Thumbnail
  • ანდრეა პირლოს ბედი ნაპოლისთან მატჩზეა დამოკიდებული
  • ანდრეა ანიელიმ ტურინულ დერბის მაქს ალეგრისთან ერთად უყურა

იუვენტუსს შესაძლოა ახლო მომავალში ახალი მწვრთნელი ჰყავდეს. ტურინულ დერბიში ტორინოსთან დაკარგულ ქულების შემდეგ (2:2) ანდრეა პირლოს გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა.

იტალიური მედია იტყობინება, რომ პირლოს ბედი 7 აპრილს, ნაპოლისთან მატჩში გადაწყდება და მარცხის შემთხვევაში მას გაათავისუფლებენ. Il Gornale კი უფრო შორს მიდის და წერს, რომ ანდრეა ანიელი უკვე მუშაობს მასიმილიანო ალეგრის დაბრუნებაზე.

როგორც აღნიშნული გამოცემა იტყობინება, იუვეს პრეზიდენტმა დერბი დელა მოლეს სახლში სწორედ ალეგრისთან ერთად უყურა და რა თქმა უნდა, ეს ჭორებს კიდევ უფრო აძლიერებს. ანიელი პირლოსთან მეგობრობს, მაგრამ მას გუნდის თამაში და შედეგები აშფოთებს. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, როდესაც იუვედან ალეგრი გაუშვეს, ეს ანიელის ინიაციატივით არ მომხდარა. მან კლუბის ვიცე-პრეზიდენტ პაველ ნედვედსა და სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის დაუჯერა, რომლებსაც ალეგრისთან კარგი ურთიერთობა არ აქვთ.

ალეგრის იუვენტუსში ძალიან ნაყოფიერი 5 სეზონი ჰქონდა

ამდენად, თუ ალეგრის იუვეში დაბრუნება მართლაც შედგა, დიდი შანსია ზაფხულში "ბებერი ქალბატონიდან" ნედვედი და პარატიჩი გაუშვან. ტურინული გრანდი ძალიან ცუდ სეზონს ატარებს და სერია A-ში 56 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს ნაპოლისთან ერთად, რომელსაც ოთხშაბათს ტურინში დაუპირისპირდება და წაგების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ზონიდანაც გამოვარდება.

პარალელურად იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პორტუსთან განიცადა მარცხი, იტალიის თასზე კი ფინალშია გასული და 19 მაისს ბერგამოს ატალანტას დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ მაქს ალეგრი იუვენტუსში 2014-2019 წლებში მუშაობდა და გუნდს 11 ტიტული მოაგებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები