Thumbnail
  • ავთანდილ კენჭაძემ ის ორთაბრძოლა მოიგო, რომელშიც 0:6 მარცხდებოდა
  • 20 მარტიდან საკვალიფიკაციო ტურნირში ბერძენ-რომაელები ჩაებმებიან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ავთანდილ კენჭაძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზურის მფლობელი გახდა. 25 წლის ქართველმა ფალავანმა წარმატებას უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიაღწია, სადაც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი მიმდინარეობს.

კენჭაძემ გადამწყვეტი ორთაბრძოლა ნახევარფინალში ბულგარეთის სახელით მოჭიდავე ალი პაშა უმარპაშაევს მოუგო და ეს ძალიან დრამატულ შერკინებაში გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ბულგარელი მალევე დაწინაურდა 6:0, თუმცა, ქართველმა მოჭიდავემ შეხვედრაში გარდატეხის შეტანა მოახერხა. ავთანდილმა საპასუხო 2 ქულა მიითვალა, მალევე კიდევ ერთი ილეთით ანგარიში 4:6 გახადა და იქვე მეტოქის შებოჭვაც შესძლო, რისი წყალობითაც წმინდა გამარჯვება გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ კენჭაძემ, ვინც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია, პირველ წრეში უკრაინელი დენის პავლოვი 14:4 დაამარცხა, მერვედფინალში სომეხ ჰრაირ ალიხანიანს 10:2 სძლია, მეოთხედფინალში კი ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდისს 14:9 მოუგო. ავთანდილმა მთავარი ამოცანა ნახევარფინალის მოგებით გადაწყვიტა, რადგანაც ოლიმპიადაზე გამგზავრების უფლებას უნგრული ტურნირის ფინალისტები იღებდნენ. ამდენად, ხვალინდელ ფინალს, რომელშიც კენჭაძე აზერბაიჯანელ ხაჯიმურად გაჯიევს შეერკინება, მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობა აქვს.

ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) წმინდად გააკრა ბეჭებზე ბულგარეთის წარმომადგენელი უმარპაშაევი და ბუდაპეშტის საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში გავიდა რითაც ავტომატურად მოიპოვა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Thursday, March 18, 2021


შეგახსენებთ, რომ დღესვე ხალიჩაზე ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.) და სანდრო ამინაშვილიც (86 კგ.) გავიდნენ, თუმცა, მათ საღამოს სესიამდე მისვლა ვერ მოახერხეს. აქვე ვთქვათ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ტოკიოს საგზურებს 20 მარტს დაინაწილებენ, ხოლო საპრიზო სამეულებს 21-ში შეავსებენ. საქართველოს ნაკრები უნგრეთში შემდეგი შემადგენლობითაა ჩასული: ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.), რამაზ ზოიძე (67 კგ.), გელა ბოლქვაძე (77 კგ.) და ლაშა გობაძე (87 კგ.).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებს ტოკიოს საგზურები ორ-ორ წონით კატეგორიაში აქვთ განაღდებული. 2019 წლის შემოდგომაზე, ყაზახეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოლიმპიური ნორმატივი ბერძენ-რომაელთაგან გიორგი მელიამა (97 კგ.) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ.) შეასრულეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან კი - ელიზბარ ოდიკაძემა (97 კგ.) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.).

ბუდაპეშტის ტურნირი ულიცენზიო მოჭიდავეთათვის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის ბოლოსწინა შანსია, უკანასკნელი შანსი კი სოფიის ტურნირი იქნება, რომელიც 6-9 მაისს გაიმართება. ბულგარეთშიც მხოლოდ ფინალისტები მოიპოვებენ ოლიმპიადის საგზურებს, ოღონდ, უნგრეთისგან განსხვავებით, იქ მთელი მსოფლიოდან ჩავლენ სპორტსმენები.

📺 კენჭაძე V უმარპაშაევი

კომენტარები

ბოლო ამბები