Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის პირველი საშინაო მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 28 მარტს, 15:00 საათიდან “ბორჯღალოსნები” “მიხეილ მესხზე“ რუმინეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ და მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ ტრიბუნებზე ქომაგთა ტევადობის 30% დაიშვება.

#ბორჯღალოსნების შემადგენლობა რუმინეთის წინააღმდეგ დასახელდა 🇬🇪 v 🇷🇴 ➡️ გაიგე მეტი აქ: https://bit.ly/3slCvDw #თამაშია!...

Posted by Georgian Rugby on Friday, March 26, 2021


გასულ მატჩთან შედარებით, რომელშიც ქართველმა მორაგბეებმა რუსეთს კალინინგრადში ბონუსით – 23:6 სძლიეს, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. დავით ნინიაშვილს მცირე ტრავმა აწუხებს და მის ნაცვლად ფულბეკად თამაშს გამოცდილი ლაშა ხმალაძე იწყებს, რომელიც პორტუგალიასთან მგეზავი იყო, მას შემდეგ კი არ უთამაშია. დანარჩენმა უკანახაზელებმა ადგილი შეინარჩუნეს. ღერძს გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე წარმოადგენენ, ცენტრში მერაბ შარიქაძისა და გიორგი კვესელაძის წყვილს ვიხილავთ, ფრთებზე კი ალექსანდრე თოდუა და აკაკი ტაბუცაძე იწყებენ. უცვლელია ხაზის მარქაფაც: 9 ნომრის შეცვლაზე მიხეილ ალანია შევა, მგეზავს გიორგი ბაბუნაშვილი შეცვლის, რომელსაც სანაკრებო დებიუტი რუსეთთან ჰქონდა, ფულბეკად თამაშში სოსო მათიაშვილი ჩაერთვება.

ორი ცვლილებაა შერკინებაში. როტაციის პრინციპით, ამჯერად კვაჭად თამაშს შალვა მამუკაშვილი იწყებს, ხოლო გიორგი ჭყოიძემ თადარიგში გადაინაცვლა. ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს ბურჯებმა – ბექა გიგაშვილმა და გიორგი მელიქიძემ, მეორე ხაზში ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ლაშა ჯაიანისა და დავით გიგაურის წყვილი, ტრავმა მოიშუშა და ძირითადში ბრუნდება მესამეხაზელი ბექა საღინაძე, ხოლო გიორგი თხილაიშვილი მარქაფაში იქნება. მესამე ხაზში თამაშს იწყებენ მიხეილ გაჩეჩილაძე და თორნიკე ჯალაღონია. მეორე ხაზში შეცვლაზე კვლავ ნოდარ ჭეიშვილი შევა, ხოლო ბურჯებს ნიკა აბულაძე და გია ხარაიშვილი შეცვლიან. აღსანიშნავია, რომ ყოჩების ბურჯი აბულაძე პირველ სანაკრებო კეპს მოიხვეჭს. მან გურამ გოგიჩაშვილის ადგილი დაიკავა, რომელიც შეთანხმების თანახმად ფრანგულ რასინგ 92-ს დაუბრუნდა.

ლაშა ხმალაძე რუმინეთთან ფულბეკის პოზიციაზე ითამაშებს

შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ლევან მაისაშვილი ამბობს: “ნიკამ კარგად იმუშავა ამ ოთხი კვირის განმავლობაშია. სამწუხაროა, რომ კუნთის დაჭიმვის გამო ქონდა პატარა ჩაგდება, მაგრამ ახლა კარგ ფორმაშია და დებიუტისთვის მზად არის. ნინიაშვილმა რუსეთთან მატჩის შემდეგ ტრავმა ვერ მოიშუშა და მის ნაცვლად ფულბეკად ლაშა ხმალაძეა. მისთვის ეს პოზიცია ნაცნობია და ამ ეტაპზე ვთვლით, რომ თამაში მან უნდა დაიწყოს. ძალიან კარგია, რომ ბექა საღინაძე დაგვიბრუნდა, რომელმაც კუნთის ტრავმის გამო წინა ორი შეხვედრა გამოტოვა. ფაქტობრივად, ამ ეტაპისთვის საუკეთესო შემადგენლობა დავაყენეთ“.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშება პარალელურად 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირიცაა. ამ დროისთვის, “ბორჯღალოსნები” 14 ქულით ლიდერობენ, “მუხის ფოთლები” კი 9 ქულით მეორენი არიან. მეტოქეებს უკვე 24-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 14 მატჩი საქართველომ მოიგო, 9 – რუმინეთმა, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან

15. ლაშა ხმალაძე (86 კეპი, 53 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (10 კეპი, 40 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (32 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (75 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (92 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (23 კეპი, 152 ქულა), 9. გელა აფრასიძე (33 კეპი, 24 ქულა); 1. ბექა გიგაშვილი (22 კეპი, 5 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (81 კეპი, 55 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (26 კეპი, 15 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (10 კეპი), 5. დავით გიგაური (10 კეპი, 5 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (15 კეპი, 10 ქულა), 7. ბექა საღინაძე (19 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (8 კეპი, 10 ქულა);

სათადარიგოები: 16. გიორგი ჭყოიძე (15 კეპი, 5 ქულა), 17. ნიკა აბულაძე (უკეპო), 18. გია ხარაიშვილი (3 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (29 კეპი), 20. გიორგი თხილაიშვილი (64 კეპი, 60 ქულა); 21. მიხეილ ალანია (4კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (1 კეპი), 23. სოსო მათიაშვილი (32 კეპი, 156 ქულა).

კომენტარები

ბოლო ამბები