Thumbnail
  • ერთ წონაში წარმომადგენელი არ გვყავს, 3 წონა კი გაორებულია
  • მოულოდნელია ნაკრებში ტატო გრიგალაშვილის არყოფნა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ვებ-გვერდზე მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადი გაჩნდა, რომლის თანახმადაც ტურნირში მონაწილეობას 14 ქართველი სპორტსმენი მიიღებს.

ამ განაცხადის თანახმად, კაცებს შორის საქართველოს წარმომადგენლებს ექვს წონით კატეგორიაში ვიხილავთ, გამონაკლისი კი 81 კგ-მდე წონაა და ეს, ძალიან მოულოდნელია. შეგახსენებთ, რომ ამ წონის ლიდერი 21 წლის ტატო გრიგალაშვილია, ვინც მოქმედი ევროპის ჩემპიონი და მასტერსის მოქმედი გამარჯვებულია. საინტერესოა, რომ წინა ევროპის ჩემპიონატზე 81 კგ. საქართველოს ნაკრებისთვის საერთოდაც ყველაზე წარმატებული წონა იყო, რადგანაც ბრინჯაო ლუკა მაისურაძემ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ მომავალ ევროპირველობას 16-18 აპრილს პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი უმასპინძლებს და მანამდე, შესაძლოა, განაცხადში ცვლილებები მოხდეს, ამჟამინდელი მდგომარეობით კი, მოახლოებულ შეჯიბრზე შემდეგ ძიუდოისტებს ვიხილავთ.

კაცები: თემურ ნოზაძე (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე – 90 კგ.), ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (ორივე – 100 კგ.), გელა ზაალიშვილი, გურამ თუშიშვილი (ორივე – მძიმე).
ქალები: მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ორივე – 52 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია (70 კგ.), სოფიო სომხიშვილი (მძიმე).

შეგახსენებთ, რომ ბოლო ევროპის ჩემპიონატი შარშან ნოემბერში ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩატარდა და იქ ქართველმა ძიუდოისტებმა 6 მედლის მოპოვება მოახერხეს. როგორც აღვნიშნეთ, ჩემპიონი გრიგალაშვილი გახდა, ვერცხლს შავდათუაშვილი დაეუფლა, ბრინჯაოები კი ლუკა მაისურაძემ (81 კგ.), ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და ლევან მატიაშვილმა (+100 კგ.) დაისაკუთრეს.

კომენტარები

ბოლო ამბები