Thumbnail

MMA | ლუკა ბრეგვაძე v ბექა თამლიანი - სუპერდაპირისპირების მოლოდინში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

24 მარტს, MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის ორთაბრძოლები ჩატარდება. პირველობის ორგანიზატორი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციაა. მეორე ტურში მონაწილეობას 18 სპორტსმენი მიიღებს. ჩემპიონატი 20:00-ზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე იქნება.

მეორე ტურის ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა 77 კილოგრამამდე წონაში, ბექა თამლიანსა და ლუკა ბრეგვაძეს შორის გაიმართება. პირველ ტურში ბრეგვაძის დარტყმებს იბრაგიმ ბაკაევმა ვერ გაუძლო, ბრეგვაძე დომინანტი იყო და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

მისი მეტოქე ახლა ბექა თამლიანია, რომელმაც გიორგი კაბულაშვილს პირველ ტურში რევანშის საშუალება არ მისცა. თამლიანს სახე გაუსკდა, სისხლიც სდიოდა, თუმცა ბრძოლა ბოლომდე ჩაამთავრა და გამარჯვებაც იზეიმა. ეს შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს და არ უნდა გამოტოვოთ. პოპსპორტი მებრძოლთა კომენტარებს გთავაზობთ - რას ფიქრობენ მეტოქეზე და როგორ აფასებენ პირველ ტურში ჩატარებულ შეხვედრებს.

ბექა თამლიანი (კლუბი WARRIORS TBILISI):
"პირველმა ტურმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ჩემს მოწინააღმდეგესთან აუცილებლად გამარჯვება მსურდა, მოგების მოლოდინიც მქონდა, თუმცა ცოტა გამიჭირდა. წინა შეხვედრასთან შედარებით, გიორგი კაბულაშვილი ბევრად უკეთ იყო მომზადებული.

ბრძოლას კარგად უფრო პარტერში ყოფნის დროს ვაკონტროლებ. შესაბამისად, ჭიდაობას უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევდი. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, რის შემდეგაც სიტუაცია ამერია, მაგრამ პარტერში ჩასვლის შემდეგ მივხვდი, რომ მოვიგებდი. მეტოქეს ყელი ჩავუკეტე და მახრჩობელათი მოვიგე. ბრძოლისთვის რა გეგმაც მქონდა მომზადებული, შევასრულე. აქცენტი პარტერტზე მქონდა გადატანილი და გამომივიდა, რაც დავგეგმე.

თვალში რომ მომხვდა და სახე გამისკდა, წამიერად დავიბენი, თუმცა მალევე ვკონცენტრირდი და ბრძოლის ჩემი უპირატესობით წაყვანა ვცადე. საშიში მომენტი იყო, სისხლდენა თუ ვერ ჩერდება, ბრძოლას აჩერებენ და აგებ. ამის საშიშროება ნამდვილად იყო. ბრეგვაძე ძლიერი მეტოქეა, დგომში თავს კარგად გრძნობს. სწორედ ამიტომ, მე აქცენტს ისევ პარტერზე გავაკეთებ. ალბათ, 3 რაუნდი მომიწევს ჩხუბი, აქცენტი გამძლეობაზე იქნება გადატანილი.

სპორტის ამ სახეობას კარგი მომავალი აქვს და მინდა, რომ კიდევ უფრო განვითარდეს. ყველა სპორტსმენის მიზანი UFC-ში მოხვედრაა. ჯერ მსურს, რომ საქართველოში ამოვწურო საკუთარი თავი და მჯერა, რომ ეს ბრძოლები დიდ გამოცდილებას მომცემს."

პირველი ტური: თამლიანი კაბულაშვილის წინააღმდეგ

ლუკა ბრეგვაძე (კლუბი ვეფხისტყაოსანი):
"ვეფხისტყაოსანი საკმაოდ ძველი და ძლიერი გუნდია. მეც ამ კლუბის წარმომადგენელი ვარ. პირველ ტურში გუნდის ღირსება ხუთმა მებრძოლმა დაიცვა და ხუთივემ გამარჯვება მოიპოვა, 5:0 დავაფიქსირეთ. მოულოდნელი არაფერი ყოფილა, ყველაფერს წინასწარ ვგეგმავთ და სტრატეგია, რომელიც დავსახეთ, შევასრულეთ კიდეც.

როცა მეტოქეს მუხლი მოვარტყი, მივხვდი, რომ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებდი. ჩხუბს დგომში ვიწყებ ყოველთვის. ბაკაევთანაც ბრძოლაც დგომში დავიწყე და რამდენჯერმე მოვარტყი მეტოქეს. ბრძოლა ყოველთვის დაზვერვით იწყება, დაზვერვის შემდეგ მივხვდი, რომ გამარჯვება შემეძლო და იდაყვებით რამდენიმე დარტყმა განვახორციელე. იდაყვებით მუშაობა ძალიან დამეხმარა. მეორე რაუნდში ვიცოდი, რომ გამარჯვება უკვე მე დამრჩებოდა. ბექა კარგი მეტოქეა, დგომსა და ქვეჭიდშიც ძლიერია, მიზანი ბუნებრივია გამარჯვებაა.

მინდოდა, რომ სპორტში აქტიურად ვყოფილიყავი ჩაბმული. MMA-ში პირველი ჩხუბის შემდეგ გადავწყვიტე, რომ სწორედ ამ სპორტს უნდა გავყოლოდი. მინდა, რომ ამ სპორტში უფრო მეტს მივაღწიო. პირველი მიზანი საქართველოს ჩემპიონატის მოგებაა, რის შემდეგაც UFC-ში ან ბელატორში ჩხუბი მსურს.

პირველი ტური: იბრაგიმ ბაკაევი და ლუკა ბრეგვაძე

24-ში ოქტაგუნზე ჯამში 9 წყვილი იჩხუბებს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო დარბაზში გულშემატკივრის დასწრება შეზღუდულია.

კომენტარები

ბოლო ამბები