Thumbnail

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) თბილისის გრანდ სლემის შედეგები შეაჯამა და ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენიმე ქართველ ძიუდოისტს საგრძნობი წინსვლა აქვს.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში თბილისური ტურნირის ჩემპიონი თემურ ნოზაძე 9 ადგილით დაწინაურდა და 3 420 ქულით მე-14 პოზიციაზეა. საქართველოს ნაკრების წევრთაგან მის წინ მხოლოდ ლუხუმ ჩხვიმიანია (3 792 ქულა), რომელმაც 1 საფეხური დაკარგა და ახლა, მსოფლიოში მეთორმეტეა. ამავე წონაში ამირან პაპინაშვილი (2 475) 23-ეა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (1 026) – 48-ე. საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია, 7 350), იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი, 5 718), რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი, 5 501), ნაოჰისა ტაკატო (იაპონია, 5 270), შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი, 5 243).

66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა გრანდ სლემზე ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა და კლასიფიკაციაში 5 647 ქულით უკვე მეორეა. მის წინ მხოლოდ სამხრეთკორეელი ბაულ ანიღა (5 891) რჩება, კვალში კი იტალიელი მანუელ ლომბარდო (5 598), იაპონელი იოშირო მარუიამა (4 950) და მონღოლი ხერლენ განბოლდი (4 929) დგანან. 3 ადგილით დაწინაურდა და 27-ეა თბილისური ტურნირის მეხუთეადგილოსანი ბაგრატ ნინიაშვილი (2 439), გიორგი თუთაშვილი (357) კი მეასეა.

გელა ზაალიშვილმა რეიტინგში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა

დიდი წინვლა გამიცადა ალეკო მამიაშვილმა, რომელმაც თბილისში 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ის ერთბაშად 86 ადგილით დაწინაურდა და 660 ქულით 66-ეა. ბრინჯაო აიღო და მე-12 საფეხურზე გადაინაცვლა ლაშა შავდათუაშვილმა (3 985), სხვა ქართველ ძიუდოისტთაგან კი მოწინავე ასეულში ნუგზარ ტატალაშვილი (500, 78-ე) და ფრიდონ გიგანიც (474, 81-ე) ფიგურირებენ. ამ წონაში ლიდერები სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია, 7 639), რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი, 6 725), ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა, 5 007), ცოგბაატარ ცენდ-ოჩირი (მონღოლეთი, 4 888) და არტურ მარგელიდონი (კანადა, 4 704) არიან.

81 კგ-მდე წონით კატეგორიაში მე-3 ადგილი გაიმყარა ტატო გრიგალაშვილმა (5 571), რომელმაც თბილისურ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველ ძიუდოისტს მხოლოდ ბელგიელი მატიას კასე (7 054) და ებრაელი საგი მუკი (6 814) უსწრებენ, შემდეგ კი თურქი ვედატ ალბაირაკი (5 196) და ნიდერლანდელი ფრენკ დე ვიტი (5 130) მოდიან. ამავე წონაში რეიტინგში ფიგურირებენ ლუკა მაისურაძე (3 560, მე-16) და ვლადიმერ ახალკაცი (933, 50-ე).

ერთადერთი წონა, რომელშიც საქართველოს ნაკრები თბილისის გრანდ სლემზე უმედლოდ დარჩა, 90 კგ-ია. აქ ლაშა ბექაური (5 242) მესამეა, ხოლო ბექა ღვინიაშვილი (5 001) – მე-6. მოწინავე ხუთეულში ესპანელი ნიკოლოზ შერაზადიშვილი (8 311), ნიდერლანდელი ნოელ ვან ტ ენდი (6 709), კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი (5 185) და სერბი ნემანია მაიდოვიც (5 073) შედიან. ამავე წონაში ავთანდილ ჭრიკიშვილი (1 583) 37-ეა, გიორგი პაპუნაშვილი (1 332) – 43-ე, ხოლო უშანგი მარგიანი (1111) – 48-ე.

ეთერ ლიპარტელიანს გრანდ სლემზე აღებული ვერცხლის მედალი დაუფასდა

სასიხარულოა, რომ 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველობას ინარჩუნებს ვარლამ ლიპარტელიანი (6 848), მას კი კვალში ებრაელი პეტერ პალჩიკი (6 497), ნიდერლანდელი მიხაელ კორელი (6 138), პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა (5 482) და რუსი ნიიაზ ილიასოვი (5 440) მოდიან. ილია სულამანიძე, რომელიც თბილისურ გრანდ სლემზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, 14 ადგილით დაწინაურდა და 1 774 ქულით 32-ეა. ონისე სანებლიძემ 7 საფეხური მოიგო და 1 172 ქულით მსოფლიოში 45-ეა, ლაშა ტაველური (498) – 72-ეა, გიორგი ჩიქოვანი (420) კი – 79-ე. 

მძიმე წონით კატეგორიაში თბილისური ტურნირის ჩემპიონი გელა ზაალიშვილი (4 703) 5 ადგილით დაწინაურდა და მსოფლიო კლასიფიკაციაში მეშვიდეა. ქართველ ძიუდოისტთაგან მას მხოლოდ გურამ თუშიშვილი (6 163) უსწრებს, რომელსაც მე-3 პოზიცია უკავია. ლიდერები ჩეხი ლუკაშ კრპალეკი (6 423) და რუსი ინალ ტასოევი (6 269) არიან, ხუთეულში კი იაპონელებს – ჰისაიოში ჰარასავასა (5 730) და კოკორო კაგეურასაც (4 774) ვხედავთ. საქართველოს ნაკრების სხვა წევრთაგან მოწინავე ასეულში ლევან მატიაშვილი (2 656, 22-ე), საბა ინანეიშვილი (612, 57-ე), ონისე ბუღაძე (547, მე-60) და ადამ ოქრუაშვილიც (340, 77-ე) ფიგურირებენ. ცნობისთვის, ინანეიშვილმა, რომელმაც თბილისში ბრინჯაო აიღო, წინ ერთბაშად 61 საფეხურით წაიწია.

ქალთა რეიტინგში მხოლოდ 4 ქართველი ფიგურირებს და მათგან საუკეთესო შედეგი ეთერ ლიპარტელიანს (57 კგ.) აქვს, რომელმაც გასულ გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის 6 ადგილით დაწინაურდა და 2 982 ქულით მეთექვსმეტეა. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ. 1786) 30-ეა, მარიამ ჭანტურია (70 კგ. 687) 51-ე, ხოლო სოფიო სომხიშვილი (+78 კგ. 142) – 87-ე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემი 9 მედლით დაასრულა: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო. ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) და ილია სულამანიძე (100 კგ.) დაეუფლნენ, ბრინჯაოს კი – ალეკო მამიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ.). აღსანიშნავია, რომ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები