Thumbnail
  • NBA-ში რამდენიმე საინტერესო ტრეიდი განხორციელდა
  • დენვერმა აარონ გორდონის სახით კარგი მცველი დაიმატა
  • იანისს შეუძლია, მისთვის ოპტიმალური ხუთეულით ითამაშოს ტაკერთან ერთად
  • ოლადიპო მაიამის კიდევ უფრო გააძლიერებს

გაცვლების, ე.წ. "ტრეიდების" ბოლო დღეები NBA-ში ძალიან ცხელია ხოლმე. გუნდები ყველაფერს აკეთებენ, რომ თავის შემადგენლობაში ბოლო ხარვეზები გამოასწორონ. ეს წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა. ბოლო დღეებში რეკორდულად ბევრი გაცვლა მოხდა. ჩვენ სწორად მათ შესახებ მოგითხრობთ - რა შეიცვალა NBA-ში და რას უნდა ველოდოთ უახლოეს თვეებში.

დენვერი ფინალისთვის იბრძოლებს

დენვერი დასავლეთში სახიფათო გუნდად მიიჩნეოდა. კოლორადოელებმა წინა წელს კონფერენციის ფინალი ითამაშეს, თუმცა ამ სეზონში ჯერჯერობით მხოლოდ მეხუთეები იყვნენ.

"ტრეიდების" ბოლო დღეს დენვერმა ორლანდოში დრაფტის პიკი გარი ჰარისი და არ ჯეი ჰემპტონი გაუშვა, სანაცვლოდ კი აარონ გორდონი მიიღო.

მეხუთე ადგილის მიუხედავად, დენვერი ჯერ კიდევ გორდონის ტრეიდამდე კარგად გამოიყურებოდა. გუნდს შეტევა-დაცვის ბალანსი +4.6 ჰქონდა, რაც მეშვიდე მაჩვენებელია NBA-ში და ბევრად უკეთესია, ვიდრე წინა წლების შედეგები (+2.2 წინა წელს, +4 2018-2019 წლების სეზონში).

გორდონმა ჯერემი გრანტის როლი უნდა მოირგოს. გრანტი წინა წელს დენვერის საუკეთესო მცველი იყო, თუმცა კარიერის გაგრძელება მოულოდნელად დეტროიტში გადაწყვიტა. მის გარეშე მაიკ მელოუნის გუნდს დაცვაში უჭირდა. არადა, ამ პოზიციაზე დასავლეთში ლებრონი, კავაი ლეონარდი და პოლ ჯორჯი თამაშობენ. ანუ დასავლეთის მოგება თუ გინდა, კარგი მცველი ფორვარდის პოზიციაზე აუცილებლად გჭირდება.

გორდონი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი 'დანქერია'

207 სანტიმეტრის სიმაღლის და 106 კგ წონის გორდონი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ათლეტია. ის მთელს ლიგაში მეათე პოზიციაზეა დაცვაში სხვადასხვა პოზიციის დაცვის უნარით. ამ სეზონში დაცვაში თავისი დროის 23 პროცენტს ის გამთამაშებლების წინააღმდეგ ატარებდა, 27 პროცენტს - მძიმე ფორვარდების, დანარჩენ დროს კი - მსროლელების და მსუბუქი ფორვარდების. მოკლედ, გორდონი ერთდროულად ოთხ პოზიციას იცავს და მასთან ერთად შემადგენლობის ბევრი სხვადასხვა ვარიანტის დაყენება შეიძლება.

მას შეტევაშიც გამოიყენებენ - პერიმეტრიდან 37 პროცენტით ისვრის და ფარის სიახლოვეს რა შეუძლია, ეს "დანქების" წინა წლების შეჯიბრის დროს ვნახეთ. როცა სამწამიანში თამაშობ, ნიკოლა იოკიჩი ყოველთვის მოახერხებს, რომ პასით გიპოვოს.

გორდონის ნაცვლად წასული გარი ჰარისი გუნდს დააკლდება, პირველ რიგში - დაცვაში. შეტევაში ჰარისმა ტრავმების შემდეგ სროლა დაკარგა - 2017 წელს ის სამიანებს 42 პროცენტით ისროდა, ახლა კი მხოლოდ - 32-პროცენტიანი მსროლელია. თუმცა დაცვაში მეტოქის "გარდების" წინააღმდეგ ის დენვერის საუკეთესო მოთამაშეა. წინა წელს დონოვან მიტჩელი შეუჩერებელი იყო იქამდე, სანამ მეხუთე თამაშიდან მის წინააღმდეგ სწორედ გარი ჰარისი არ დადგა.

დასავლეთში კარგ ფორვარდებთან ერთად, კრის პოლი, დევინ ბუკერი, დემინ ლილარდი და სტეფ კარიც თამაშობენ. დაცვაში, პერიმეტრზე დენვერს ჰარისი აუცილებლად დააკლდება, თუმცა გორდონის დამატებით მელოუნის გუნდი უფრო ძლიერი გახდა. მაშინ, როცა ლეიკერსს ტრავმები აწუხებს და კლიპერსი ისევ წვალობს, დენვერს ყველაფერი აქვს, რომ ფინალისთვის იბრძოლოს.

მილუოკი ძლიერდება

იანისის ახალი კონტრაქტი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მილუოკი ყველაფერს იზამს, რომ იანისს უახლოეს სეზონებში საჩემპიონო გუნდი შეუკრას. ჯრუ ჰოლიდეის მოსვლის მიუხედავად, წელს მილუოკი წინა წლებზე სუსტად გამოიყურებოდა. თანაც, აღმოსავლეთში პირველი გუნდი უკვე ვარსკვლავური ბრუკლინია.

 

ფი ჯეი ტაკერს დაცვა ლიგის ყველა ვარსკვლავის წინააღმდეგ უთამაშია

"ტრეიდების" ბოლო დღეს არა, მაგრამ ორიოდე კვირის წინ, მილუოკიმ უკვე დაშლილი ჰიუსტონიდან ვეტერანი ფი ჯეი ტაკერი წაიყვანა. ტაკერს საჩემპიონო ბრძოლების გამოცდილებაც აქვს, ძალიან კარგი მცველია და შეტევაში უბურთოდ თამაში ეხერხება - პერიმეტრიდან სროლა იცის (კარიერული 35.9 პროცენტი). მოკლედ, მილუოკის პროფილს სრულად ერგება. ბრუკლინთან შესაძლო სერიაშიც ტაკერი ის იშვიათი მცველია, ჰარდენის ან დურანტის წინააღმდეგ დაცვაში დაყენების რომ არ შეგრცხვება.

ჰარდენის წასვლის შემდეგ, ამ სეზონში მისი სტატისტიკა გაუარესდა, თუმცა ბაქსს იმედი აქვს, რომ წინა წლების ტაკერი დაბრუნდება.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ ის მილუოკის შემადგენლობის რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტს აძლევს. მატჩის ბოლო წუთებში მაიკ ბუდენჰოლცერს იანისი-მიდლტონი-ჰოლიდეი-დივინჩენცოს გარდა მეხუთე, კარგი ოპცია არ ჰქონდა. ბრუკ ლოპესი, რომელმაც ორი წლის წინ ტაქტიკური მინირევოლუცია განაპირობა, პერიმეტრიდან ისე საშიში აღარ არის. მისი სროლა გაუარესდა და მეტოქის დაცვას ლოპესის მარტო დატოვების აღარ ეშინია. ეს იმას ნიშნავს, რომ იანისს ნაკლებად შეეძლო ცენტრად თამაში და მას სამწამიანში ლოპესის კაციც აზღვევდა. ტაკერთან ერთად ბუდენჰოლცერს შეუძლია იანისი და ოთხი მსროლელი ჰყავდეს, რაც მეტოქეს დილემას შეუქმნის - ან სამწამიანი უნდა დატოვოს თავისუფლად, ან რომელიმე მსროლელი.

ყველაზე კარგი ის არის, რომ ტაკერისთვის მილუოკიმ არცერთი საკვანძო მოთამაშე გაიღო.

ოლადიპო მაიამის უფრო სახიფათოს ხდის

მაიამის სეზონი ცუდად დაიწყო. თამაშის ხარისხის გაუარესებაზე მეტად ეს ტრავმების, კოვიდის და სხვა გაუთვალისწინებელი პრობლემების ბრალი იყო. ბოლო თვეებია ყველამ ვიცოდით, რომ მაიამი "ტრეიდს" აპირებდა. პატ რაილიმ ეს მართლაც შეძლო, თანაც ისე, რომ გუნდში ვარსკვლავური ვიქტორ ოლადიპო მოვიდა და სანაცვლოდ ჰითმა არცერთი ახალგაზრდა (ტაილერ ჰირო, დანკან რობინსონი) არ დაკარგა, რომელსაც კლუბის მომავალს უკავშირებს.

გუნდიდან ევერი ბრედლი, კელი ოლინიკი და მო ჰარკლესი წავიდნენ, სამაგიეროდ, ოლადიპოსთან ერთად გამოცდილი ტრევორ არიზა და ნემანია ბიელიცაც მოვიდნენ.

ოლადიპოს დიდი ხანია მაიამიში თამაში სურდა

ოლადიპო ტრავმებმა გააწამა და მან თავისი ფორმა ბოლო სეზონებია დაკარგა, თუმცა მას დიდი ხანია მაიამიში თამაში სურს და თუკი ჰიუსტონში უხასიათოდ გამოიყურებოდა, ახლა, სავარუდოდ, მოუმატებს. მისი თუნდაც 80-პროცენტიანი ვერსია მაიამის შეტევაში ძალიან დაეხმარება.

მაიამის ბევრი ხარისხიანი მოთამაშე ჰყავს. სპოელსტრას როტაციაზე ზუსტად საუბარი რთული იქნება, თუმცა ნათელი ერთია - მაიამის ძალიან ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს და პლეი ოფში ყველასთვის საშიში იქნება. ეს იქნება გუნდი, რომელიც სავარაუდოდ, პლეი ოფში დაბალი ადგილიდან შევა, თუმცა აღმოსავლეთის არცერთ ლიდერს მასთან თამაში არ მოუნდება. შარშან ეს თავის თავზე მილუოკიმ უკვე გამოსცადა. ბატლერი, ადებაიო, დრაგიჩი, ჰირო, ვეტერანი იგუდალა და არიზა და ახლა უკვე ვიქტორ ოლადიპოც ძალიან თანაბარ და მეტოქეებისთვის უსიამოვნო გუნდს ქმნიან.

კლიპერსს გამთამაშებელი სჭირდება

ტაირონ ლუს მთავარ მწვრთნელად გახდომის შემდეგ, გუნდში თავისი როლი დაკარგა ორი წლის წინ საუკეთესო სათადარიგო ლუ უილიასმა. კლიპერსმა უილიამსი გაუშვა, თუმცა სანაცვლოდ მხოლოდ რაჟონ რონდო მიიღო. არადა, უილიამსის გაცვლა უფრო სახელიან მოთამაშეშიც შეიძლებოდა.

კლიპერსს ამ "ტრეიდის" გამო ბევრი აკრიტიკებს. მიზანი ნათელია - რონდოს საჩემპიონო ხასიათი და გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, კლიპერსს ხეირიანი ნომინალური გამთამაშებელი არ ჰყავს და მომენტებში მათი შეტევა სტატიკურია. რონდოსთან ერთად ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას. თუმცა კლიპერსს უფრო ისეთი გამთამაშებელი სჭირდებოდა, რომელსაც უბურთოდ თამაშიც შეუძლია. მაგალითად, პერიმეტრზე დგას და თავისი სროლით ქმნის საფრთხეს. კავაის და ჯორჯს ბურთის დაჭერა თვითონაც უყვართ და ამ დროს რონდოს როლი შეტევაში გაურკვეველია.

აი, ატლანტამ კი ამ გაცვლით აშკარად იხეირა. ლუ უილიამსი კარგი ჩამყრელია და რონდო ჯორჯიელებს ბევრს ვერაფერს აძლევდა. ეს უფრო მომავლის გუნდია და ვეტერანი არაფერში სჭირდებოდა.

პორტლენდს სერიოზული მიზნები აქვს

წლებია პორტლენდი პლეი ოფში სტაბილურად თამაშობს, თუმცა უფრო პლეი ოფის გუნდია, ვიდრე ჩემპიონობისთვის ბრძოლის. ორეგონში ამ ტენდენციის დასრულება უნდათ.

სწორედ ამიტომ, გარი ტრენტ ჯუნიორი და როდნი ჰუდი გაუშვეს და სანაცვლოდ კიდევ ერთი ძალიან კარგი ჩამყრელი ნორმალ პაუელი დაიმატეს ტორონტოდან.

ნორმან პაუელი პორტლენდის შეტევას კიდევ უფრო გააძლიერებს

გარი ტრენტი კარგი მსროლელი იყო - თამაშში 15 ქულა და პერიმეტრიდან ზუსტი სროლების 40 პროცენტი, თუმცა პაუელს სროლის გარდა, თავადაც შეუძლია სროლების შექმნა. ანუ თუ ტრენტისთვის აუცილებლად ბურთი (და სროლა) უნდა მიგეცა, პაუელს თავადაც შეუძლია სროლა შექმნას. დაცვაში ის სამ პოზიციას იცავს. ტრენტისგან განსხვავებით, ის ქულებს მეტოქის ფარის სიახლოვეს აგროვებს (ტრენტს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 15 პროცენტი ჰქონდა). ის ტრენტზე ორჯერ ხშირად ისვრის საჯარიმოებს და უფრო მაღალი პროცენტი აქვს სამწამიანიდან სროლის. ანუ პორტლენდს, რომელსაც პერიმეტრზე ისედაც ლილარდი-მაკკალუმის დუეტი ჰყავს, უფრო მეტად სამწამიანიდან ჩამყრელი სჭირდებოდა, ვიდრე კიდევ ერთი მსროლელი.

გარდა ამისა, ის უბრალოდ უკეთესი მოთამაშეა, რომელსაც ამ სეზონში თამაშში 23.5 ქულა აქვს. მოკლედ, პორტლენდი გაძლიერდა. ჩემპიონობას ეს მაინც არ ეყოფა, თუმცა ამ გუნდს ახლა შეტევაში უფრო მეტი იარაღი აქვს.

ბოსტონი პრობლემებს ებრძვის, ჩიკაგო პლეი ოფს უმიზნებს

ბოსტონი ამ სეზონის ერთ-ერთი იმედგაცრუებაა. სელტიკსს უბრალოდ ცოტა ხარისხიანი მოთამაშე ჰყავს და მოკლე როტაცია აქვს. მათ ორლანდოდან გამოცდილი ევან ფურნიე დაიმატეს. ფურნიე ბოსტონს ბურთის მოძრაობაშიც დაეხმარება, რადგან გამთამაშებლის უნარებიც აქვს და სროლის შექმნაც შეუძლია.

ორლანდოს ხარჯზე გაძლიერდა ჩიკაგო ბულსიც. ორლანდომ თავისი გუნდი ერთიანად დაშალა. წლებია ეს გუნდი, ყველაზე მეტი, პლეი ოფის პირველ წრეს ვერ სცდება და ახლა ახალი ციკლის დაწყება სურს. მისი ლიდერი ნიკოლა ვუჩევიჩი ჩიკაგოში წავიდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ "ბულსი" პლეი ოფისთვის ბრძოლას ამ სეზონშივე აპირებს. გარდა ამისა, ჩიკაგოს მეორე მიზანიც აქვს - ზაკ ლევინი სუპერვარსკვლავის დონეზე თამაშობს და იმ გუნდში მისი დარჩენა არარეალისტურია, რომელიც თუნდაც პლეი ოფში ვერ გადის. ვუჩევიჩი თამაშში სტაბილურად 20-25 ქულის ჩამყრელია და ჩიკაგოს უნდა, რომ ლავინის გვერდზე კონკურენტული გუნდის შეკვრა დაიწყოს. ვუჩევიჩის დამატებაც ეს გზავნილია.

ბრუკლინი ვარსკვლავებს ისევ აგროვებს

უცნაურია, მაგრამ ბრუკლინი კიდევ უფრო გაძლიერებას ახერხებს. ნეთსს ბაზარზე არსებული ყველა ვარსკვლავი გუნდში მიჰყავს. ოლდრიჯის სან ანტონიოდან წასვლა გადაწყვეტილი ამბავი იყო. ვეტერანი ახალგაზრდა გუნდს, რომელიც ახალ სიცოცხლეს იწყებს, არაფერში სჭირდებოდა. ზოგადად, ოლდრიჯი, რომელიც პორტლენდში ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდი იყო, თანამედროვე თამაშისთვის ძალიან მოძველებულად გამოიყურება. მისი სტილი - პოსტში თამაში და გრძელი ორქულიანები, თანამედროვე სტანდარტით, არქაულად გამოიყურება.

ოლდრიჯი თავისი ჩემპიობისთვის უკვე ბრუკლინთან ერთად იბრძოლებს

თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის გუნდის ლიდერია. როტაციის მოთამაშედ ის ისევ ძალიან კარგია. ოლდრიჯი ბრუკლინს სიმაღლესაც დაუმატებს, ტრავმატულ დურანტსაც შეცვლის მომენტებში და შეტევის მესამე ოპციის როლს მოირგებს და ზოგადად, მასთან ერთად ბრუკლინს კიდევ ერთი მაღალი კლასის ჩამყრელი ყავს. დეანდრესგან განსხვავებით ოლდრიჯის მარტო დატოვება კარგი იდეა არ არის. ანუ მეტოქის დაცვას ნეთსის არცერთი მოთამაშის მარტო დატოვება არ შეუძლია, როცა ბრუკლინი კაირი-ჰარდენი-ჰარისი-დურანტი-ოლდრიჯის ხუთეულით შეუტევს.

კომენტარები

ბოლო ამბები