Thumbnail

MMA | ელგუჯა გოგია V მერუჟან პალიანი - მეორე ტურის ერთ-ერთი მთავარი ჩხუბის წინ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

24 მარტს, MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის ორთაბრძოლები ჩატარდება. პირველობის ორგანიზატორი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციაა. მეორე ტურში მონაწილეობას 18 სპორტსმენი მიიღებს. ტური 20:00-ზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე იქნება.

მეორე ტურის MAIN CARD-ის ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა ელგუჯა გოგიასა და მერუჟან პალიანის შეხვედრა იქნება. ვფიქრობთ, ფოთელი და ახალციხელი მებრძოლების ჯახი, 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, MAIN CARD-ის ერთ-ერთ მშვენებად უნდა იქცეს.

ორივე მხოლოდ ერთ შედეგზე ფიქრობს და გამარჯვებისთვის ოქტაგონზე ყველაფერს გააკეთებენ. ელგუჯა გოგიამ პირველ ტურში ილია ქარუხნიშვილს აჯობა და ეს ბრძოლა მაგარი სანახავი იყო. პალიანმა კი თორნიკე ვარადაშვილთან საქმე პირველივე რაუნდში გაარკვია და ახლა მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება, რაც მარტივი საქმე არ იქნება.

მებრძოლების სტილი ერთმანეთისას ჰგავს, ორივე საკმაოდ აქტიურია და შეტევაზე სწრაფად გადადიან. სწორედ ამიტომ, ეს ბრძოლა არ უნდა გამოტოვოთ. პოპსპორტი მებრძოლთა კომენტარებს გთავაზობთ. ორივე მერბრძოლი მეტოქის მიმართ პატივისცემას გამოხატავს და ამბობენ, რომ რთული და მძიმე შეხვედრა გველის.

ელგუჯა გოგია (კლუბი ფოთი)
''პირველი ბრძოლა საინტერესო გამოვიდა. ქარუხნიშვილი ფიზიკურად ჩემზე ძლიერი იყო, თუმცა კარგი მომზადებით ვაჯობე. ბრძოლის მოგება ძალიან გამიჭირდა, მესამე რაუნდში მაქსიმალურად მოვინდომე, მივხვდი, რომ ამ ბრძოლის მოგება შემეძლო და გამარჯვებაც მოვიპოვე.

ძალიან კარგი ტურნირი ჩატარდა. ეს ყველაფერი მებრძოლებს განვითარებაში დაეხმარება და კიდევ უფრო მეტი მოინდომებს სპორტის ამ სახეობაში ჩართვას. მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემს კარიერაში პირველი პროფესიონალური ჩხუბი იყო და საერთოდაც, ოქტაგონზე პირველად გავედი. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო მიხარია, რომ ბრძოლა მოვიგე.

მერუჟანი ძალიან ძლიერი და გამოცდილი მებრძოლია. მას ჩემზე მეტი ბრძოლა აქვს ჩატარებული. მის სტილს დავაკვირდი - დგომშიც და პარტერშიც ძლიერია. მასთან ბრძოლის დროს მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვიყო, რათა შეცდომა არ დავუშვა და ბრძოლა ჩემ სასარგებლოდ დავასრულო.''

ელგუჯა გოგიამ გამარჯვება მძიმე ბრძოლაში მოიპოვა

მერუჟან პალიანი (კლუბი 13 LEGION):
''მეტოქეს ყოველთვის ვაფასებ. საქმეს ყოველთვის სერიოზულად ვეკიდები და ვიცი, რომ ოქტაგონზე გასვლამდე ისიც ჩემსავით ემზადება და ბრძოლისთვის მაქსიმუმს აკეთებს. თორნიკე ჩემზე მაღალი იყო და გარკვეული უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ბრძოლის პარტერში გადაყვანა მოვახერხე და იქ ჩემი უპირატესობა აშკარა გახდა.

ჩემპიონატი უმაღლეს დონზე ჩატარდა. ეტყობოდა, რომ ამ საქმეზე პროფესიონალები მუშაობდნენ - მომეწონა გარემო და ჩემპიონატის გაშუქება. უცხოურ ორგანიზაციებში როგორც არის, ზუსტად ისე იყო. ვიცი, რომ აქ გამარჯვებების შემთხვევაში ქვეყნის ჩემპიონი გავხდები, რის შემდეგაც საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩხუბის შესაძლებლობაც მომეცემა.

ელგუჯა კარგი ბიჭია, ფიზიკურად ძლიერი ჩანს. მისი ბრძოლა ვნახე, დგომშიც ძლიერია და ჭიდაობაც შეუძლია. მე ჩემი უპირატესობის გამოყენებას შევეცდები. მინდა, რომ ზედიზედ მეორე გამარჯვება ვიზეიმო.''

მერუჟან პალიანმა ვარადაშვილთან მოგება ემოციურად აღნიშნა

24-ში ოქტაგონზე ჯამში 9 წყვილი იჩხუბებს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო დარბაზში გულშემატკივრის დასწრება შეზღუდულია.

კომენტარები

ბოლო ამბები