Thumbnail
  • 'ის სულაც აღარაა ის კალათბურთელი, რომელსაც თავდაჯერება აკლდა'
  • ამერიკული ვებ-გვერდი ქართველი ცენტრის შედეგიან თამაშზე წერს

გოგა ბითაძის ბოლოდროინდელი პროგრესი აშკარაა. მისმა საშუალო სტატისტიკურმა მაჩვენებლებმა საგრძნობლად იმატა, რაც შეუმჩნეველი არც Indystar-ს დარჩენია და 21 წლის ქართველ ცენტრს სტატია მიუძღვნა სახელწოდებით – “გოგა ბითაძე იწყებს იმ მოლოდინის გამართლებას, რაც ინდიანას მიერ მის პირველ რაუნდში არჩევას მოჰყვა”. აი, რას წერს აღნიშნული ვებ-გვერდი:

“მიმდინარე სეზონში პეისერსის თამაში ბევრ კითხვას ბადებს, თუმცა, არის ნათელი წერტილებიც. მაგალითად, გოგა ბითაძე, რომელმაც გუნდში თავისი ადგილი მას შემდეგ იპოვა, რაც ნეიტ ბიორკგრენის ხელში როტაციის მოთამაშე გახდა. გასულ სეზონში, ტრავმის გამო, მან ორლანდოში ჩატარებული “ბაბლი” გამოტოვა, ამ სეზონში კი, 12 სასტარტო შეხვედრას დააკლდა. ამ პერიოდში გოგამ დიდი გზა გაიარა კალათბურთელიდან, რომელსაც თავდაჯერება აკლია, ინდიანას ფიზიკურად ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოთამაშემდე.

მეტოქეები თანდათან ხვდებიან, რომ სულაც არ ელით იოლი გასეირნება პეისერსის ფარქვეშ, როდესაც მაილს ტერნერი სათადარიგოთა სკამზე ზის. მათ ამ დროს გოგა ბითაძის წინააღმდეგობის დაძლევა უწევთ. არასაჭირო ფოლები ჯერაც რჩება ახალგაზრდა ცენტრის სუსტ მხარედ, თუმცა, ამის გამოსწორება ნამდვილად შეიძლება უფრო დისციპლინირებულად თამაშის ხარჯზე.

“ახლა, უფრო სწრაფად გადავაადგილდები. თითქოს წინასწარ ვიცი, რა მომენტში სად უნდა ვიყო. შედეგად, თამაშს გაცილებით უკეთ ვკითხულობ”, - ამბობს ბითაძე, რომელიც უკანასკნელ 7 მატჩში საშუალოდ 8.2 ქულასა და 4.9 მოხსნას აგროვებს, 11-დან 5 სამქულიანი აქვს გამოყენებული, თამაშიდან კი 56%-იანი სიზუსტით უტევს. გოგა ამ ყველაფერს მხოლოდ საშუალოდ 12 წუთში აკეთებს: “ეს უფრო დიდი შესაძლებლობაა. რაც უფრო მეტს ვთამაშობ, ყველა ნიუანსს უკეთ ვიგებ”.

ქართველმა ცენტრმა ბოლო მატჩებია აშკარად მოუმატა

წინა კვირას ინდიანამ მაიამისთან წააგო, თუმცა, ბითაძემ ყველაფერი მოასწრო. ჯერ გეიბ ვინსენტი აიძულა “ეარბოლი” გაეშვა, ცხოვრება დანკან რობინსონსაც გაურთულა და ანდრე იგუდალასა და ტაილერ ჰეროუსაც გადაეღობა, რის შემდეგაც მათ შეტევები გაუცუდდათ. პეისერსს სამმატჩიანი წაგებათა სერია ჰქონდა, სან ანტონიოსთან კი ნავსი გატეხა და ამ მოგებაში, სათადარიგოებმა, მათ შორის ბითაძემ დიდი როლი ითამაშეს. ბოლო პერიოდში სწორედ გოგა და ედმონდ სამნერი არიან, რომლებიც სკამიდან დიდ დროს იღებენ.

“ძნელია თანმიმდევრულად იმოქმედო, როდესაც მოედანზე არ გადიხარ. როდესაც სათადარიგო კალათბურთელების დრო მოდის, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ მოედანზე გასვლის შემდეგ თავის გამოჩენა მოვახერხო. მარტივია - არის სათამაშო დრო, მოდის კარგი თამაშიც”, - აღნიშნავს ბითაძე და მის აზრს ჯასტინ ჰოლიდეც ანვითარებს.

ეს უკანასკნელი NBA-ში უკვე მე-8 სეზონს ატარებს და იოლი გზა ნამდვილად არ ჰქონია. თავიდან თამაში იშვიათად უწევდა, თუმცა, ჯერ როტაციის კალათბურთელი გახდა, ახლა კი, სასტარტო მოთამაშეა და მიმდინარე სეზონში, ტი ჯეი უორენის არყოფნაში, პირველ ხუთეულში უკვე 39-ჯერ გამოჩნდა.

“ამ სიტუაციის გავლა ალბათ ყველას უწევს. არის აღზევებაც და დაცემაც, ხშირად კომფორტული ზონაც არ არსებობს. გოგა თავის ადგილს სწორედ ახლა პოულობს. როდესაც ახალგაზრდა ხარ და თან ლიგაში პირველ სეზონს ატარებ, ისე სჩანს, რომ ყველაფერი რთულია, თუმცა, ახლა, მე-2 სეზონში მისთვის ბევრი რამ სასიკეთოდ იცვლება”.

გოგა ბითაძე NBA-ს აღიარებულ ვარსკვლავებსაც არ ერიდება

ბითაძე სულაც აღარაა ის კალათბურთელი, რომელსაც თავდაჯერება აკლია და ხშირად ბურთსაც ემალებოდა, ანაც არ იცის რა მიმართულებით გადაადგილდეს კონკრეტულ მომენტებში.

“სათამაშო წუთების სიმცირის გამო, თამაშის სისწრაფისთვის აყოლა ყოველთვის რთული იყო. წარმოიდგინეთ, შედიხარ მოედანზე და იქ გხვდებიან ბიჭები, რომლებიც კარგად არიან გახურებულნი და მატჩში სრულად არიან ჩართულნი, შენ კი სკამიდან შესულმა უნდა მოახერხო და მათ აჯობო”, - ამბობს ბითაძე, რომელიც ბოლო პერიოდია მართლაც არავის უშინდება. მხოლოდ ის რად ღირს, რომ გოგა ღირსეულად გამოიყურებოდა იუტა ჯაზის ცენტრ რუდი გობერთან და შემდეგ დენვერის ვარსკვლავ ნიკოლა იოკიჩთანაც.

თუკი 36 წუთზე გადავთვლით, ბითაძე საშუალოდ 20.8 ქულას, 14.7 მოხსნას, 2.7 დაფარებასა და... 7.8 ფოლს აგროვებს, თამაშიდან 56.1%-იანი და სამქულიანებში 45.5%-იანი მაჩვენებლით. ცხადია, არ ვამბობთ, რომ ის დასრულებული პროდუქტია, თუმცა, აჩვენებს, რომ ინდიანა სულაც არ შემცდარა, როდესაც 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია. გოგა სამწამიან ზონაში უკეთესია, ვიდრე ტერნერი და უფრო სწრაფი და მობილური, ვიდრე – საბონისი. ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო და დიდი შანსია, რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუხდეს, ეს კი, გოგასთვის დამატებითი შანსია”.

შეგახსენებთ, რომ ინდიანა პეისერსს 22 მოგება და 26 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 7 აპრილს, შინ, ჩიკაგო ბულსთან ჩაატარებს. თუკი ლიეტუველმა დომანტას საბონისმა მოედანზე გასვლა მართლაც ვერ შესძლო, მოსალოდნელია, რომ ბითაძეს სოლიდური სათამაშო დრო მიეცემა.

კომენტარები

ბოლო ამბები