Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრები 9 აპრილს ევრო 2022-ის შესარჩევი ეტაპის უმნიშვნელოვანეს მატჩში საფრანგეთს უმასპინძლებს და კარგი ამბავი ისაა, რომ ავთანდილ ასათიანის შეგირდებს გულშემატკივრებიც მხარდაჭერაც დაეხმარებათ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადების თანახმად, დარბაზში ქომაგების 30% დაიშვება:

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • ფრე
  • საფრანგეთი

“საქართველო-საფრანგეთის მატჩზე დასასწრებად შესაბამისი რეგულაციები იმოქმედებს. თამაშს გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება, რაც დარბაზის საერთო ტევადობის 30%-ს მოიცავს. კოვიდ-პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ბილეთების რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში, 8 აპრილს, 15:00 საათიდან TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 5 ლარია. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ქვეყანაში არსებული რეგულაციების დასაცავად და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად, გულშემატკივრებს მოვუწოდებთ დარბაზში დროულად მობრძანდნენ. შესასვლელები გაიღება 16:00 საათიდან, შესვლამდე მოხდება გულშემატკივრების თერმოსკრინინგი, დარბაზის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება, ტრიბუნაზე დაბლოკილი ადგილები აღნიშნულია სტიკერით, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს მხოლოდ ის ადგილი, სადაც დასაშვებია დაჯდომა”.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი აცხადებს, რომ პრინციპულ თამაშში ქომაგების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ის ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ესაუბრა:

“ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ესპანეთთან ვნახეთ, რამხელა მუხტი იყო, ჩვენს ნაკრებს გულშემატკივარი რომ ქომაგობდა. დარწმუნებული ვარ, დარბაზის ტევადობის 30%-ის დაშვებაც შექმნის იმ მუხტს, რომელიც ჩვენს გუნდს გამარჯვებაში დაეხმარება და ერთად ვიზეიმებთ წარმატებას“.

საქართველოს ფუტსალის ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის

4 ტურის თავზე, ევროპირველობის მე-2 საკვალიფიკაციო ჯგუფში ამგვარი ვითარებაა შექმნილი: ლიდერ რუსეთს ოთხივე მატჩი მოგებული აქვს და აქტივში 12 ქულა გააჩნია, საქართველო 7 ქულით მეორეა, შემდეგ კი, საფრანგეთი (2) და სომხეთი (1) მოდიან. ამგვარად, ასათიანის გუნდი საფრანგეთთან გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას პრაქტიკულად მოიპოვებს, რადგან მინიმუმ 10 ქულა საუკეთესო 6 მეორეადგილოსანში მოსახვედრად ალბათ, საკმარისი იქნება.

ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ნიდერლანდებში ჩატარდება, 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 8 ჯგუფის გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს, კიდევ ერთი ადგილის ბედს ორი უარესი მეორეადგილოსნის ორრაუნდიანი დაპირისპირება გადაწყვეტს. ამ 15 ნაკრებს მასპინძელი ნიდერლანდები დაემატება, რომელიც ფინალურ ეტაპს 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ამსტერდამსა და გრონინგენში მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები