Thumbnail

საქართველოს ჩემპიონატის მე-7 ტური თელავში გამართული მატჩით დასრულდა. დინამო ბათუმმა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად თელავი 2:1 დაამარცხა და დინამო თბილისს ისევ 1-ქულიან დისტანციაზე მიუახლოვდა.

თამაში საკმაოდ აქტიურად და მაღალ ტემპში დაიწყო. თელაველები პრესინგს მიმართავდნენ და ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობის დაუფლებას ცდილობდნენ. სწორედ ეს იყო ბათუმელთა მიზანიც და შედეგად, საწყისი წუთებიდანვე ინტენსიური ფეხბურთი ვნახეთ.

პირველი საგოლე მომენტი მე-16 წუთზე შეიქმნა - გატანა სტუმრებს შეეძლოთ: საჯარიმოს მისადგომებიდან ბენჟამინ ტეიდის დარტყმის შემდეგ ჩოჩიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. მომდევნო წუთებში ბათუმელების პრესინგი უფრო აქტიური გახდა და გია გეგუჩაძის გუნდის უპირატესობა გამოიკვეთა - აღსანიშნავია გიორგი ფანცულაიას დარტყმა 22-ე წუთზე, რომლის შემდეგაც ბურთ მასპინძელთა კარს მცირე მანძილით ასცდა. თელაველები უფრო კონტრშეტევების იმედად ყოფნის რეჟიმში გადავიდნენ.

მარჯვენა მცველი მარცხენა მცველის წინააღმდეგ - ჩაბრაძის და შერგელაშვილის ორთაბრძოლა პირველ ტაიმში

35-ე წუთზე დინამო ბათუმს მეორე რეალური მომენტი შეექმნა: სანდრო ალთუნაშვილის დარტყმის შემდეგ ჩოჩიშვილმა ბურთი ბრწყინვალე ნახტომით მოიგერია. პირველი ტაიმის მიწურულს კი შოთა შეყილაძეს მიეცა ძალიან კარგი შანსი, რომ თელავი წინ გაეყვანა - მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი ლაშა შერგელაშვილმა, ჩვეულ სტილში, ძალიან მაგარი ჯარიმა დაარტყა და ბურთი კუპატაძის კარის ხარიხას მოხვდა!

უგოლო ტაიმის შემდეგ, მატჩის მეორე ნახევარიც პირველის იდენტური სცენარით დაიწყო - თელავი ფრეზე თამაშს არ აპირებდა და დინამო ბათუმიც მხოლოდ 3 ქულისთვის იბრძოდა.

თამაშის დაწყებიდან ზუსტად ერთ საათში ბათუმელებმა 2 წუთში 2 გოლი გაიტანეს: 59-ე წუთზე მამუჩაშვილის ჯარიმა ჩოჩიშვილმა კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე კარგად ითამაშა ჯიღაურმა და დინამო დააწინაურა; მე-60 წუთზე კი ალთუნაშვილმა საჯარიმოში ყველას დაასწრო და ანგარიში 0:2 გახადა!

მამუჩაშვილი ჯიღაურს გოლს ულოცავს

6 წუთში თელავმა სხვაობის შემცირება მოახერხა: კონტრშეტევაზე შეყილაძემ მარჯვენა ფლანგიდან გონივრული პასით მოძებნა რატი არდაზიშვილი, რომელმაც კუპატაძეს შანსი არ დაუტოვა - 1:2.

გოლის შემდეგ თელავმა უფრო აქტიურად და აგრესიულად შეუტია. 81-ე წუთზე შერგელაშვილს ისევ მიეცა გატანის შანსი - მისი კიდევ ერთი მაგარი ჯარიმა კუპატაძემ მოიგერია. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა აღსანიშნავია, რომ სულ ბოლო წამზე თელაველებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ - ბურთი კუპატაძის კარს ძალიან მცირე მანძილით ასცდა.

გია გეგუჩაძის გუნდი 7 ტურის შემდეგ 15 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ დინამო თბილისს 1 ქულით ჩამორჩება. თელავი 6 ქულით მე-8 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში დინამო ბათუმი 12 აპრილს წყალტუბოს სამგურალს შეხვდება, თელაველები კი გორის დილას უმასპინძლებენ.

თელავი 1:2 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 ჯიღაური (59), 0:2 ალთუნაშვილი (60), 1:2 არდაზიშვილი (66)

თელავი (3-5-2): ჩოჩიშვილი - ძოწენიძე, თევზაძე, ბერიაშვილი (88. აშორტია) - მარაქველიძე (65. კაპანაძე), ჯიქია (65. კოხრეიძე), ბაიბალაევი, ჯანელიძე, შერგელაშვილი - არდაზიშვილი, შეყილაძე.

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - მამუჩაშვილი (91. გროცურეკი), ტეიდი - ალთუნაშვილი, ჯიღაური (82. ჩუკვურა), ფანცულაია (65. მანჯგალაძე) - ნიქაბაძე (82. შინდაგორიძე).

კომენტარები

ბოლო ამბები