Thumbnail

რუსეთის პრემიერ-ლიგის 24-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას რუბინმა 1:0 დაამარცხა სოჩი. გამარჯვების გოლი 20 წლის ქართველმა 71-ე წუთზე გაიტანა შორი მანძილიდან. სანაკრებო პაუზის შემდეგ ხვიჩა სლუცკიმ სასტარტოში არ დააყენა, ის შესვენების შემდეგ გამოჩნდა და 25 წუთში თავი სუპერგოლით გამოიჩინა. "ჩემპიონატმა" მას საუკეთესო შეფასება დაუწერა მატჩში - 8.0 ქულა. whoscored - 7.6 ქულა. 

რუბინი 40 ქულით მე-4 ადგილზე გადავიდა და ევროთასების ზონაში შევიდა. ხვიჩას გუნდი 10 აპრილს როსტოვს ესტუმრება.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას გოლი სოჩის კარში

ხვიჩა კვარაცხელიამ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, მან თავი ესპანეთთან, საბერძნეთთან და სოჩისთან გამოიჩინა. სამივე გოლი მაღალი დონის იყო. ამ მატჩებში ქართველის ანგარიშზე 12 წარმატებული დრიბლინგია. ხვიჩამ ბოლო 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. 

ამ გოლზე კომენტარი კადენა SER-ის საფეხბურთო ექსპერტმა ბრუნო ალემანიმ "ტვიტერზე" გააკეთა: "კარგი, ჩვენ ამ მატჩს სრულად ამაღამ ან დილით ვნახავთ. ეს ყველაფერი უკვე ძალზე სერიოზული ხდება. კვარაცხელია გვაოცებს". 

მატჩამდე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა Матч ТВ-ის კომენტატორმა ნობელ არუსტამიანმა. "ხვიჩას ორი გოლი ნაკრებში რუბინისთვის მინიმუმ ხუთი მილიონი ევროა. ნაკრებში თამაშს მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე რუბინში. ევროპული კლუბები უკვე იწყებენ მოლაპარაკებებს მასთან. როგორც შევიტყე, მისი აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიაში ჩადის, სადაც მოლაპარაკებებს მილანთან და იუვენტუსთან გამართავს, დაინტერესებულია ნაპოლიც". არუსტამიანი ამტკიცებს, რომ პაოლო მალდინიმ ესპანეთთან მატჩზე თავისი წარმომადგენელი გამოაგზავნა კვარაცხელიას თამაშის სანახავად. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხვიჩა კვარაცხელიამ 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო დრიბლინგით (საშუალოდ 5) ევროპაში პირველ ადგილზეა

კომენტარები

ბოლო ამბები