Thumbnail
  • 48 წლის ქართველი სპეციალისტი ფახთაქორთან განშორების შემდეგ დაუსაქმებელია
  • შოთა არველაძის მიწვევით სტამბოლის კლუბი - ფათიჰ კარაგიუმრიუკი ინტერესდება
  • ამ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძეა, ფეხბურთელი კი - ვატო არველაძე 

შოთა არველაძე, რომელიც ტაშკენტის ფახთაქორთან განშორების შემდეგ დაუსაქმებელია, შესაძლოა თურქეთში დაბრუნდეს. თურქული მედიის ინფორმაციით, 48 წლის ქართველ სპეციალისტს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ფათიჰ კარაგიუმრიუკი განიხილავს.

შოთა ფახთაქორს გასული წლის ბოლოს დაშორდა და ამჟამად წინადადებს განიხილავს

სტამბოლის კლუბიდან, რომლის ღირსებას შოთას ძმიშვილი, ვატო არველაძე იცავს, ხოლო მისი ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძეა, ახლახან თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი შენოლ ჯანი გაუშვეს. ფათიჰ კარაგიუმრიუკის პრეზიდენტი სულეიმან ხურმა შოთას საკმაოდ კარგად, ჯერ კიდევ კაისერისპორსა და ტრაბზონსპორში მუშაობის პერიოდიდან იცნობს და როგორც ირკვევა, ქართველი სპეციალისტი ვაკანტურ პოსტზე მთავარი კანდიდატია.

ფათიჰ კარაგიუმრიუკს, რომელმაც თურქეთის სუპერლიგაში ზედიზედ ბოლო ორი თამაში წააგო, 29 მატჩში 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს. გუნდი მომდევნო ტურში, 19 მარტს, კაისერისპორს მასპინძლობს და სწორედ ამ თამაშის შემდეგ გადაწყდება, გახდება თუ არა შოთა არველაძე სტამბოლის გუნდის მთავარი მწვრთნელი.

ვატო არველაძე კარაგიუმრიუკს შარშან აგვისტოში შეუერთდა

შოთა არველაძეს, რომელმაც თურქეთში სახელი ჯერ კიდევ ტრაბზონსპორში თამაშით გაითქვა, ამ ქვეყანაში მწვრთნელად მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვს. 2010-15 წლებში შოთა კაისერისპორს, ქასიმფაშასა და ტრაბზონსპორს წვრთნიდა.

ქართველი სპეციალიტი ბოლოს უზბეკეთში მუშაობდა, სადაც ფახთაქორს ორ-ორჯერ ქვეყნის ჩემპიონობა და თასი, ჯამში  კი 5 ტიტული მოაპოვებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები