Thumbnail
  • კატალონიელთა ახალმა პრეზიდენტმა რონალდ კუმანის შემცველი უკვე შეარჩია
  • ნიდერლანდელი სპეციალისტის ადგილი შესაძლოა იულიან ნაგელსმანმა დაიკავოს

ბარსელონას ახალარჩეული პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის შემცვლელად იულიან ნაგელსმანს განიხილავს. 

ესპანური სპორტული მედიის ინფორმაციით, ლაპორტა "დიდ პატივს სცემს" ნიდერლანდელ სპეციალისტს, მაგრამ თავისი პროექტის სათავეში მას ვერ ხედავს. შესაბამისად, თუკი კუმანი 2021 წელს ესპანეთის ჩემპიონატის მოგებას შეძლებს, თანამდებობას შეინარჩუნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, წასვლა მოუწევს. 

როგორც ირკვევა, ლაპორტას რამდენიმე კანდიდატი უკვე შეგულებული ჰყავს, რომელთა შორის უმთავრესი სწორედ გერმანული ლაიპციგის ახალგაზრდა თავკაცი იულიან ნაგელსმანია. 

გერმანელმა სპეციალისტმა ლაიპციგი შარშან ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გაიყვანა 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბარსელონა ჩემპიონთა ლიგას ⅛-ფინალურ სტადიაზე დაემშვიდობა, როდესაც ორრაუნდიან ბრძოლაში პარი სენ-ჟერნმენთან დამარცხდა. რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს, 26 ტურის შემდეგ აქ კუმანის გუნდი მეორე ადგილზეა და 6 ქულით ჩამორჩება ლიდერ მადრიდის ატლეტიკოს, ხოლო უახლოეს მდევარ მადრიდის რეალს 2 ქულით უსწრებს. 

33 წლის გერმანელი სპეციალისტი ლაიპციგს 2019 წლიდან წვრთნის. მანამდე კი ჰოფენჰაიმში მუშაობდა. ნაგელსმანს ნათქვამი აქვს, რომ ორი წლის წინ უარით მადრიდის რეალი გაისტუმრა. 

კომენტარები

ბოლო ამბები