Thumbnail
  • გრანდ სლემის პირველ დღეს ტატამზე 10 ქართველი ძიუდოისტი გავიდა
  • ქართველ ძიუდოისტებს ჯამში ხუთი მედლის მოგების შანსი აქვთ
  • ტურნირის ფინალური ბლოკი 17:00 სთ-იდან დაიწყება 

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ისტორიული გრანდ სლემი დაიწყო, რომლის პირველ საჭიდაო დღესაც ტატამზე 10 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, საიდანაც 5 ძიუდოისტს მედლის მოგების შანსი აქვს. სამწუხაროდ, შაქრო შათირიშვილი (60კგ), ლაშა ჩადუნელი (60კგ), ბექა წიფიანი (66კგ), მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი (ორივე 52კგ) უმედლოდ დარჩნენ.

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, თემურ ნოზაძე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. მან ფინალამდე 4 მეტოქე დაამარცხა: ტოკატარ უმუტალიევი (ყაზახეთი), ხუსტო როდრიგესი (ესპანეთი), არიუნბოლდ ენხატაივანი (მონღოლეთი) და თორნიკე ჭკადუა (ნიდერლანდები). ნოზაძის მეტოქე ფინალში უზბეკი ქემრან ნურილაევი იქნება.

თემურ ნოზაძემ ყველა ბრძოლა იპონით მოიგო

66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორი მედლის მოგების შანსი გვაქვს. ვაჟა მარგველაშვილი ფინალშია და იქ უზბეკ სარდორ ნურილაევს ხვდება. სამწუხაროდ, ვაჟას ბადეში მოხვდა ბაგრატ ნინიაშვილი, რომელსაც მარგველაშვილმა მეოთხედფინალში მოუგო. ვაჟამ ბაგრატს წუთსა და 3 წამში სძლია. ნინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს და მისი მეტოქე მონღოლი ხერლენ განბოლდი იქნება.

კოვიდ რეგულაციები თბილისის გრანდ სლემზე

ტატიანა ლევიცკა-შუკვანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. მან 52 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ნახევარფინალური ბრძოლა იტალიელ ოდეტ გიუფრიდასთან დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უნგრელ რეკა პუპის შეხვდება.

ეთერ ლიპარტელიანი ფინალშია! მან საოცრად იჭიდავა და ფინალში კოსოვოელ ნორა ჯაკოვას ხვდება. ლიპარტელიანს რთული მეტოქეები მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში ჰყავდა. მან ჯერ რუს დარია მეჟეცკაიას აჯობა მეოთხედფინალში იპონით, რის შემდეგაც ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს კრისტა დეგუჩისაც სძლია და ფინალში გავიდა.

📺 ეთერ ლიპარტელიანი v დარია მეჟეცკაია

📺 ეთერ ლიპარტელიანი V კრისტა დეგუჩი

კომენტარები

ბოლო ამბები