Thumbnail

ვინისიუსის დუბლით - რეალი ნახევარფინალთან ერთ ნაბიჯშია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგაზე 1/4-ფინალური ეტაპი დაიწყო და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი დაპირისპირება მადრიდში შედგა, სადაც რეალმა ლივერპულს უმასპინძლა. ამ გუნდების მდიდარი ისტორიიდან გამომდინარე თამაშისადმი ინტერესი ძალზე დიდი იყო. სხვა თუ არაფერი, ისინი ორჯერ ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში შეხვედრიან: 1981 წელს ინგლისელებმა იმარჯვეს (1:0), 2018 წელს კი ესპანელებმა (3:1).

ამგვარად, ლივერპულს ახლა სარევანშოდ ჰქონდა საქმე, ისევე როგორც იურგენ კლოპს, რომელსაც ზინედინ ზიდანის წინააღმდეგ აქამდე ერთხელ გაეყვანა გუნდი სათამაშოდ და 3 წლის წინ კიევურ ფინალში მარცხი განიცადა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ბაიერნი
  • ფრე
  • პსჟ

რეალი უკეთეს ფორმაში შეხვდა თამაშს, 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით. მეორეს მხრივ, პრობლემებით, განსაკუთრებით დაცვის ცენტრში, სადაც სერხიო რამოსი ტრავმისა და რაფაელ ვარანი კორონავირუსის გამო დააკლდა. ლივერპულს კი პრობლემური სეზონი აქვს და პრემიერლიგაში რთულ ვითარებაშია, ამდენად სეზონის გადარჩენის ერთადერთი შანსი ჩემპიონთა ლიგაა. უნდა ითქვას, რომ ინგლისელებსაც სერიოზული დანაკლისი აქვთ და საკადრო პრობლემები არც კლოპს აკლია.

მოცემულ ვითარებაში კი "სამეფო კლუბმა" მეტოქე აშკარად დაჯაბნა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მატჩის გმირი კი ბრაზილიელი ვინისიუს ჟუნიორი იყო, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში პირველად დუბლი შეასრულა. ვინისიუსმა ანგარიში ტონი კროოსის ფანტასტიკური გადაცემის შემდეგ გახსნა, ბურთი კარგად დაამუშავა და ზუსტად დაარტყა. სულ მალე კროოსმა კიდევ ერთი გრძელი გადაცემა გააკეთა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი შეცდა, მარკო ასენსიომ კი ინგლისელი მცველის საჩუქარი შეირგო დასხვაობა ორამდე გაზარდა. ლივერპულის თამაში პირველ ტაიმში იმდენად მძიმე იყო, რომ კლოპმა ნაბი კეიტა 42-ე წუთზე შეცვალა და თამაშში ტიაგო ალკანტარა ჩართო.

ვინისიუსი მატჩის გმირი გამოდგა

მე-2 ტაიმი ინგლისურმა გრანდმა უფრო აქტიურად დაიწყო და მალევე ერთი გოლი გაქვითა. მოჰამედ სალაჰმა დიოგო ჟოტას აქტიურობის შემდეგ ახლო მანძილიდან ტიბო კურტუა უშანსოდ დატოვა. "წითლები" კიდევ ცდილობდნენ შეტევაში აქტიურობას, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნა ძალიან უჭირდათ. 65-ე წუთზე კი ლუკა მოდრიჩის პასით ვინისიუსმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

რეალი "ენფილდ როუდზე" ორბურთიანი უპირატესობით ჩავა, რაც რა თქმა უნდა, არაფრის გარანტია არ არის, მაგრამ სოლიდური ფორაა, მითუმეტეს, რომ "ენფილდი" ცარიელი იქნება და იქ ლივერპულს ფანების მხარდაჭერა აშკარად დააკლდება. საპასუხო მატჩი 14 აპრილს გაიმართება.

რეალი 3:1 ლივერპული

გოლები: 1:0 ვინისიუსი (27), 2:0 ასენსიო (36), 2:1 სალაჰი (51), 3:1 ვინისიუსი (65)

რეალი (4-3-3): კურტუა - ვასკესი, მილიტაო, ნაჩო, მენდი - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ასენსიო (70. ვალვერდე), ბენზემა, ვინისიუსი (85. როდრიგო)

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ფილიპსი, ქაბაქი (81. ფირმინო), რობერტსონი - კეიტა (42. ტიაგო ალკანტარა), ფაბინიო, ვაინალდუმი - სალაჰი, დიოგო ჟოტა (81. შაქირი), მანე

კომენტარები

ბოლო ამბები