Thumbnail

საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს შოთა არველაძეს საბერძნეთთან მატჩის წინ ბერძნული ვებგვერდი sport-fm ესაუბრა. 48 წლის ქართველ მწვრთნელს, რომელიც ამჟამად უგუნდოდ იმყოფება, ხსენებული გამოცემა საინტერესო თემებზე ელაპარაკა და მათ შორის, რა თქმა უნდა, ხვალინდელი შეხვედრის შესახებ, რომელიც სალონიკიში "არენა ტუმბაზე" გაიმართება.

არველაძის პროგნოზით საქართველოს ნაკრები საბერძნეთში 1:0-ს მოიგებს. მან ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელებიც დაასახელა და სხვა საინტერესო საკითხებზეც ისაუბრა.

sport-fm: საქართველოს ნაკრებმა ჯერჯერობით ვერ მოახერხა დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე გასვლა. როგორც ფიქრობთ, შესაძლებელია ეს უახლოეს მომავალში მოხდეს?

შოთა არველაძე: ჩვენს გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, პირველი ორი თამაში წავაგეთ, მაგრამ მას საინტერესო პერსპექტივა აქვს. ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში. ევროპის ჩემპიონატთან ერთ ნაბიჯში ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გავედით. ბევრმა რამემ შეგვიშალა ხელი ამ მიზნის მიღწევაში, თუმცა წინ უნდა გავიხედოთ და ახალი მიზნები დავისახოთ.

sport-fm: წარმოგიდგენიათ თქვენი თავი საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტზე?

არველაძე: სხვადასხვა დროს ორჯერ მქონდა წინადადება. ამ დროისთვის არ მსურს ეროვნულ გუნდში მუშაობა. ეს შეიძლება წლების შემდეგ მოხდეს, მაგრამ ახლა ჩემი კარიერის სხვა ფაზაში ვარ.

sport-fm: თქვენ 5 წლის პაოკ-ის მწვრთნელობის კანდიდატი იყავით. დაინტერესებული ხართ საბერძნეთში მუშაობით?

არველაძე: დიახ, ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ საბოლოოდ წინადადება არ მიმიღია. საბერძნეთი დიდი ტრადიციისა და კულტურის მქონე ქვეყანაა. სიამოვნებით განვიხილავდი თქვენთან მუშაობის შესაძლებლობას სწორი წინადადებისა და პროექტის შემთხვევაში.

არველაძე ათენის პანათინაიკოსთან მატჩში [2003]

sport-fm: კარიერაში უამრავი გოლი გაიტანეთ. არის ისეთები, რომლებიც არასდროს დაგავიწყდებათ?

არველაძე: საქართველოს ნაკრებსა და ევროტურნირებზე გატანილი გოლები ძალიან მნიშვნელოვანია. შესანიშნავი გოლი გავუტანე ლინფილდს დინამო თბილისში თამაშის დროს, რეინჯერსის მაისურით კოპენჰაგენს, რის ხარჯზეც ჩემპიონთა ლიგაზე გავედით. აიაქსსა და ალკმაარშიც ბევრი მნიშვნელოვანი გოლია. 380 გოლიდან მარტივი არ არის არჩევა (იცინის).

sport-fm: თქვენ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად ითამაშეთ. ელოდით, რომ 40 წლის ასაკში ისე ითამაშებდა, თითქოს, 10 წლით უმცროსია?

არველაძე: ამას ვერავინ იწინასწარმტყველებდა, მაგრამ თავიდანვე ვიცოდით, რომ საქმე განსაკუთრებულ ნიჭთან და მოთამაშესთან გვქონდა. პირველივე დღეს ის კონცენტრირებული იყო თავის მიზანზე, ძალიან ბევრს მუშაობდა, დიდი პროფესიონალიზმით. ამ ასაკშიც როგორც თამაშობს, ეს წარმოუდგენელია, ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ თანაგუნდელები ვიყავით.

sport-fm: რომელია თქვენი ოცნების გუნდი, რომელსაც ერთ დღეს გაწვრთნიდით?

არველაძე: ბარსელონა, მაგრამ მესმის, რომ რიგში ბევრი მწვრთნელია (იცინის).

sport-fm: როგორია საბერძნეთისა და საქართველოს თამაშის პროგნოზი?

არველაძე: მჯერა, რომ საქართველო მოიგებს - 1:0.

sport-fm: ვინ არიან ყველაზე ნიჭიერ ქართველი ფეხბურთელები?

არველაძე: ამ თაობის ორი ყველაზე დიდი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძეა. ორივეს ნათელი მომავალი ელოდება, სანამ ბრძოლას არ შეწყვეტენ და ფეხბურთი ბოლომდე ეყვარებათ.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრებში 1992-2007 წლებში ითამაშა და 61 მატჩში გატანილი 26 გოლით ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. შოთა ბოლოს ტაშკენტის ფახთაქორში მუშაობდა, რომელიც დეკემბერში დატოვა და ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას.

კომენტარები

ბოლო ამბები