Thumbnail

საბერძნეთის და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრას, რომელიც სალონიკიში უნდა გაიმართოს, მასპინძლებიც დიდი მოლოდინებით ელიან. ჯონ ვან’ტ სხიპის გუნდმა სადებიუტო შეხვედრაში ესპანეთიდან ქულა აიღო, ამიტომაც ბერძნებს მხოლოდ პოზიტიური მოლოდინები აქვთ.

პოპსპორტი წარსულში საბერძნეთის ნაკრების ფორვარდს, დიმიტრის პაპადოპულოსს დაუკავშირდა. 2005 წელს საქართველოს ნაკრების კარში გატანილი გოლის ავტორის აზრით, მომავალი თამაში ორივე გუნდისთვის ძალიან მძიმე იქნება, თუმცა პაპადოპულოსს იმედი აქვს, რომ გამარჯვებული საბერძნეთის ნაკრები დარჩება:

POPSPORT: დღევანდელი საბერძნეთის ნაკრები რომელი ფორმაციის გუნდს შეგიძლია შეადარო?

დიმიტრის პაპადოპულოსი: განსხვავებას იმ პერიოდს და ამ მომენტში არსებულ ნაკრებებს შორის დრო განაპირობებს. ჩემი ფორმაციის ნაკრები სხვა პერიოდში თამაშობდა, სხვა ამოცანები გვქონდა. დღევანდელო ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. საბერძნეთში ეროვნული ნაკრების მშენებლობის პროცესია. შვიდი წელი გავიდა იმ მომენტიდან რაც საბერძნეთის ნაკრებმა დიდ საფეხბურთო ფორუმზე ითამაშა.

POPSPORT: ვან’ტ სხიპის მუშაობით კმაყოფილი ხარ?

პაპადოპულოსი: ვან’ტ სხიპი ცდილობს, ახალი გუნდის შექმნას. მან ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გამოსცადა. ასე რომ, საბერძნეთის ნაკრები ძალიან ახალგაზრდული გუნდია. ვფიქრობ, რომ იგი სწორ გზაზეა. მისი ამოცანაა, საბერძნეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანოს.

POPSPORT: რა იცი ახლანდელ საქართველოს ნაკრებზე?

პაპადოპულოსი: ვუყურე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრას და უნდა ვთქვა, რომ გაოცებული დავრჩი. თქვენმა ნაკრებმა ესპანელების წინააღმდეგ საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა. საქართველოს ნაკრების დამარცხება ძალიან რთული იქნება.

POPSPORT: მოგეწონა საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლის ავტორის თამაში?

პაპადოპულოსი: მე ყველა ის ფეხბურთელი მომწონს, რომელთაც გოლები გააქვთ. თავდამსხმელები ჩემი ფავორიტები არიან. მიყვარს შემტევი ფეხბურთი. მომწონს მოთამაშეები რომლებიც მინდორზე ფანტაზიას ავლენენ. საბერძნეთის ნაკრებში ასეთი ხრისტოს ცოლისია. მომავალი მატჩი ახალი თაობების დაპირისპირება იქნება, რადგანაც საქართველოს ნაკრებში ისევე, როგორც საბერძნეთის ეროვნულ გუნდში, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა რომ ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის რთული იქნება, მაგრამ მჯერა რომ საბოლოოდ გამარჯვებას საბერძნეთის ნაკრები მოიპოვებს.

POPSPORT: საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მატჩში გოლი გაქვს გატანილი. თუ გახსოვს ის შეხვედრა?

პაპადოპულოსი: ის თამაში მშვენივრად მახსენდება, რადგანაც ჩემი გოლით საბერძნეთის ნაკრებმა 1:0 მოიგო. მახსოვს საქართველოს ნაკრებში კახა კალაძე თამაშობდა. თუ არ ვცდები მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშა...

დღევანდელი ფეხბურთი განსხვავებულია, უფრო დიდი კონკურენციაა. ადვილი თამაშები ფაქტობრივად აღარ არსებობს. გუნდების დონე გათანაბრებულია. საბერძნეთის ნაკრებმა ესპანეთში ფრედ ითამაშა, საქართველოს ნაკრები იმავე ესპანელებთან ქულასთან ძალიან ახლოს იყო. დღევანდელ ფეხბურთში უდიდესი მნიშვნელობა კონკრეტული მატჩებისთვის მომზადებამ შეიძინა. გადამწყვეტი გუნდების ბრძოლისუნარიანობა გახდა. წარმატებას ისინი აღწევენ ვისაც თავისი შესაძლებლობების უფრო მეტად სჯერა, ისინი ვინც უფრო მეტს იბრძვის. ერთი შეკითხვა მეც მინდა რომ დაგისვა: საბერძნეთში არაბული და ნინუა თამაშობენ. არიან ისინი საქართველოს ნაკრებში გამოძახებულები?

POPSPORT: არა ეს მოთამაშეები ნაკრებში არ არიან. აქვე იქნებ ნინუას შესახებ შენი აზრი გამოთქვა...

პაპადოპულოსი: ნინუა საკმაოდ კარგი ფეხბურთელია. უბრალოდ მას დრო სჭირდება. დიდი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მაგრამ რამდენჯერაც მისი თამაში ვნახე, საკმაოდ სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა.

POPSPORT: კარიერის დასრულების შემდეგ ისევ საფეხბურთო საქმიანობას ეწევი?

პაპადოპულოსი: მე არც ერთ კლუბში არ ვმუშაობ, მაგრამ ეროვნულ გუნდთან საკმაოდ მჭიდრო კონტაქტი მაქვს. უეფას ხაზით პროგრამის ხელმძღვანელი ვარ, რომლის მიზანიც საფეხბურთო მენეჯერების აღზრდაა. 

დიმიტრის პაპადოპულოსი საბერძნეთის ნაკრების წევრი 2002-2014 წლებში იყო. იგი იმ გუნდის წევრი გახლდათ, რომელმაც 2008 წლის ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მოედანზე არ გამოსულა. საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობაში 22 მატჩში ორი გოლი გაიტანა. აქედან ერთი იმ მატჩში რომელიც ბერძნებმა გაიოზ დარსაძის მიერ გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს 1:0 მოუგეს. პაპადოპულოსს ბერძნული კლუბების გარდა ინგლისურ ბარნლიში, იტალიურ ლეჩეში, ესპანურ სელტასა და დინამო ზაგრებში უთამაშია. მან პანათინაიკოსის რიგებში 50 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები