Thumbnail

სიღატაკე, ციხე და ჩემპიონობა - ფრენსის ნგანუს დაუჯერებელი ისტორია

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ფრენსის ნგანუმ პროფესიულად ვარჯიში მხოლოდ 27 წლის ასაკში დაიწყო
  • ის კამერუნში უკიდურეს გაჭირვებაში გაიზარდა
  • ჩემპიონობამდე იყო არალეგალური ემიგრაცია, ციხე და უსახლკაროთა თავშესაფარი
  • მისი ისტორია ფილმის სცენარს ჰგავს

კვირას, გამთენიისას, კამერუნელმა ფრენსის ნგანუმ მძიმე წონაში UFC-ის მრავალწლიანი ჩემპიონი სტიპე მიოჩიჩი დამაჯერებლად, ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა. ნგანუ ბრძოლების სამყაროში პლანეტის ყველაზე ძლიერი და ყველზე სახიფათო კაცის არაოფიციალურ ტიტულსაც ატარებს. ის ანომალიურად ძლიერია ფიზიკურად და 1865 წამში, ანუ 31 წუთში, 10 ნოკაუტი აქვს.

მისი ცხოვრების გზა ფილმის სიუჟეტს ჰგავს - გზა კამერუნის სიღარიბიდან UFC-ს ჩემპიონობამდე. გზა, რომელიც სიღარიბეს, მარტოობას, არალეგალურ ემიგრაციას და ქუჩაში ძილს მოიცავდა. როგორ მივიდა ნგანუ ჩემპიონაბამდე?

ოჯახი, რომელიც არ ჰყავდა

ნგანუ ბატიეში დაიბადა, კამერუნის უღარიბეს სოფელში, ღატაკ ოჯახში. გაჭირვება ნგანუს ოჯახის ყველაზე დიდი პრობლემა არ იყო. 6 წლის იყო, მისი მშობლები რომ დაშორდნენ. ნგანუს მოუწია, თავის ოჯახს დაშორებოდა და ქვეყნის მეორე ბოლოში, თავისი დეიდის სახლში ეცხოვრა, სადაც ის არ უყვარდათ და თავისიანად არასოდეს მიიჩნევდნენ. 

ნგანუ: "სახლში სხვა ბავშვები ლაპარაკობდნენ, რომ მე უცხო ვიყავი და ცუდი ოჯახიდან მოვდიოდი. მეგობარი არასოდეს მყოლია. ყველგან უცხო ვიყავი. ეს რომ გადამელახა, ჩემს თავში ვირტუალური სამყარო შევქმენი, სადაც კარგი ოჯახიდან მოვდიოდი, ნორმალური ბავშვობა და კარგი სახლი მქონდა და მამაც მყავდა."

ნგანუ დედამისთან ერთად თავისი ბავშვობის სახლში

მისი მამა კრიმინალი იყო და ნგანუს ძალიან არ უყვარს, როცა მას ადარებენ, ან ამსგავსებენ. თუმცა მამისგან მას ფიზიკური ძალა და ჩხუბის, ბრძოლის, სიყვარული დაჰყვა.

ნგანუ: "მამას ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. როცა ჩემზე ამბობდნენ, რომ მას ვგავარ, ძალიან მრცხვენოდა და ვამბობდი, რომ მისნაირი არასოდეს ვიქნებოდი. ის ბოროტი კაცი იყო - ყველას გვცემდა: მეც, ჩემს და-ძმასაც, დედასაც. ოჯახისთვის არასოდეს არაფერი გაუკეთებია."

ის თავის სახლში, დედასთან, მხოლოდ 4 წლის შემდეგ დაბრუნდა და რადგანაც სკოლაში სიარულის სახსრები არ გააჩნდა, 10 წლის ნგანუმ ქვიშის საბადოებში დაიწყო მუშაობა, სადაც საათების განმავლობაში ქვიშის თხრა და შემდეგ მისი სატვირთო ავტომობილებში დატვირთვა ევალებოდა.

ნგანუ ქვიშის საბადოზე

აუტანელი გაჭირვება ნგანუს ცხოვრების მუდმივი რეალობა იყო. სკოლაში ის იმიტომ ვერ დადიოდა, რომ ელემენტარული ნივთები - რვეული, კალამი ა.შ. არ ჰქონდა. იხსენებს, რომ საჭმელს ხშირად ნაგავში ეძებდა.

ნგანუ: 'ღამე ბაზარში უნდა წავსულიყავი, რათა ნაგავში საჭმელი მეპოვა. ხშირად ვირთხებთან მიწევდა ომი: 'არა, მომეცი, ეს პომიდორი ჩემია.' არადა, მხოლოდ გაფუჭებულ პომიდორზე 'ვჩხუბობდით.'

ოცნება, რომელიც ევროპიდან დაიწყო

მაიკ ტაისონი ის სპორტსმენია, რომელმაც ნგანუზე ბავშობიდან უდიდესი გავლენა მოახდინა. მას 'რკინის მაიკის' მსგავსად მოკრივეობა უნდოდა, თუმცა მის სოფელში და არსად სიახლოვეს, არათუ დარბაზი, არამედ ელემენტარული სავარჯიშო პირობებიც კი არ იყო. 

22 წლის ასაკში ის დუალეში, კამერუნის ყველაზე დიდ ქალაქში წავიდა, რათა როგორმე ვარჯიში დაეწყო. იქ მტვირთავად მუშაობდა და თან ვარჯიშობდა.

25 წლის ასაკში მიხვდა, რომ რაღაც უნდა შეეცვალა და მოიქცა ისე, როგორც ათასობით აფრიკელი იქცევა. მხოლოდ ერთი რუკზაკის ამარა ევროპაში წასვლა სცადა. ევროპამდე გზა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. მას უდაბნოს გადაკვეთა მოუწია ფეხით. გზაზე ისეთი ეპიზოდებიც ჰქონდა, როგორიც გარდაცვლილი ცხოველების ლეშში დაგროვებული წყლის დალევაა.

მისი პირველი ევროპული ქვეყანა ესპანეთი აღმოჩნდა, საიდანაც ის მაროკოდან ზღვით ჩავიდა. ესპანეთში ის, როგორც არალეგალური ემიგრანტი, ჯერ ციხეში იჯდა, შემდეგ დევნილთა ბანაკში, საბოლოოდ პარიზში დამკვიდრდა, სადაც ქუჩაში ცხოვრობდა. 

ნგანუ: 'რთული იყო, რადგან არავის ვიცნობდი, არც სახლი მქონდა და არც ფული, თუმცა ყველაზე ბედნიერი უსახლკარო ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ შანსი მქონდა, ჩემი ოცნება ამესრულებინა.'

ის უბრალოდ დადიოდა დარბაზებში და ითხოვდა, რომ ვარჯიშის საშუალება მიეცათ და ყველას პირდებოდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდა. ასე მოხვდა დიდიე კარმონთან, რომელიც პირველი იყო, ვინც მას ენდო. კარმონმა 50 დოლარი მისცა პირსახოცის და საწვრთნელი აღჭურვილობის საყიდლად და უფლება მისცა, მის დარბაზში ევარჯიშა. მან მალევე დაინახა, რომ ნგანუს ფენომენალური ფიზიკური მონაცემები ჰქონდა.

ნგანუს ფენომენალური ფიზიკური მონაცემები აქვს

კარმონის დარბაზი დასვენების დღეებში იკეტებოდა და ნგანუს ისევ უსახლკაროთა თავშესაფარში უწევდა ღამის გათენება. მას ისეთი დარბაზი სურდა ენახა, რომელიც მუდამ ღია იქნებოდა. ასე მოხვდა ფერნანდ ლოპესთან, რომელმაც მას უფლება მისცა, რომ დარბაზშივე დაეძინა. 

გზა UFC-მდე

ნგანუმ სერიოზულად ვარჯიში 27 წლის ასაკში დაიწყო და მას მწვრთნელებმა აუხსნეს, რომ კრივში კარიერის გაკეთების მცდელობა უკვე დაგვიანებული იყო, თუმცა შეეძლო, ბედი შერეულ ბრძოლებში ეცადა. ნგანუს კარიერა იმდენად შთამბეჭადავად დაიწყო, რომ მასთან ჩხუბი არავის სურდა - ყველამ იცოდა, რომ ბევრი შანსი მის წინააღმდეგ არ ექნებოდა. ძალიან მალე, თავის 29-ე დაბადების დღეზე მან თავისი ცხოვრების ყველაზე მთავარი საჩუქარი მიიღო: 'ლოპესმა დამირეკა და მკითხა, რომელი საჩუქარი გამაბედნიერებდა ყველაზე მეტად დაბადების დღეზე. მეგონა, რომ კომპიუტერს, ან რამე ასეთს მჩუქნიდა. მან მითხრა, რომ ჩემთვის UFC-ს კონტრაქტი ჰქონდა და 4 თვეში ამერიკაში უნდა მეჩხუბა."

მიოჩიჩის დამარცხების შემდეგ ნგანუ ჩემპიონია

მისი პირველი ბრძოლა ლუის ენრიკეს წინააღმდეგ შედგა და შთამბეჭდავი ნოკაუტით დასრულდა. ეს UFC-ში საჩემპიონო კარიერის დასაწყისი იყო. ფილმის სცენარი ბედნიერი ფინალით დასრულდა - ნგანუ მსოფლიოს ჩემპიონია. უფრო სწორად, ბევრი რამ ახლა იწყება - ის ჩემპიონია, მაგრამ წასვლას არსად აპირებს. ჯონ ჯონსის გარდა, მძიმე წონაში არც არავინ ჩანს, ვინც შეიძლება კამერუნელს უახლოეს მომავალში კონკურენცია გაუწიოს.

კომენტარები

ბოლო ამბები