Thumbnail

ოთარ გიორგაძე: რეაბილიტაცია კარგად მიდის, მინდა, ახალი ენერგიით დავბრუნდე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ჯვარედინი მყესი დაზიანებული მქონდა და გაწყვეტის დიდი რისკი იყო'
  • ბორჯღალოსნების ერთ-ერთი ლიდერი სექტემბრამდე ვერ ითამაშებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ოთარ გიორგაძე, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისში მძიმე ტრავმა მიიღო, რეაბილიტაციის პერიოდს გადის და ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდთან ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებისა” და ფრანგული ბრივის 25 წლის მესამეხაზელმა დაზიანება 3 იანვარს, სტად ფრანსესთან მატჩში მიიღო. იყო შანსი, რომ გიორგაძეს მკურნალობისა და სპეციალური პროცედურების შემდეგ, თამაში მალევე გაეგრძელებინა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ის მუდმივი საფრთხის ქვეშ იქნებოდა და ამიტომაც, მუხლზე ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა:

ოთარ გიორგაძემ მუხლის მძიმე ტრავმა მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო

“დაზიანება სრულიად უწყინარ სიტუაციაში, კონტაქტამდე მივიღე და თამაში ვეღარ გავაგრძელე. ოპერაციამდე ფეხის მდგომარეობა უმჯობესდებოდა და ტკივილებმაც გამიარა. გაჩნდა ვარაუდი, მუხლი გამემაგრებინა და თამაში ისე გამაგრძელებინა, მაგრამ უკანა ჯვარედინი მყესი დაზიანებული მქონდა და გაწყვეტის დიდი რისკი იყო. ამიტომ, ბევრი ფიქრის შემდეგ ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე და სწორად მოვიქეცი. ოპერაცია 23 იანვარს, კლერმონში მუხლის უძლიერეს სპეციალისტთან და ქირურგთან გავიკეთე. მეორე დღესვე გამომწერეს და კლუბის ექიმების მეთვალყურებით, კუნთის “გაღვიძების“ მიზნით ელემენტარული ვარჯიშები დავიწყე. რეაბილიტაცია კარგად მიდის და პროტოკოლს ვუსწრებ კიდეც, თუმცა გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ფეხს ზედმეტად არ ვტვირთავ. უკვე გადასული ვარ ველოსიპედზე და სავარაუდოდ აგვისტო-სექტემბერში დავბრუნდები. წინ კიდევ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი მაქვს და იმედია, ყველაფერი კარგად გაგრძელდება. ამ პერიოდში აუცილებლად უნდა აღმოვფხვრა წელის პრობლემა, რაც დიდი ხანია მაწუხებს. მიმდინარე სეზონისთვის მზადება დავიწყე თუ არა, წელის ძლიერი ტკივილები დამეწყო. ახლა მინდა ეს პერიოდი გამოვიყენო, ეს პრობლემა მოვაგვარო და ახალ სეზონში ახალი ძალით და ენერგიით დავბრუნდე“.

შეგახსენებთ, რომ ოთარ გიორგაძე ბრივის ღირსებას 2018 წლიდან იცავს, ამასთან მის ანგარიშზე 29 სანაკრებო კეპი და 6 ლელოა. ბოლოს მან ბორჯღალოსნების რიგებში “შემოდგომის ერთა თასზე“ ითამაშა. წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ასევე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, გიორგაძე ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები