Thumbnail

MMA | საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტური 24 მარტს გაიმართება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

24 მარტს, MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის ორთაბრძოლები ჩატარდება. პირველობის ორგანიზატორი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციაა. მეორე ტურში მონაწილეობას 18 სპორტსმენი მიიღებს. ჩემპიონატი 20:00 დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე იქნება.

მეორე ტურის ბრძოლების განხილვამდე, პირველ ტურში მომხდარ ყველაზე საინტერესო ამბებს გაგახსენებთ. UNDER CARD-დან მერუჟან პალიანი, ელგუჯა გოგია, ლუკა გიორგაძე და საბა სოზაშვილი შეგვიძლია გამოვარჩიოთ - ოთხივე მებრძოლმა ეფექტურად იჩხუბა და მაყურებელს თავი კარგად დაამახსოვრა.

ოთარ თანზილოვმა ბრძოლა ნოკაუტით მოიგო

რაც შეეხება MAIN CARD-ს: აქ ყველა ბრძოლა მაგარი იყო - მებრძოლებმა ერთმანეთი არ დაინდეს. გამოსარჩევია ოთარ თანზილოვის ნოკაუტი ხულოელი ადამ ვაშაყმაძის წინააღმდეგ. რუსლან ბოლქვაძემ ასლან გორგიშვილთან მაგრად იჩხუბა, მაგრამ გორგიშვილის გამოცდილებამ თავისი გაიტანა და გამარჯვება პანკისელ მებრძოლს დარჩა.

როგორც გითხარით, მეორე ტურში 9 ბრძოლა გველის და ყველა შეხვედრა საინტერესო უნდა გამოვიდეს. სამწუხაროდ, პირველი ტურის მთავარი ჰაილაითის შემქმნელი ოთარ თანზილოვი დაშავდა და ამ ტურში ვერ იჩხუბებს. ტურნირის მეორე ტურში ასლან გორგიშვილიც ვერ იჩხუბებს, რომელმაც სერბეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა. გორგიშვილის ნაცვლად ტურნირში თამაზ ბოჭორიშვილი ჩაერთო.

UNDER CARD

👊 66 კგ: ირაკლი მახათაძე (მეომარი) VS ლუკა გიორგაძე (მემეტე)

მახათაძე საქართველოს ჩემპიონატზე პირველად იჩხუბებს. რაც შეეხება გიორგაძეს: მან პირველ ტურში გიორგი ხუნწარიას მარტივად მოუგო და ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

👊 93 კგ: მამიკონ ბეგოიანი (13 Legion) VS ვაჟა მაჭარაშვილი (დავითიანი)

ბეგოიანისთვის ეს ბრძოლა სადებიუტო იქნება, ხოლო მაჭარაშვილი საქართველოს ჩემპიონატზე მეორედ იჩხუბებს. მან პირველ ტურში იასინ იოსელიანს მოუგო, რომელიც ბევრისთვის იმ ბრძოლაში ფავორიტი იყო, მაგრამ ვაჟამ მეტოქეს არაფერი დაუთმო.

👊 70 კგ: გიორგი კანკავა (ჯიქი) VS ნიკა აბრამიშვილი (ვეფხისტყაოსანი)

კანკავა ჩემპიონატის დებიუტანტია, აბრამიშვილი კი საქართველოს ჩემპიონატის ოქტაგონზე მეორედ გადის. ნიკამ პირველ ტურში ფოთელ გურამ კვარაცხელიას აჯობა და კლუბ ვეფხისტყაოსანს გამარჯვება მოუტანა. აბრამიშვილი 18 წლისაა და 33 წლის კანკავასთან საკმაოდ დაძაბული ბრძოლა ელის.

👊70 კგ: გიორგი წამალაიძე (ყაზბეგი) VS რომან ყურაშვილი (ვეფხისტყაოსანი)

ორივე მებრძოლმა პირველ ტურში გამარჯვება იზეიმა. წამალაიძეს მძიმე ჩხუბი ჰქონდა გიორგი კობალაძესთან, ხოლო ყურაშვილმა ასევე მძიმე ბრძოლაში ნიკა კონცელიძეს აჯობა. ორივე მებრძოლს ისევ UNDER CARD-ში ბრძოლა უწევს. საინტერესოა, მათ შორის გამარჯვებულს მესამე ტურში მაინც თუ მიეცემა შანსი MAIN CARD-ზე გამოსვლის.

I ტური: გიორგი წამალიძე v გიორგი კობალაძე

👊 93 კგ: მანუჩარ ერქვანია (მემეტე) VS ირაკლი ფიფია (უკლუბო)

ორივე მებრძოლი საქართველოს ჩემპიონატზე პირველად იჩხუბებს. შესაბამისად, საინტერესოა მათზე დაკვირვება. წინასწარ ფავორიტის დასახელება რთულია.

MAIN CARD

👊 66 კგ: ელგუჯა გოგია (ფოთი) V მერუჟან პალიანი (13 Legion)

ვფიქრობთ, ფოთელი და ახალციხელი მებრძოლების ჯახი MAIN CARD-ის ერთ-ერთ მშვენებად უნდა იქცეს. მათი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. ორივე მხოლოდ ერთ შედეგზე ფიქრობს და ამისთვის ოქტაგონზე ყველაფერს აკეთებენ. ელგუჯა გოგიამ პირველ ტურში ილია ქარუხნიშვილს აჯობა და ეს ბრძოლა მაგარი სანახავი იყო. პალიანმა კი თორნიკე ვარადაშვილთან საქმე პირველივე რაუნდში გაარკვია და ახლა მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება, რაც მარტივი საქმე არ იქნება. მებრძოლების სტილი ერთმანეთისას ჰგავს, ორივე საკმაოდ აქტიურია და შეტევაზე სწრაფად გადადიან. სწორედ ამიტომ, ეს ბრძოლა არ უნდა გამოტოვოთ.

პირველ ტურში ელგუჯა გოგიამ ილია ქარუხნიშვილი დაამარცხა

👊 77 კგ: ლუკა ბრეგვაძე (ვეფხისტყაოსანი) VS ბექა თამლიანი (WARRIORS TBILISI)

იბრაგიმ ბაკაევმა ლუკა ბრეგვაძის დარტყმებს პირველ ტურში ვერ გაუძლო. ბრეგვაძე დომინანტი იყო და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მისი მეტოქე ახლა ბექა თამლიანია, რომელმაც გიორგი კაბულაშვილს პირველ ტურში რევანშის საშუალება არ მისცა. თამლიანს სახე გაუსკდა, სისხლიც სდიოდა, თუმცა ბრძოლა ბოლომდე ჩაამთავრა და გამარჯვებაც იზეიმა. ეს შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს, ცხადია, ეს დაპირისპირება არ უნდა გამოტოვოთ.

👊 77 კგ: ნიკა ბუქური (თეთრი არწივი) VS თამაზ ბოჭორიშვილი (GURAM FIGHT CLUB)

ნიკა ბუქური საქართველოს ჩემპიონატზე პირველად გამოვა, მას კარიერაში ერთი ბრძოლა აქვს ჩატარებული და ის შეხვედრა იბრაგიმ ბაკაევთან დათმო. მისი მეტოქე ძალიან გამოცდილი თამაზ ბოჭორიშვილი იქნება, რომელსაც აქამდე 10-ჯერ უჩხუბია, საიდანაც 8 ბრძოლა მოგებული აქვს და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოჭორიშვილი ოქტაგონზე 2019 წლის შემდეგ აღარ გასულა. ბუქურთან ასლან გორგიშვილს უნდა ეჩხუბა, რომელმაც პირველ ტურში რუსლან ბოლქვაძეს მოუგო, თუმცა ასლანმა სერბეთში საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა და საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურში ამიტომ არ იჩხუბებს.

👊 61 კგ: როლანდ პლუჟნიკოვი (MAXIMUS FIGHT CLUB) V ვეფხო ჭინჭარაული (ვეფხისტყაოსანი)

ბათუმელ როლანდ პლუჟნიკოვს პირველ ტურში არ უჩხუბია, მან კოტე ჯანგავაძე ჩაანავლა და ის საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო ბრძოლას ჩაატარებს. ვეფხო ჭინჭარაულმა პირველ ტურში გიორგი ზურებიანი მარტივად დაამარცხა - ჭინჭარაულმა გამარჯვება პირველივე რაუნდში იზეიმა.

📺 პირველი ტური

კომენტარები

ბოლო ამბები