Thumbnail
  • 📅 20 მარტი | ⌚ 15:00 | 🏉 რუსეთი V საქართველო | 📺 TV იმედი
  • რუსეთის ნაკრებს ბოლო წამს კაპიტანი გამოაკლდა
  • საქართველო ესპანეთთან მძიმე მატჩის შემდეგ ითამაშებს
  • ყველაფერი, რაც მომავალი შეხვედრის შესახებ უნდა ვიცოდეთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩს პრინციპულ მეტოქედ მიჩნეულ რუსეთთან ჩაატარებს. თამაში შაბათს ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ კალინინგრადში ჩატარდება და “ბორჯღალოსნები” “დათვებს” ისტორიაში 25-ედ დაუპირისპირდებიან.

აქამდე რუსებთან 12-ჯერ თბილისში, 5-ჯერ კრასნოდარში, 3-ჯერ სოჭში, ერთხელ კრასნოიარსკში და სამჯერ ნეიტრალურ მოედანზე – სოპოტში (პოლონეთი), მარიუპოლსა (უკრაინა) და ტრაბზონში (თურქეთი) გვითამაშია. ამგვარად, მეტოქეს პირველად შევხვდებით კალინინგრადში, თუმცა ეს ქალაქი საქართველოსა და რუსეთის სარაგბო დაპირისპირებას უკვე იცნობს – 2019 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" მასპინძლები 64:10 გაანადგურეს.

ეროვნული ნაკრებების დონეზე, ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 1993 წლიდან იწყება და პირველ მატჩში მეტოქემ 15:9 იმარჯვა (სოპოტში). მას შემდეგ ერთადერთხელ, 2002 წელს დაფიქსირდა ფრე, ხოლო დანარჩენ 22 შემთხვევაში საქართველომ გაიმარჯვა – მათგან 19-ჯერ ზედიზედ. ლელოების სხვაობა 67/17-ზე, ხოლო ქულების – 595:267-ზეა. ყველაზე დიდი სხვაობით მეტოქე 2012 წელს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დავამარცხეთ – 46:0.

ბოლო ორი გასვლითი მატჩი (2018 და 2019 წლებში) რუსეთთან კრასნოდარში გვქონდა და მეტოქე ორივეჯერ ისე დავამარცხეთ, რომ ლელო არ გავატანინეთ – ჯერ 29:9 (რაც სტუმრად სარეკორდო სხვაობაა) და მერე – 22:6. “დათვებს“ ბოლოს თვენახევრის წინ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში თბილისში, უმაყურებლო “მიხეილ მესხზე” ვუმასპინძლეთ და 16:7 ვძლიეთ. ის თამაში სატურნირო კუთხით არაფერს წყვეტდა, ახლა კი სიტუაცია განსხვავებულია, რადგან წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა.

საქართველოს ნაკრების ვარჯიში კალინინგრადის თოვლიან მინდორზე
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

გასულ უქმეებზე ესპანეთთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შერკინების ხაზში სამი ცვლილებაა. წლევანდელ რაგბი ევროპაზე პირველ თამაშს ჩაატარებს კვაჭი გიორგი ჭყოიძე. ბექა გიგაშვილმა ადგილი შეინარჩუნა და ამჯერად მას გიორგი მელიქიძე შეუწყვილდება. მეორე ხაზის წყვილი უცვლელი დარჩა – ლაშა ჯაიანი და დავით გიგაური. მესამე ხაზში ძირითადში დაწინაურდა გიორგი თხილაიშვილი, ახალბედა ირაკლი ცხადაძემ კი თადარიგში გადაინაცვლა. მეორე ფლანკერის პოზიციაზე კვლავ – მიხეილ გაჩეჩილაძეს, ხოლო შერკინების შემკვრელად თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ. კვაჭის მარქაფაშია ჯაბა ბრეგვაძე, ხოლო ბურჯების პოზიციაზე შეცვლაზე გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი შემოვლენ. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილს ვიხილავთ.

წინა თამაშის შემდეგ, ერთი იძულებითი ცვლილებაა ხაზში. ესპანეთში, მატჩის დებიუტში დაშავდა დემე თაფლაძე და მის ნაცვლად მოედანზე სანდრო თოდუა შევიდა, რომელიც ახლა ძირითადშია. მარქაფაში გამოჩნდა სოსო მათიაშვილი, ხოლო სასტარტოში კვლავ ახალგაზრდა დავით ნინიაშვილია. აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნები” კალინინგრადში 30-კაციანი შემადგენლობით ჩავიდნენ, იქ კი მათ ორი ლეგიონერი – ილია სპანდერაშვილი და ნიკო აფციაური შეუერთდა. საქმე ისაა, რომ დღეს გუნდს COVID 19-ზე სწრაფი ტესტები ჩაუტარდება და სამი ან ნაკლები დადებითი პასუხის შემთხვევაში მატჩი შედგება. სწორედ ამიტომ, გუნდს ყველა პოზიციაზე თითო სარეზერვო მოთამაშე ჰყავს.

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “ესპანეთთან მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში დიდი როტაცია არ გაგვიკეთებია. ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე, ტრავმის გამო რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა. სამწუხაროდ, ვერ გამოჯანმრთელდა ბექა საღინაძე. ასევე დაგვაკლდება ვასილ ლობჟანიძე, რომლის გამოცდილება ფასდაუდებელია. ტრავმირებულია დემე თაფლაძეც. ამ ფონზე ფაქტობრივად დიდი არჩევანი არც გვქონდა და არსებული რესურსით, მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა დავაყენეთ. გუნდში მრავლად არიან ახალგაზრდა მორაგბეები, რომლებმაც ეს ტვირთი უნდა იტვირთონ. ბევრი მათგანისთვის ესაა შანსი, რომელსაც გამოყენება უნდა და არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ასეთ ფონზე დაწინაურებულ მოთამაშეს, ძირითადში დაუმკვიდრებია ადგილი. გუნდის შემართება მაღალ დონეზეა და მათი შესაძლებლობები სწორედ ასეთ მატჩებში გამოიცდება”.

რუმინეთთან თამშისგან განსხვავებით, სასტარტო რაზმში 2 ცვლილება განახორციელა რუსეთის ნაკრების უელსელმა თავკაცმა ლინ ჯონსმა. ტრავმირებული კირილ გოტოვცევისა და ვლადისლავ პერესტიაკის ნაცვლად, მინდორზე ვლადიმირ პოდრეზოვი და გერმან სილენკო გამოჩნდებიან. თადარიგში ვხედავთ სტეპან სერიაკოვსა და დენის ბარაბანცევს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში დებიუტის მოლოდინში არიან.

რუსეთის ნაკრებმა ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მძიმე დანაკლისი განიცადა

ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე დაშავდა და “ბორჯღალოსნებთან” მატჩში ვერ ითამაშებს “დათვების” კაპიტანი ვიკტორ გრესევი. პენზის ლოკომოტივის მესამეხაზელს ეროვნულ ნაკრებში 112 მატჩი აქვს ჩატარებული და აქტივში 110 ქულა აქვს, ამდენად, რუსები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა, მიკროტრავმამ ის განაცხადის მიღმა დატოვა.

აღნიშნულის გამო, გრესევის ნაცვლად, 8 ნომრის პოზიციაზე სლავას ფორვარდი ნიკიტა ვავილინი გამოჩნდება, 7 ნომრად კი მეტალურგის წევრი ანტონ სიჩოვს ვიხილავთ. ცხადია, 1 ადგილი სათადარიგოთა სკამზე გამოთავისუფლდა, რომელსაც სტრელას ფორვარდი რომან ხოდინი შეავსებს. გაირკვა ისიც, რომ გრესევის მაგივრად, გუნდს კაპიტნის სამკლავურით ფრანგული გრენობლის 33 წლის ლეგიონერი ანდრეი ოსტრიკოვი გაიყვანს.

ევგენი მიშეჩკინი (რუსეთის ნაკრების მორაგბე): “საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ძალიან კარგი საწვრთნელი ციკლი გავიარეთ და ჩინებული განწყობა გვაქვს. ვიცით, რომ მეტოქეს რამდენიმე საკვანძო მორაგბე დაშავებული ჰყავს და ესპანეთთან საკმაოდ რთული ბრძოლა გადაიტანა. მიუხედავად ამისა, საქართველო მაინც ძლიერ მოწინააღმდეგედ რჩება. ვეცადეთ, ქართველების თამაში დეტალურად გაგვერჩია, განსაკუთრებით მათი მოქმედება შერკინებაში. მწვრთნელებმა ვიდეოზე გვაჩვენეს, მეტოქის ფორვარდები როგორ მოქმედებენ. დიდი ყურადღება დავუთმეთ სწრაფ რაგბს, რადგანაც ქართველებს ამ მიმართულებითაც ვაჯობოთ. საერთო ჯამში, გასულმა მატჩმაც დააადასტურა, რომ რუსეთის ნაკრებს საქართველოსთან თანაბრად ბრძოლა შეუძლია, მათ შორის, შერკინებაში. ვიცით ჩვენი და მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, ასე რომ, ვეცდებით, ყველას ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია. უდიდესი სურვილი გვაქვს, რომ მოვიგოთ და წარუმატებელი სერია შევწყვიტოთ”.

წლევანდელ რაგბი ევროპაზე ბორჯღალოსნებმა უკვე ორი თამაში გამართეს და პირველ ტურში პორტუგალია ლისაბონში ბონუსით, 29:16 დაამარცხეს, გასულ კვირას კი მადრიდში ესპანეთს 25:19 სძლიეს. რუსეთმა ორი კვირის წინ რუმინეთს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ჯარიმების წყალობით, 18:13 მოუგო, ხოლო მეორე ტურში ისვენებდა. ამ დროისთვის, “ბორჯღალოსნები” ტურნირს 9 ქულით ლიდერობენ, რუსეთი კი 4 ქულით მესამეა.

ვთქვათ ისიც, რომ რუსეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩს იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი ანდრეა პიარდი იქნება, რომელიც გასული წლის მიწურულს, “ბორჯღალოსანთა” ორ მატჩზე გვერდით მსაჯად იყო დანიშნული. მან ირლანდიასთან და ფიჯისთან გვიმსაჯა. ისვე იყო ლაინსმენი 2018 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოსა და იაპონიის მატჩში. პიარდის კიდეებიდან მანუელ ბოტინო და მატეო ფრანკო დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი მატეო ლიპერინი იქნება.

რუსეთი V საქართველო

რუსეთი: 15. ალეკსანდრ ბუდიჩენკო, 14, ანდრეი კარზანოვი, 13. გერმან დავიდოვი, 12. კირილ გოლოსნიცკი, 11. ვასილი არტემიევი, 10. რამილ გაისინი, 9. კონსტანტინ უზუნოვი; 1. ვალერი მოროზოვი, 2. სტანისლავ სელსკი, 3. ვლადიმირ პოდრეზოვი, 4. ანდრეი ოსტრიკოვი (კაპ.), 5. ბოგდან ფედოტკო, 6. გერმან სილენკო, 7. ანტონ სიჩოვი, 8. ნიკიტა ვავილინი.
სათადარიგოები: 16. შამილ მაგომედოვი, 17. ევგენი მიშეჩკინი, 18. სტეპან სერიაკოვი, 19. ალეკსანდრ ილინი, 20. რომან ხოდინი, 21. დენის ბარაბანცევი, 22. იური კუშნარიოვი, 23. ხეტაგ ძობელოვი.

საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე; 1. ბექა გიგაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ჯაიანი, 5. დავით გიგაური, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.
სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ირაკლი ცხადაძე; 21. მიხეილ ალანია, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. სოსო მათიაშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები