Thumbnail
  • ალინა ურუშაძემ მოკლე პროგრამაში 59.89 ქულა მიიღო და მე-18 ადგილი დაიკავა
  • ქართული დელეგაციის უმთავრესი იმედები მორის ყვითელაშვილს უკავშირდება

17 წლის ქართველმა სპორტსმენმა ალინა ურუშაძემ ფიგურულ ციგურაობაში 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ რაუნდში გასვლა მოახერხა. ეს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მოხდა, სადაც ფიგურისტთათვის წლის უმთავრესმა ტურნირმა სტარტი სწორედ დღეს აიღო.

ურუშაძემ მოკლე პროგრამაში 59.89 ქულა (32.36 ტექნიკური ელემენტებისთვის+27.53 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღო და საბოლოო ჯამში, მე-18 შედეგი აჩვენა, მაშინ, როდესაც ფინალში 30 მონაწილიდან 24 საუკეთესო გადიოდა. მოკლე პროგრამის შემდეგ, პირველ ადგილზე რუსი ანა შჩერბაკოვაა 81.00 ქულით, მას კი კვალში იაპონელი რიკა კიჰირა (79.08) და კიდევ ერთი რუსი ელიზავეტა ტუკტამიშევა (78.86) უდგანან. ქალთა შეჯიბრში ჩემპიონის ვინაობა 26 მარტს გაირკვევა.

ალინა ურუშაძე სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე

ცნობისთვის, ურუშაძე ლატვიის დედაქალაქ რიგაშია დაბადებული, საქართველოს სახელით კი 2018-2019 წლის სეზონიდან ასპარეზობს. მისი საუკეთესო ჯამური შედეგი 179.50 ქულაა, რისი წყალობითაც შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მე-5 ადგილი დაიკავა. ალინას 2019 წელს ლატვიასა და თურქეთში საერთაშორისო ტურნირებზე, შესაბამისად, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლები აქვს მოპოვებული. მისი მწვრთნელი და ქორეოგრაფი რუსები არიან: სვეტალანა სოკოლოვსკაია და ვიტალი ბუტიკოვი.

დღესვე, Ericsson Globe-ში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ძალებს სპორტული წყვილები სცდიან და ყინულზე საქართველოს ნაკრების წევრების – 16 წლის ანასტასია მეტელკინასა და 21 წლის დანიილ პარკმანის დუეტსაც ვიხილავთ. ისინი 2020 წლის სექტემბრიდან შედგნენ როგორც სპორტული წყვილი და 2021 წლის თებერვალში მოპოვებული ტექნიკური ქულების წყალობით, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებენ. დღეს, თბილისის დროით 21:30 საათიდან შეჯიბრში 24 დუეტი ჩაებმება, ფინალში კი საუკეთესო ოცეული გავა.

ცხადია, ქართული დელეგაციის უმთავრესი იმედები კაცთა ტურნირს უკავშირდება, სადაც 26 წლის მორის ყვითელაშვილი იასპარეზებს. ის საქართველოს სახელით 2016-2017 წლების სეზონიდან გამოდის, საუკეთესო მაჩვენებელი (163.94 ქულა) კი 2020 წლის ევროპის  ჩემპიონატზე ჰქონდა, როდესაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამას გარდა, ყვითელაშვილი ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველი ვაჟი სპორტსმენია, რომელიც 2019-2020 და 2020-2021 წლების გრან პრის გათამაშებებზე ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა.

📺 ალინა ურუშაძის მოკლე პროგრამა

კომენტარები

ბოლო ამბები