Thumbnail
  • ბუდაპეშტში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი დაიწყო
  • შეჯიბრის სასტარტო დღეს საღამოს სესიამდე მისვლა 4-დან ერთმა ქართველმა მოახერხა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტი აიღო ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირმა ჭიდაობაში, რომელშიც დღეს საქართველოს ნაკრების 4 წევრი ჩაება. სამწუხაროდ, მათგან საღამოს სესიაში მხოლოდ ერთი – მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) გავიდა და ტოკიოს საგზურისთვის ბრძოლასაც აგრძელებს.

კენჭაძემ პირველ წრეში უკრაინელი დენის პავლოვი 14:4 დაამარცხა, მერვედფინალში სომეხ ჰრაირ ალიხანიანს 10:2 სძლია, მეოთხედფინალში კი ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდისს 14:9 მოუგო. ნახევარფინალში ავთანდილის მეტოქე ბულგარელი ალი პაშა უმარპაშევი იქნება და მისი ძლევის შემთხვევაში, ოლიმპიადაზე გამგზავრების უფლებასაც მიიღებს, რადგანაც საგზურებს უნგრული ტურნირის ფინალისტები იღებენ. ცნობისთვის, საღამოს სესია სტარტს თბილისის დროით 21:00 საათზე აიღებს, ფინალები კი 19 მარტსაა დაგეგმილი.

საღამოს სესიამდე მისვლა ვერ შესძლეს საქართველოს ნაკრების სხვა წევრებმა. ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ.) ჩრდილომაკედონიელი ვლადიმირ ეგოროვი კი დაამარცხა (10:0), თუმცა, სომეხ არსენ არუთუნიანთან ვერაფერი გააწყო – 5:10. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გზიდან უკრაინელი ვასილ შუპტარი (3:1) და ფრანგი ილმან მუხტაროვი (8:2) ჩამოიცილა, რასაც სომეხ ვაზგენ ტევანიანთან წაგება (4:6) მოჰყვა, სანდრო ამინაშვილმა კი პოლონელი სებასტიან იეზიერჟანსკის ბარიერის გავლის (4:2) მერე, სლოვაკ ბორის მაკოევთან ქულა ვერ აიღო – 0:6.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ტოკიოს საგზურებს 20 მარტს დაინაწილებენ, ხოლო საპრიზო სამეულებს 21-ში შეავსებენ. საქართველოს ნაკრები უნგრეთში შემდეგი შემადგენლობითაა ჩასული: ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.), რამაზ ზოიძე (67 კგ.), გელა ბოლქვაძე (77 კგ.) და ლაშა გობაძე (87 კგ.).

შეგახსენებთ, რიმ საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებს ტოკიოს საგზურები ორ-ორ წონით კატეგორიაში აქვთ განაღდებული. 2019 წლის შემოდგომაზე, ყაზახეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოლიმპიური ნორმატივი ბერძენ-რომაელთაგან გიორგი მელიამა (97 კგ.) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ.) შეასრულეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან კი - ელიზბარ ოდიკაძემა (97 კგ.) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.).

ბუდაპეშტის ტურნირი ულიცენზიო მოჭიდავეთათვის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის ბოლოსწინა შანსია, უკანასკნელი შანსი კი სოფიის ტურნირი იქნება, რომელიც 6-9 მაისს გაიმართება. ბულგარეთშიც მხოლოდ ფინალისტები მოიპოვებენ ოლიმპიადის საგზურებს, ოღონდ, უნგრეთისგან განსხვავებით, იქ მთელი მსოფლიოდან ჩავლენ სპორტსმენები.

📺 ამინაშვილი V კუგიუმციდისი (1/4-ფინალი)

კომენტარები

ბოლო ამბები