Thumbnail
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთს 23-ე მატჩი მოუგო
  • ლევან მაისაშვილმა და მერაბ შარიქაძემ რუსებთან მატჩი შეაფასეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი სტუმრად კალინინგრადში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 23:6 გაიმარჯვა

აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების 25-ე დაპირისპირება იყო. "ბორჯღალოსნებმა" 23-ე დუელი (ზედიზედ მე-20) მოიგეს, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ერთიც (სულ პირველი მატჩი 1993 წელს) რუსეთის ნაკრებმა მოიგო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთთან 25-ე დაპირისპირება ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ შეაფასეს.

მერაბ შარიქაძე: ვფიქრობ, კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და კარგი ლელოებიც გავიტანეთ. თავისთავად იყო შეცდომებიც, რასაც ვერ გავექცევით, თუმცა ვთვლი, რომ მატჩიდან მატჩამდე ვვითარდებით. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ასპექტები ჯერ კიდევ გამოსასწორებელი გვაქვს, სანახაობრივი ლელოები გავიტანეთ და შემდეგ თამაშზე კიდევ უფრო თავდაჯერებული ვიქნებით.

ლევან მაისაშვილი: დაგეგმილი 5 ქულა ავიღეთ. ესპანეთის შემდეგ რთული კვირა გვქონდა, რადგან ფაქტობრივად სულ მგზავრობაში ვიყავით და ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგი თამაში აჩვენეს.

როგრც მატჩის წინ ავღნიშნე, მარტო მოგებაზე არ ვართ ორიენტირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი მოთამაშეებისთვის შანსის მიცემა. ბაბუნაშვილს ძალიან კარგი დებიუტი ჰქონდა. მან ბევრი იშრომა ამ შანსისთვის და ეს სრულებით დაიმსახურა.

ისე, როგორც ექვსი კვირის წინ, რუსეთმა დღესაც კარგად დაიწყო, მწვრთნელებს აშკარად ბევრი აქვთ ნამუშევარი და დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშებში რუსეთი ბევრად უკეთესი იქნება. ექვსი კვირის წინ თბილისში ჩატარებული მატჩი, ჩვენთვის პირველი იყო შემადგენლობის და შეკრების კუთხით. ახლა უკეთ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა.

''ბორჯღალოსნებმა'' რაგბი ევროპის ჩემპიონატზე სტუმრად ზედიზედ სამი მატჩი ჩაატარეს და სამივეში გამარჯვება იზეიმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ნაკრები ტურნირს 13 ქულით ლიდერობს და ჩემპიონობის მთავარი კანდიდატია.

კომენტარები

ბოლო ამბები