Thumbnail
  • 16 წლის მეტელკინასა და 21 წლის პარკმანს ასეთი რანგის ტურნირზე დებიუტი ჰქონდათ
  • სპორტულ წყვილებში ტურნირი რუსების ჰეგემონიით წარიმართა

ფიგურულ ციგურაობაში 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი მასპინძლობს, პირველი მედლების მფლობელთა ვინაობა გაირკვა. თავისუფალი პროგრამა სპორტულმა წყვილებმა შეასრულეს და ყინულზე ქართული დუეტიც ვიხილეთ 16 წლის ანასტასია მეტელკინასა და 21 წლის დანიილ პარკმანის შემადგენლობით.

ახალგაზრდა ქართული წყვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად გამოვიდა

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენებმა მათთვის სადებიუტო მსოფლიოს პირველობის მოკლე პროგრამაში 56.13 ქულა მიიღეს და ფინალში მე-14 ადგილით გავიდნენ, თავისუფალ პროგრამაში კი 100.60 ქულა (50.37 ტექნიკური ელემენტებისთვის+50.23 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურეს. ეს მაჩვენებელი ფინალში მე-16 იყო, ჯამში კი, მეტელკინამა და პარკმანმა 156.73 ქულა მოაგროვეს და საბოლოო შედეგებითაც მე-16 პოზიცია ერგოთ.

სპორტულ წყვილებში აშკარად გამორჩეულები იყვნენ რუსები, რომელთაც მოწინაცე 4 ადგილიდან 3 თავისთვის დაიტოვეს. მსოფლიოს ჩემპიონები მიშინა და გალიამოვი გახდნენ 227.59 ქულით, ვერცხლის მედლები ჩინელებს (სუი-ჰანი, 225.71 ქულა) ერგოთ, ბრინჯაო კი ისევ რუსებმა – ბოიკოვამა და კოზლოვსკიმ (217.63) დაისაკუთრეს.

დღეს მედლებს ქალები გაითამაშებენ და ფინალისტთა შორის 17 წლის ქართველ ალინა ურუშაძესაც ვიხილავთ, რომელმაც მოკლე პროგრამაში 59.89 ქულა (32.36 ტექნიკური ელემენტებისთვის+27.53 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღო და მე-18 შედეგი აჩვენა. შეჯიბრი სტარტს თბილისის დროით 21:00 საათზე აიღებს და ურუშაძე ყინულზე მე-7 ნომრად გავა. კაცებში, სადაც ძალებს მორის ყვითელაშვილი სცდის, ჩემპიონი 27 მარტს გამოვლინდება.

📺 მეტელკინას და პარკმანის თავისუფალი პროგრამა

კომენტარები

ბოლო ამბები