო ოდო საერთოდ არ ვიცოდი, ვინ იყო. შემდეგ, როცა გავიგე, უბრალოდ მიხაროდა ასეთი დამთხვევა. პენალტების შესრულებას რაც შეეხება: ამ კომპონენტზე თუ ბევრს ვარჯიშობ, ვერ გაიტან, ბევრი ნერვიულობაა და იმიტომ. იმ მომენტში თუ მშვიდად ხარ და დარწმუნებული ხარ, რომ გაიტან, მაგ დროს უნდა დაარტყა პენალტიც და ჯარიმაც. ბევრი ვარჯიში იმიტომ არ უნდა, რომ იმ წამს, იმ მომენტში, შენს თავში უნდა იყო დარწმუნებული", - მიაჩნია ოდიკაძეს.

უელსთან ამხანაგურ მატჩში [2008]

მისი კარიერიდან დაუვიწყარია 2014 წელს, ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩიხურას შემადგენლობაში თურქული ბურსასპორის დამარცხება. მაშინ ორივე მატჩი უგოლოდ დასრულდა და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელიც სოსო ფრუიძის გუნდმა 4:1 მოიგო და შენოლ გიუნეშის ბურსა ტურნირიდან სენსაციურად გააგდო:

"ყველაზე დაუვიწყარი საჩხერის ჩიხურაში ბურსასპორთან გამარჯვებაა. ორ გუნდს შორის ამხელა სხვაობის პირობებში, თუ ვინმესთან მითამაშია, ყოველთვის მეტოქეს მოუგია. ჩიხურა და ბურსა ყველაფრით ძალიან განსხვავდებოდნენ. დღემდე მგონია, რომ მხოლოდ მონდომებით და ერთად დგომით მოვიგეთ. იმ დროს კარგად ვიყავით შეთამაშებული, ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობდით. თამაშამდე ვთქვით, რომ მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ბურსამ უნდა მოგვიგოს, ამაში უცნაური არაფერი იქნებოდა, მაგრამ იქნებ შევძლოთ ერთად დგომით, მონდომებით... ძალიან გვინდოდა დადებითი შედეგის მიღწევა და შევძელით კიდეც. მომდევნო ეტაპზე ნეფთჩისთან გამარჯვებაც შეგვეძლო", - იხსენებს დავითი.

📺 ჩიხურას გამარჯვება ბურსასპორთან

დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, ქუთაისის ტორპედოში არ გადავიდოდა. როგორც გვითხრა, მხოლოდ ამ გადაწყვეტილებას ნანობს - მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისსა და ტორპედოს დიდ პატივს სცემს. მიზეზიც დაასახელა: "ტორპედოში არ წავიდოდი. დინამო თბილისში რომ ვთამაშობდი, ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობდა, ჩემს გვერდით იყვნენ ძალიან რთულ მომენტშიც და ერთი წამით ჩემთვის ზურგი არ შეუქცევიათ. ამ ადამიანებისთვის გული არ უნდა გამეტეხა. მხოლოდ ამას შევცვლიდი, იმ ბიჭების გამო, ვინც დინამოს გულშემატკივრობს. თუმცა, ტორპედოს პატივს ვცემ, მეც იმერელი ვარ და ქუთაისში ბევრი ნათესავი მყავს."

დელ პიერო და ოდიკაძე

მას ბევრ მაღალი დონის ფეხბურთელთან უთამაშია, როგორც კლუბებში, ისე საქართველოს ნაკრებში. თუმცა, საუკეთესოდ ორ მათგანს მიიჩნევს და გვარებიც შეყოვნების გარეშე დაგვისახელა, ისევე როგორც საუკეთესო მოწინააღმდეგე: "გოჩა ჯამარაული და გიორგი ნემსაძე - მათი სურათები ბავშვობაში ოთახში მქონდა და მადლობა ღმერთს, რომ მათთან ერთად თამაში მომიწია. რაც შეეხება მეტოქეებს: მარადონას ვეთამაშე ამხანაგური თამაში და ამით ყველაფერი ნათქვამია. მაგრამ იმ მომენტში მოქმედი ფეხბურთელებიდან ვის წინააღმდეგაც მითამაშია, ალესანდრო დელ პიეროს გამოვყოფ," - განაცხადა ოდიკაძემ.

მარადონას წინააღმდეგ 2008 წელს ითამაშა - თბილისში, როდესაც ფეხბურთის ღმერთი საქართველოში ამხანაგური მატჩის გასამართად ჩამოვიდა და მაშინ მინდორზე ვეტერანებთან ერთდ მოქმედი ფეხბურთელებიც იყვნენ, მათ შორის ოდო, რომელიც მარადონაზე განსაკუთრებით თბილად ლაპარაკობს: "ფეხბურთით ვცხოვრობ და ორი სიტყვით დავახასიათებ - ყველაზე დიდი. მერწმუნეთ, არაფერი მახსოვს იმ თამაშიდან. თამაშის მერე რომ მკითხეს, რას აპირებო, ვუპასუხე - რაღა უნდა დავაპირო, მარადონას ფეხბურთი ვეთამაშე, კარიერას ვასრულებ-მეთქი. ასეთი ნაბიჯი უნდა გადამედგა (იცინის). ძალიან კარგი ადამიანი იყო, ყველასთან ძალიან უშუალო იყო და ამიტომაც ვამბობ, რომ ძალიან დიდია."

ოდიკაძეს მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში (სხვადასხვა ლიგებში) 76 გოლი აქვს გატანილი და მისი სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამის მიუხედავად, კარიერიდან ისეთი გოლი გამოარჩია, რომელიც ოფიციალურ სტატისტიკაში ასახული არ არის, რადგან მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში გაიტანა. თუმცა, ეს ძალიან მნიშვენლოვანი იყო - პირველი პენალტი ბურსასთან შეხვედრაში: "სიმართლე გითხრათ, როცა მითხრეს, ამდენი გოლი გაქვს გატანილიო, გამიკვირდა. მახსოვს ჩემი პირველი გოლი დინამოში, რომელიც ვიტ ჯორჯიას გავუტანე და მაშინ ყველაზე ბედნიერი ვიყავი. თუმცა, მაინც ბურსასთან პენალტების სერიაში გატანილ გოლს გამოვარჩევდი, იმიტომ რომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო."

ოდიკაძე ირლანდიელი სტეფენ ჰანტის წინააღმდეგ [2008]

ოდიკაძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩების შეფასებაც ვთხოვეთ. მისი აზრით, გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და მომავალში ქართველ გულშემატკივარს აუცილებლად გაახარებს: "ბაიერნის გულშემატკივარი ვარ და ვილი სანიოლი, როგორც ფეხბურთელი ძალიან მიყვარს. არაერთი ღამე აქვს გათენებული მის გულშემატკივრობაში. სამივე თამაში ძალიან მაგრად ითამაშეს და მწვრთნელის ხელი უკვე დაეტყოთ. შედეგის მოსვლას კი დრო სჭირდება. სანიოლმა ამ სამ თამაშში იმდენი რამ გააკეთა, რომ შედეგი აუცილებლად მოვა. პლუსი ის იყო, რომ გუნდს ბევრად უფრო მაგრად უნდოდა მოგება და ეს მწვრთნელის დამსახურებაცაა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები ბევრჯერ გაგვახარებს", - ფიქრობს ოდო.

საქართველოს ნაკრებში კარგი დებიუტი ჰქონდა გურამ გიორბელიძეს, რომელიც ოდიკაძის პოზიციის ფეხბურთელია, ოღონდ საპირისპირო ფლანგზე. ამიტომაც, მისი თამაში შევაფასებინეთ: "სადებიუტო მატჩების ასეთ დონეზე ჩატარება ძალიან ძნელია. ისეთი განცდა მქონდა, რომ დიდი ხანია, ნაკრებში თამაშობს. გიორბელიძე ძალიან მაგარი ბიჭია, თამაშში ეტყობა, რომ ეს საქმე მაგრად უყვარს და ბევრს მიაღწევს. დიდ წარმატებებს და ასე გაგრძელებას ვუსურვებ."

რაც შეეხება ქართული ფეხბურთის მთავარ იმედ ხვიჩა კვარაცხელიას: "ისეთი მაგარი ფეხბურთელია, სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან მაგრად ითამაშებს. ხვიჩა არის ერის ოქრო! ბევრ კომენტარს ვუსმენ, რომ ჯერ ნუ ავკიდებთ დიდ ტვირთს, მაგრამ მე მგონია პირიქით - უნდა ვუთხრათ, რომ ის არის ერის ოქრო, რომ მასზეა დამოკიდებული ჩვენი ნაკრები და მაგრად უნდა მიაწვეს. ისეთი ბიჭია, მჯერა ასეც იზამს. როგორც ბაიერნის გულშემატკივარს, ძალიან გამიხარდება, მიუნხენურ გრანდში რომ გადავიდეს, მაგრამ მილანში, იუვენტუსში თუ ბაიერნში, ყველგან თავის სიტყვას იტყვის, რადგან ძალიან მაგარია, ძალიან ნიჭიერია და რაც მთავარია, თავის საქმე უყვარს!" - ამბობს ოდიკაძე.

დავით ოდიკაძე, დავით მუჯირი და ლევან ყენია [2008]

დავით ოდიკაძემ საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით სხვადასხვა ლიგებში 472 მატჩი ჩაატარა და 76 გოლი გაიტანა. ეროვნული ნაკრების მაისური მან 15-ჯერ მოირგო. საკლუბო დონეზე არაერთ გუნდში ითამაშა, ყველაზე დიდხანს დინამო თბილისსა და საჩხერის ჩიხურაში იყო. გარდა ამისა, სტუ-ში, შევარდენში, თბილისში, კოლხეთში, სამტრედიაში, გურიაში, ზესტაფონში, ბაქოს ინტერსა და უნგრულ დიორ ეტოში ითამაშა. ოდიკაძე ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (2005, 2008) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2006, 2014), ხოლო ერთხელ აზერბაიჯანის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა (2010).

კომენტარები

ბოლო ამბები