Thumbnail

ყვითელაშვილმა არაერთი შეცდომა დაუშვა, თუმცა, ფინალში მაინც გავიდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მორის ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში მხოლოდ 21-ე ადგილი დაიკავა
  • კაცთა პროგრამაში პრიზიორთა ვინაობა 27 მარტს გვეცოდინება

26 წლის ქართველმა სპორტსმენმა მორის ყვითელაშვილმა ფიგურულ ციგურაობაში 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში 21-ე შედეგი აჩვენა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, თუმცა, მის გამოსვლას წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მიმდინარე ტურნირზე კაცთა პროგრამამ სტარტი დღეს აიღო, ყვითელაშვილი კი ყინულზე ბოლო 33-ე ნომრად გავიდა და არაერთი შეცდომა დაუშვა, თუმცა, თავისუფალი პროგრამის შესრულების უფლება მაინც მიიღო, რადგანაც ფინალში 24 საუკეთესო გადიოდა.

მორისმა მსაჯებისგან 74.66 ქულა (37.63 ტექნიკური ელემენტებისთვის+37.03 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურა და ეს, იმ ფონზე, როდესაც მოკლე პროგრამაში ყვითელაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი 89.94 ქულაა (2018 წელს “როსტელეკომ ქაფზე” დააფიქსირა). ამ შედეგის გამეორების შემთხვევაში, ის დღეს მე-9 ადგილზე გავიდოდა.

მორის ყვითელაშვილს მოსალოდნელზე ცუდი გამოსვლა ჰქონდა

მოკლე პროგრამის შემდეგ საუკეთესო შედეგი იაპონელ იუძურუ ჰანიუს (106.98) აქვს, რომელსაც კვალში მისივე თანამემამულე იუმა კაგიამა (100.96), ამერიკელი ნათან ჩენი (98.85), რუსი მიხაილ კოლიადა (93.52) და კანადელი კიგან მესინგი (93.51) უდგანან.

ვაჟთა ტურნირში ჩემპიონის ვინაობა 27 მარტს გაირკვევა, დღეს კი, პირველი მედალოსნები სპორტული წყვილების შეჯიბრში გვეცოდინება. თბილისის დროით 21:10 საათიდან ყინულზე თავისუფალ პროგრამას 20 საუკეთესო წყვილი შეასრულებს, რომელთა შორის ქართველებიც არიან. 16 წლის ანასტასია მეტელკინამა და 21 წლის დანიილ პარკმანმა მათთვის სადებიუტო მსოფლიოს პირველობის მოკლე პროგრამაში მე-14 შედეგი აჩვენეს და ფინალში მე-7 ნომრად მოუწევთ გამოსვლა.

📺 ყვითელაშვილის მოკლე პროგრამა

კომენტარები

ბოლო ამბები