Thumbnail

რაგბი ევროპა | მზადება რუსეთთან მატჩისთვის - შემადგენლობაში ცვლილებებია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბორჯღალოსნების რიგებს ორი ახალი მორაგბე შეუერთდა
  • რუსეთთან მატჩის წინ ლევან მაისაშვილმა მზადების პროცესზე ილაპარაკა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპას მე-3 ტურში რუსეთის ნაკრებთან მატჩისთვის ემზადება. მოგეხსენებათ, 2021 წლის რაგბი ევროპა პარალელურად 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა და ამდენად, თითოეული მატჩის მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდია.

ესპანეთთან გამარჯვების (25:19) შემდეგ "ბორჯღალოსნები" თბილისში დაბრუნდნენ და რუსეთთან პრინციპული შეხვედრისთვის შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ემზადებიან.

ლევან მაისაშვილის გუნდს ტრავმის გამო ვასილ ლობჟანიძე გამოაკლდა, მაგრამ ეს ერთადერთი პრობლემა არ არის. დაზიანებები აღენიშნებათ ბექა საღინაძეს,დემე თაფლაძეს, ნიკა აბულაძეს და რუსეთთან მათი თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია. ამიტომაც, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა და ორი ახალი მორაგბე დაემატა - გიორგი მარგალიტაძე და ლუკა გოგინავა.

მარგალიტაძე ლელო-სარასენსის 9 ნომერია და გაფართოებულ შემადგენლობაში აქამდეც რამდენჯერმე იყო მიწვეული, ხოლო გოგინავა ეროვნულ გუნდში პირველად მიიწვიეს. ის ფრანგული ანგულემის ღირსებას იცავს.

ბორჯღალოსნები რუსეთთან მატჩისთვის თბილისში ემზადებიან
📷 | rugby.ge

რუსეთთან მატჩის მზადების პროცესზე და "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში ცვლილებებზე მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა დეტალურად ისაუბრა:

"მთელი დღე მგზავრობაში გავატარეთ, საქართველოში გვიან ღამით ჩამოვედით და მოთამაშეებს დასვენების საშუალება მივეცით. საღამოს გვექნება კრება და განვლილი თამაშის გარჩევა, ასევე ერთსაათიანი ძალიან დაბალი ინტენსივობის ვარჯიში.

გვაქვს წვრილ-წვრილი ტრავმები, რის პროვოცირებასაც მგზავრობაც ახდენს. ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, რომ ესპანეთიდან პირდაპირ კალინინგრადში ჩავსულიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვადასხვა რეგულაციების გამო ასე არ გამოვიდა. რუსეთთან მატჩისთვის მოსამზადებლად მხოლოდ ხვალინდელი დღე გვრჩება და ის ვერ იქნება მაღალი ინტენსივობის. ხუთშაბათს კვლავ მგზავრობა გვიწევს და კალინინგრადში გავემგზავრებით, პარასკევს კი კაპიტნის ვარჯიშია.

აღდგენა ნორმალურად მიდის. საკუთარ ბაზაზე ვართ, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობთ. ვითვალისწინებთ საათობრივ სარტყელს და ვცდილობთ იქაურ რეჟიმს მოვერგოთ. სამწუხაროდ, მხარი დაიზიანა და რუსეთთან ვერ ითამაშებს დემე თაფლაძე. მისი ტრავმის სიმძიმე დღეს გახდება ცნობილი. ასევე დაგვაკლდება ვასილ ლობჟანიძე. 99%-იანი ალბათობით ვერ ითამაშებს ბექა საღინაძე. ლიმიტირებულია აბულაძე. ამ ფონზე დავიმატეთ გიორგი მარგალიტაძე და ლუკა გოგინავა, რადგან ერთით მეტი ბურჯის ყოლა აუცილებელია. არაა გამორიცხული, რომ რეზერვის სახით გამოვიძახოთ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ორი მორაგბე, რათა ყოველგვარი მოულოდნელობებისგან დაზღვეული ვიყოთ", - თქვა მაისაშვილმა.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (20 კეპი, 5 ქულა), ბექა გიგაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), გია ხარაიშვილი (2), გიორგი მელიქიძე (25 კეპი, 15 ქულა), ნიკა აბულაძე (უკეპო), ლუკა გოგინავა (უკეპო).
კვაჭები:
შალვა მამუკაშვილი (81 კეპი, 55 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (64 კეპი, 25 ქულა), გიორგი ჭყოიძე (14 კეპი, 5 ქულა).
მეორე ხაზი:
ნოდარ ჭეიშვილი (28 კეპი), ლაშა ჯაიანი (9 კეპი), გიორგი ჯავახია (5 კეპი), დავით გიგაური (9 კეპი, 5 ქულა).
მესამე ხაზი
: გიორგი თხილაიშვილი (63 კეპი, 60 ქულა), ბექა საღინაძე (19 კეპი, 15 ქულა), ირაკლი ცხადაძე (2), მიხეილ გაჩეჩილაძე (14 კეპი, 10 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (7 კეპი, 10 ქულა).

ღერძი

გელა აფრასიძე (32 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (3 კეპი), გიორგი მარგალიტაძე (უკეპო); თედო აბჟანდაძე (22 კეპი, 139 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), ლაშა ხმალაძე (86 კეპი, 53 ქულა).
ხაზი:
მერაბ შარიქაძე (74 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (9 კეპი, 35 ქულა), მირიან მოდებაძე (15 კეპი, 35 ქულა), გიორგი კვესელაძე (31 კეპი, 25 ქულა), სანდრო თოდუა (91 კეპი, 65 ქულა), სანდრო სვანიძე (1 კეპი), სოსო მათიაშვილი (31 კეპი, 156 ქულა), დავით ნინიაშვილი (4 კეპი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპას ორი ტურის თავზე 9 ქულით ლიდერობს, მას შემდეგ, რაც პორტუგალიასა და ესპანეთს აჯობა (ლუზიტანელებს ბონუსქულით), ხოლო რუსეთის ნაკრებს 20 მარტს, 15:00 საათზე კალინინგრადში დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები