Thumbnail

პოპულარულმა სპორტულმა საიტმა Last Word on Sports-მა (LWOS) სარაგბო ექვსი ერის ფორმატის ცვლილებას ანალიტიკური სტატია მიუძღვნა, რომელშიც LWOS ამტკიცებს, რომ 6 ერის ხელმძღვანელობის მხრიდან დღევანდელი სტატუს ქვოს შენარჩუნება გაუმართლებელია...

2018 წ. იტალია v საქართველო. ქართველი გულშემატკივრები 'არტემიო ფრანკიზე'

"ექვსი ერის წლევანდელი პირველობა დასრულებულია, ხოლო რაგბი ევროპის ჩემპიონატში ზაფხულამდე პაუზაა, მაგრამ ის უსამართლო სტატუს ქვო, რომელიც კვლავ შენარჩუნებულია ამ ორი ტურნირის გზაგასაყარზე, კითხვის ნიშნებს აჩენს. ერთი მხრივ იტალია, იმასაც ვერ აჩვენებს, რისი იმედებიც ჰქონდათ და მეორე მხრივ, საქართველო აგრძელებს დომინირებას. რამდენ ხანს შეიძლება იყოს ეს სტატუს ქვო გამართლებული?

იტალია v საქართველო [შედარება]. LWOS

იტალია

  • ზედიზედ მე-6 'ხის კოვზი'
  • ზედიზედ 30 მარცხი
  • ქულების სხვაობა 2021-ში - მინუს 184

ეს არის უმარტივესი ფაქტები და არაფერში აღარ ჯდება საუბრები იმაზე, რომ იტალია ვითარდება, მას უბრალოდ დრო ესაჭიროება. ამ გუნდს არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ 6 ერში ადგილი შეინარჩუნოს.

საქართველო

  • 19 გამარჯვება ზედიზედ
  • 3 გრანდ სლემი (მე-4 თითქმის გარანტირებულია)
  • ტურნირზე ბოლოს 4 წლის წინ დამარცხდა რუმინეთთან ქულის სხვაობით

გასულ კვირას ყველამ ვნახეთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" 14 კაცით დამაჯერებლად დაამარცხეს რუმინეთის ნაკრები. მაგრამ ეს გუნდი კვლავ ამ ტურნირზე რჩება, რადგან 6 ერისგან აგურის კედელი აშორებს.

📋 მეტი ამ თემაზე

ამ ეტაპზე სტატუს ქვოს გამართლების სანახევროდ გულწრფელი მცდელობები ყველას მოწყინდა. თითქოს, 8 ერმა გამოაჩინა, რომ საქართველოს არ შეუძლია გრანდებთან ჭიდილი, მაგრამ ამ გუნდს მოსამზადებლად 1 კვირაც კი არ ჰქონდა, იქ ხომ სხვის ნაცვლად დაუძახეს. და მერე, რა შეიძლება იყოს იტალიის გამოსვლაზე უარესი. არავინ იცის, როგორ ითამაშებდა საქართველოს ნაკრები მუდმივი გამოცდილება რომ ჰქონდეს ტოპ გუნდებთან თამაშის. ასე რომ, ეს "არგუმენტი" ნაგავში მოსასროლია!

როცა 5ტურის შემდეგ 6-გუნდიან ტურნირზე უკანასკნელ ადგილზე ხართ ყველა წაგებით ამ ტურნირზე არაფერი გესაქმებათ. ასე რომ, პლეი ოფი გამართლებულია. ისე, როგორც ეს ხდება რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლოადგილოსანსა და რაგბი ევროპის ტროფეის გამარჯვებულს შორის.

იტალიას ადგილს ინვესტიციების გამო უნარჩუნებენ

როცა სპორტული არგუმენტები გამოელევათ, საქმეში ფული ერევა. CVC-ის ახალი ხელშეკრულებით იტალია კიდევ 30 მილიონ სტერლინგს მიიღებს. იტალია ფინანსურ უპირატესობას იყენებს, მაგრამ ჩვენი აზრით, ეს სუსტი არგუმენტია. 

მარტივი გამოსავალია, რომ 6 ერის თითოეულმა წევრმა გადადოს 3-3 მილიონი დაწინაურებული გუნდისთვის. თუ იტალია ნოემბერში მოიგებს პლეი ოფს, 18 მილიონი მას დარჩება, თუ საქართველო სენსაციას შემოგვთავაზებს, ეს ფული საქართველოს რაგბის კავშირს 6 ერის პირველობისთვის მოსამზადებლად გამოადგება. იტალიას თავისი ფული მაინც რჩება. 

იტალიას უნდა დარჩეს სტრუქტურის შენარჩუნების გარანტია, ისე, რომ სხვა გუნდის განვითარება არ შეფერხდეს. გავიხსენოთ, რომ 6 ერის დახურულ სივრცეში სხვა ქვეყნებსაც აქვთ მომავალში მოხვედრის ამბიცია. რუსეთს მსოფლიოს თასის ჩატარება სურს. 144-მილიონიანი ქვეყანა, როგორ ფიქრობთ, იტალიის დარ ინვესტიციებს ვერ გაიღებს? ან ესპანეთი ავიღოთ, დასავლეთ ევროპული ქვეყანაა, არანაკლები ფინანსური შესაძლებლობებით. ასე რომ, მხოლოდ ფინანსური არგუმენტებით იტალია თავს ვერ დაიძვრენს.

პორტუგალია, როგორც მაგალითი იტალიისთვის

არავინ იცის, რა მოხდება ტურნირზე და როგორ იასპარეზებს საქართველო, სანამ მას ამ შანსს არ მივცემთ. ეს კარგი იქნება იტალიისთვისაც. პორტუგალიის მაგალითზე ვიტყვით: რაგბი ევროპის ჩემპიონატის კარგი გუნდი ერთხელაც დაქვეითდა. პორტუგალიელებმა სწორი დასკვნები გამოიტანეს, დაბრუნდნენ და ახლა მსოფლიოს თასის საგზურისთვის იბრძვიან. დიახ, ფინანსურად დიდი სხვაობაა პირველი და მეორე დონის გუნდებს შორის, ვიდრე ეს მეორე და მესამე დონის შორის არის, ამ შენიშვნას ვიღებთ, მაგრამ პრინციპი სამაგალითოა და ეს პორტუგალიამ დაამტკიცა. 

დღეს 6 ერში ბევრს სურს აირიდოს სტატუს ქვოსთან დაკავშირებული უსიამოვნო საუბრები და დარჩეს ყველაფერი ძველებურად, მაგრამ უახლოეს ხანებში ამაზე საუბარი არ შეწყდება, პირიქით გაძლიერდება და ეს ასეც უნდა იყოს".  

კომენტარები

ბოლო ამბები