Thumbnail
  • საფრანგეთის ნაკრებმა ყაზახეთში 2:0 მოიგო
  • კილიან მბაპემ პენალტი ვერ გაიტანა
  • მანამდე მას მარსიალმა იგნორი გაუკეთა

საფრანგეთის ნაკრებმა უკრაინასთან 1:1-ის შემდეგ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი სამი ქულა მოიპოვა. დიდიე დეშამის გუნდმა ყაზახეთში 2:0 მოიგო, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს კარგად არ უთამაშიათ.

საინტერესოა, რომ მეორე ტაიმში კილიან მბაპემ პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა მანამდე უფრო საინტერესო ფაქტი მოხდა: მბაპე ძირითად შემადგენლობაში არ იყო და შეცვლაზე შესვლისას, მარსიალმა (რომლის პასითაც უსმან დემბელემ მე-19 წუთზე ანგარიში გახსნა) პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავს ხელი არ ჩამოართვა! მბაპეს მისკენ ხელი გაშვერილი ჰქონდა, თუმცა მარსიალმა იგნორი გაუკეთა.

პსჟ-ს ლიდერის გამოუყენებელმა თერთმეტმეტრიანმა მატჩის შედეგში ვერაფერი შეცვალა - ფრანგებმა თამაში მოიგეს. აღსანიშნავია, რომ დემბელემ თავის 23-ე სანაკრებო მატჩში პირველი ოფიციალური გოლის გატანა შეძლო (მანამდე მხოლოდ ამხანაგურებში გაიტანა). საფრანგეთის ნაკრებს 2 თამაშის შემდეგ 4 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრაში, 31 მარტს ბოსნიის ნაკრებს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები