Thumbnail

ევრობასკეტის წილისყრის თარიღი ცნობილია - ვინ შეხვდება საქართველოს ნაკრებს?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ფიბა-მ ევროპის ჩემპიონატის კალათებს ოფიციალური სახე მისცა
  • ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ თბილისში რუსეთის ნაკრებიც ითამაშებს

ფიბა-მ მომავალი ევროპის ჩემპიონატის (ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა) წილისყრის თარიღი დაასახელა და კალათებსაც ოფიციალური სახე მისცა. ირკვევა, რომ წილისყრის პროცედურა, რომელშიც 24 საუკეთესო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, გერმანიის დედაქალაქ ბერლინის Verti Music Hall-ში 29 აპრილს ჩატარდება და სტარტს თბილისის დროით 15:00 საათზე აიღებს. კალათების შემადგენლობა, რომელიც ფიბა-ს მიმდინარე რეიტინგის მიხედვით შედგა, ასე გამოიყურება:

პირველი კალათა: ესპანეთი (ევროპაში მე-2), სერბეთი (5), საბერძნეთი (6), საფრანგეთი (7).
მეორე კალათა: ლიეტუვა (8), რუსეთი (9), იტალია (10), ჩეხეთი (12).
მესამე კალათა: პოლონეთი (13), ხორვატია (14), თურქეთი (15), სლოვენია (16).
მეოთხე კალათა: გერმანია (17), უკრაინა (18), ფინეთი (32), საქართველო (36).
მეხუთე კალათა: ბელგია (37), უნგრეთი (38), ისრაელი (39), დიდი ბრიტანეთი (41).
მეექვსე კალათა: ბოსნია-ჰერცეგოვინა (43), ნიდერლანდები (44), ესტონეთი (47), ბულგარეთი (49).

შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან მოყოლებული, ევროპის ჩემპიონატები 4-4 ქვეყანაში ტარდება, თითოეულ მასპინძელს კი 1 ნაკრების არჩევის უფლება აქვს, რომელიც მის ჯგუფში ითამაშებს. ამ ნაბიჯის გადადგმის დროს, ქვეყნები ძირითადად ფინანსური ინტერესებით ხელმძღვანელობენ, რაც გულშემატკივრების ჩასვლასთან, ბილეთების რეალიზაციასთან და სხვა მსგავს ფაქტორებთან არის დაკავშირებული.

უკვე ცნობილია, რომ ჩეხეთმა და გერმანიამ პარტნიორებად, შესაბამისად, პოლონეთი და ლიეტუვა აირჩიეს და როგორც ფიბა-ს ვებ-გვერდი წერს, თავისი გადაწყვეტილების შესახებ მალე უნდა გამოაცხადონ საქართველომა და იტალიამ, რადგანაც წილისყრა უკვე მიმდინარე თვის ბოლოსაა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გადაწყვეტილებას გამოამზეურებს, მივიღებთ სიტუაციას, როდესაც წილისყრამდე უკვე 2 მეტოქის ვინაობა გვეცოდინება.

აღნიშნულის მიზეზზე აქამდეც გვითქვამს. იმის გათვალისწინებით, რომ იტალია და ჩეხეთი ასევე ევრობასკეტის თანამასპინძლები არიან, ხოლო ლიეტუვამ გერმანიაში თამაში არჩია, გამოდის, რომ მე-2 კალათიდან საქართველოს ნაკრებს მეტოქედ რუსეთი ერგება, რაც ძალიან საინტერესო დაპირისპირებას მოასწავებს.

შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგად, ფინალურ ეტაპზე გასული 24 ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, 4-4 საუკეთესო კი პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. ევრობასკეტი 2022 წლის 1-18 სექტემბერს ჩატარდება, ჯგუფური ეტაპის მატჩებს კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და თბილისი უმასპინძლებს, პლეი ოფი კი ბერლინშია (გერმანია) დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები