Thumbnail

ეპოქა სრულდება - აგუერო მანჩესტერ სიტის ზაფხულში დატოვებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • არგენტინელი ფორვარდი თავისუფალი აგენტი ხდება
  • 32 წლის შემტევს ყველაზე ხშირად ბარსელონას უკავშირებენ

არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუერო სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ინგლისური კლუბის ვებგვერდმა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

"მანჩესტერ სიტი დამდეგ ზაფხულს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ლეგენდარულ თავდამსხმელ სერხიო აგუეროს სიყვარულით და ემოციურად დაემშვიდობება. აგუერო ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ფეხბურთელია, ვისაც ცისფერი მაისური სცმია", - ნათქვამია "ქალაქელთა" განცხადებაში.

კომენტარი "კუნმაც" გააკეთა. მან პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა: "ძალიან ვამაყობ, რომ 10 წელი ამ გუნდში ვთამაშობდი და შინაგანად ძალიან ბევრი განცდა მაქვს. გუნდში მივედი რეკონსტრუქციის ფაზაში და ადგილი მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს შორის დავიმკვიდრეთ".

სერხიო აგუერო მანჩესტერ სიტის 2011 წელს მადრიდის ატლეტიკოდან შეუერთდა და კლუბის ისტორიაში 257 გოლით საუკეთესო ბომბარდირია (384 თამაშში). გარდა ამისა, პრემიერლიგაში არაინგლისელებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. მან სიტიში 4-ჯერ მოიგო პრემიერლიგა, 5-ჯერ ინგლისის ლიგის და ასოციაციის თასი.

32 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 14-ჯერ ითამაშა და თავი 3 გოლით გამოიჩინა. აგუერო 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს და ნებისმიერ გუნდში გადასვლის არჩევანი ექნება. ბოლო პერიოდში მას ყველაზე ხშირად ბარსელონასთან აკავშირებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები