Thumbnail

გოგა ბითაძეს NBA-ში უფრო და უფრო მეტი სათამაშო დრო ეძლევა!

ინდიანას 21 წლის ქართველი ცენტრი ჩიკაგოსთან 18:39 წუთი ათამაშეს. სამწუხაროდ, პეისერსი ბულსთან 97:113 დამარცხდა, რაც მეტწილად იმის ბრალია, რომ მასპინძლებს მალკოლმ ბროგდონისა და დომანტას საბონისის სახით ტრავმების გამო ორი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე აკლდათ. მესამე პერიოდში ტრავმა მიიღო პეისერსის ძირითადმა ცენტრმა მაილს ტერნერმაც და შესაბამისად, ბითაძეს მეტი დრო მიეცა.

გოგამ 4 ქულა, 3 მოხსნა (2 შეტევაში, 1 დაცვაში) და 6 პასი დააგროვა. მას 1 ჩაჭრა და 3 დაფარებაც ჰქონდა, +/- კოეფიციენტი კი -12 გამოუვიდა. ბითაძემ 3-ჯერ სცადა ორქულიანის ჩაგდება და ეს ორჯერ მოახერხა. ასევე, სამქულიანის ჩაგდების 3 მცდელობა ჰქონდა, თუმცა სამივე უშედეგო, ჯარიმები კი არ უსვრია. აღსანიშნავია, რომ NBA-ს მატჩში ბოთაძემ 6 ასისტი პირველად გააკეთა.

მატჩის ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე ნიკოლა ვუჩევიჩი გახლდათ - მან 32 (14/29) ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა (პლუს 5 ასისტი). ბულსმა პირველი ტაიმი 62:49 მოიგო და უპირატესობა არც მეორე ნახევარში გაუშვა ხელიდან. იყო მომენტი, როცა ინდიანამ სხვაობა -9-მდე შეამცირა, მაგრამ ამას ჩიკაგოელთა 9:0 გაქცევა მოჰყვა.

49 თამაშის შემდეგ, 22 გამარჯვებით და 27 მარცხით ინდიანა პეისერსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა და ჩიკაგოს (21-28) მიახლოების საშუალება მისცა. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 8 აპრილს, მინესოტასთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები