Thumbnail

'უკვე ძალიან შორს შევტოპეთ' - ირლანდიური რაგბის ლეგენდა 6 ერში ცვლილების მომხრეა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ირლანდიის ნაკრების ლეგენდარული მორაგბე და ამჟამად ლა როშელის მწვრთნელი რონან ო'გარა ექვსი ერის ფორმატის სავარაუდო ცვლილების საკითხს ეხმაურება. ის მომხრეა, რომ საქართველოს ნაკრების დარმა გუნდმა თავისი შანსი მიიღოს...

რონან ო'გარა მალხაზ ურჯუკაშვილის წინააღმდეგ. 2007 წ.

Irish Examiner-თან საუბარში ო'გარამ აღიარა, რომ ხუთი წლის წინათ მას იტალიის ნაკრები ეპატიჟებოდა, მაგრამ უარი თქვა. 

რონან ო'გარა: "რამდენიმე წლის წინათ, იყო შემოთავაზება ექვსი ერის მონაწილე ნაკრებისგან. კიდევ კარგი უარი ვთქვი. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ერთ და ორ წაგებაზეც კი ვცოფდები, თქვენ წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა ამხელა წაგებათა სერიის შემდეგ. რაც უნდა თამაშის ხარისხზე ვისაუბროთ, ყოველთვის არის საჭირო შედეგი. წარმოიდგინეთ, ყოველი თამაშის შემდეგ შედიხართ წაგებული გუნდის გასახდელში და ეს თქვენი გუნდია...

6 ერში აუცილებლად უნდა იყოს პლეი ოფი. 6 ერის ყველაზე ცუდ გუნდსა და მე-2 დონის საუკეთესო ნაკრებს შორის. უკვე ძალიან შევტოპეთ. ძალიან ძნელია შეეგუო ამ იტალიას, რომელიც არც ერთ ასპექტში არ პროგრესირებს. არ ვფიქრობ, რომ ეს იტალიის დასჯაა. ჩვენ მგსავსი არაფერი გვსურს. მაგრამ მე-2 დონის ქვეყნებზე, საქართველოზე, ესპანეთზე, გერმანიაზე, პორტუგალიაზეც უნდა ვიზრუნოთ. რაღაც უნდა შეიცვალოს, თორემ ახლა იმ გუნდს, ვინც იტალიით იწყებს დიდი უპირატესობა აქვს, რომ თვითრწმენა აიმაღლოს გარანტირებულ მატჩში, სანამ სხვებს დაუპირისპირდება".

პოდკასტში სარაგბო კორესპოდენტი პიტერ ჯეკსონი ეთანხმება ო'გარას: "ძალიან ვწუხვარ, როცა ასეთ იტალიას ვხედავ, მაგრამ მოდი ლიამ უილიამსი, ჰემიშ უოტსონი და სხვები ნუ გვატყუებენ, როცა მატჩის წინ ამბობენ, რომ იტალიასთან დიდი ბრძოლა ელით. ჩვენც ვხედავთ ყველაფერს! პირადად მე პლეი ოფში საქართველოსთან იტალიას დავუტოვებდი საშინაო არენის უპირატესობას. და თუ ქართველებს მაინც ვერ მოუგებენ, ესე იგი არ არიან ღირსები 6 ერში თამაშის". 

ირლანდიური რაგბის კიდევ ერთი ლეგენდა დონალ ლენიჰანიც იმავე აზრზეა: "არ შეიძლება მუდმივად გარანტირებულად ჰქონდეთ ადგილი. როგორ ეგუებიან, რომ ყოველ უიქენდზე 30-40 და მეტი ქულით აგებენ? ცუდი ისაა, რომ არ გვყავს მათი ღირსეული შემცვლელი. ისეთი გუნდი, რომ სულ მცირე, მათზე ნაკლებ კონკურენტუნარიანი არ იყოს". 

ო'გარას იტალიის ნაცვლად იაპონიის ჩართვაზეც შეეკითხნენ, ლა როშელის მწვრთნელი კატეგორიული წინააღმდეგია: "ექვს ერს თავისი ისტორია აქვს. ამას მირჩევნია, იტალია გავუშვათ და ისევ 5 ერი ვითამაშოთ, კალენდარში ერთი უიქენდიც გამოთავისუფლდება. ხალხს ძალიან უყვარს ეს ტურნირი, რომელშიც იაპონიის ჩართვა არ იქნებოდა კარგი ნაბიჯი". ლენიჰანი: "მეც 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ექვსი ერი ევროპულ ტურნირად უნდა დარჩეს. მეც უფრო იტალიის გაშვება და 5 ერად გადაკეთება გამიხარდება, ვიდრე ევროპულ ტურნირში იაპონიის, არგენტინის ან სამხრეთი აფრიკის ჩართვა". 

შეგახსენებთ, რომ "ათიანს" ირლანდიის ნაკრებში 128 მატჩი აქვს (მეორე შედეგი) და 1 083 ქულა. 2007 წელს ბორდოში, როცა ირლანდიის ნაკრებმა მხოლოდ 14:10 დაამარცხა საქართველოს ნაკრები, 10 ნომერზე სწორედ ო'გარამ ითამაშა და 2 გარდასახვა მიითვალა. 2019 წლიდან ის ფრანგული ლა როშელის თავკაცია. 

კომენტარები

ბოლო ამბები