Thumbnail

ინდიანა პეისერსის მთავარი მწვრთნელი ნეიტ ბიორკგრენი 21 წლის გოგა ბითაძის მინესოტა ტიმბერვულვზთან თამაშს გამოეხმაურა და მას მაღალი შეფასება მისცა. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მაილს ტერნერისა და ლიეტუველი დომანტას საბონისის ტრავმების გამო, ქართველი ცენტრი ინდიანელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და თავი ნამდვილად არ შეურცხვენია. ბიორკგრენმა ქართველ კალათბურთელზე მატჩისშემდგომ ინტერვუში ისაუბარა:

“თამაშამდე გოგას ბევრი ვესაუბრე და ყურადღება შექმნილ სიტუაციაზე გავამახვილე. მოგეხსენებათ, ამ მატჩის წინ არც მაილს ტერნერი გვყავდა და არც – დომანტას საბონისი. ვუთხარი, მოედანზე როგორ უნდა გადაადგილებულიყო, რომ მოხსნებზე კარგად ემუშავა და სამწამიანი ზონა დაეცვა. მას კარლ ენტონი ტაუნსის წინააღმდეგ თამაში მოუხდა და ეს, დიდი გამოწვევა იყო. დასაწყისში ჯარიმები აიღო და უფრთო ფრთხილად თამაში მოუწია, თუმცა, მისით ნამდვილად ვამაყობ. ბითაძე ამ შანსს ფაქტობრივად მთელი სეზონი ელოდა. იყო მატჩები, როდესაც საერთოდ არ უთამაშია, შემდეგ, 10 ან 14 წუთს იღებდა, ახლა კი, სასტარტო ხუთეულში მოხვდა. შემიძლია ვთქვა, რომ გოგა ყოველდღიურად რაღაცას სწავლობს და უკეთესი ხდება, რაც არა მხოლოდ მისთვის, არამედ, სრულიად გუნდისთვისაც ძალიან კარგია”.

შეგახსენებთ, რომ პეისერსმა მინესოტას 140:137 სძლია, ბითაძემ კი სეზონისთვის სარეკორდო 25 წუთში კარიერაში ყველაზე მეტი 14 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. ინდიანა 23 მოგებითა და 27 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 10 აპრილს ორლანდო მეჯიქთან ჩაატარებს და თუკი ლიდერები ვერ მომჯობინდნენ, იქნებ, ბითაძეს ისევ სოლიდური სათამაშო დრო მიეცეს.

📺 გოგა ბითაძე მინესოტასთან მატჩში

კომენტარები

ბოლო ამბები