Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა ესპანეთში მოგების წყალობით მხოლოდ 0.82 ქულა მიიღო
  • ბორჯღალოსნების წინ ისევ ფიჯია, უახლოესი მდევარი კი ტონგა გახლავთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში ესპანეთის დამარცხების წყალობით მსოფლიო რეიტინგში ქულები კი გამოიმუშავა, თუმცა, წინსვლა მაინც ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებმა” მადრიდში დიდი ბრძოლა გადაიტანეს და “ლომებს” 25:19 სძლიეს, რისი წყალობითაც მსოფლიო რაგბის კლასიფიკაციაში 0.82 ქულა დაემატათ, თუმცა, ჯამური 73.31 ქულით ისევ მე-12 ადგილზე დარჩნენ. საქართველოს ნაკრების უმთავრესი სამიზნე კვლავაც მე-11 საფეხურზე მყოფი ფიჯია (76.87), უახლოესი მდევარი კი ტონგაა (71.44).

მსოფლიო რაგბის რეიტინგის TOP-15

სხვათა შორის, ხსენებულმა ესპანეთი საქართველოსთან მარცხის გამო მე-18 ადგილამდე დაქვეითდა (წინ ურუგვაი გაუშვა) და ახლა, მცირედითღა უსწრებს რუმინეთს, რომელმაც ლისაბონში გამართულ შეხვედრაში პორტუგალიას გამარჯვება ბოლო წამებზე გამოგლიჯა (27:28). ამის გამო, პორტუგალიამ ერთბაშად 3 პოზიცია დაკარგა (ჰონგ კონგმა, კანადამა და ნამიბიამ გადაასწრეს) და ახლა, მხოლოდ 24-ე ადგილი უკავია.

რეიტინგში დიდი ცვლილებები გამოიწვია გასულ უქმეებზე გამართულმა 6 ერის მე-4 ტურმაც. მსოფლიოს უძლიერეს სამეულს დაუბრუნდა ინგლისის ნაკრები, რომელმაც ლონდონში საფრანგეთს 23:20 სძლია და სწორედ მას გადასწრო. “ვარდების” წინ მხოლოდ სამხრეთ აფრიკა (94.20) და ახალი ზელანდია (88.95) რჩებიან.

მე-6 ადგილიდან ავსტრალია ჩამოაქვეითა ირლანდიამ, რომელმაც ედინბურგში შოტლანდიას 27:24 მოუგო. ამავე მიზეზით სქოთები მე-9 საფეხურზე აღმოჩნდნენ და წინ არგენტინა გაუშვეს. ცვლილელები არ მოუტანია 6 ერის კიდევ ერთ მატჩს. უელსმა რომში 48:7 იმარჯვა და ისევ მე-4 ადგილზეა, იტალია კი, რომელსაც უკვე ზედიზედ 30 მატჩი აქვს წაგებული, მხოლოდ მე-15-ეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩს 20 მარტს რუსეთში ჩაატარებს და თუკი ეს თამაში 15 ან ნაკლები ქულით მოიგო, 0.283 ქულას მიიღებს, მეტი სხვაობა კი 0.424 ქულას მოგვცემს. ფრეზე 0.717 ქულას დავკარგავთ, 15 და ნაკლები ქულით წაგება 1.717 ქულით გვაზარალებს, მეტით მარცხი კი – 2.575 ქულას მოგვაკლებს.

📺 ესპანეთი V საქართველო [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები