Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მადრიდში იმყოფება და მზადებას განაგრძობს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩისთვის, რომელშიც მისი მეტოქე მასპინძელი ესპანეთი იქნება. შეგახსენებთ, რომ 1 კვირის წინ, “ბორჯღალოსნებმა” ლისაბონში პორტუგალიას 29:16 სძლიეს, “ლომები“ კი ისვენებდნენ და ამდენად, ტურნირში, რომელიც პარალელურად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, სასტარტო მატჩს ჩაატარებენ. მომავალ თამაშს ფრანგი მსაჯების ბრიგადა (პიერ ბრუსე, სებასტიან მინერი, ჟან-კლოდ ლაბარბი) მოემსახურება და ვიდეო-რეფერიც (ფილიპ ბონური) ამ ქვეყნიდან იქნება.

ქართველი მორაგბეები ესპანეთს ისტორიაში 22-ედ ეთამაშებიან და მე-18 გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან. “ბორჯღალოსნებისა” და “ლომების“ დაპირისპირება 2000 წლიდან იღებს სათავეს და გუნდები ერთმანეთს უმეტესად რაგბი ევროპის ჩემპიონატის (ყოფილი ერთა თასი) ეგიდით, თითქმის ყოველ წელს ერკინებიან. ერთადერთი გამონაკლისი 2005 წელი იყო, თუმცა მის საპირწონედ 2014 წელს მეტოქეს ორჯერ ვეთამაშეთ. დღემდე გამართული 21 მატჩიდან 11 საკუთარ მოედანზე და 10 სტუმრად გავმართეთ. ესპანეთი დამარცხებული გვყავს 17-ჯერ, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, სამჯერ კი გამარჯვება მეტოქემ იზეიმა. ესპანეთმა სამივე თამაში მადრიდში მოიგო, ბოლოს 2012 წელს, რასაც საქართველოს ნაკრების 9-მატჩიანი გამარჯვებების სერია მოყვა.

ქართველი და ესპანელი მორაგბეების გზები პირველად 2000 წელს გადაიკვეთა და მოწინააღმდეგემ 36:32 იმარჯვა, შემდეგ კი, “ბორჯღალოსნების” სამმატჩიანი, დამაჯერებელი გამარჯვებების სერია იყო. ამ გუნდების შეხვედრები ხშირ შემთხვევაში ლელოუხვი გამოდის, თუმცა, 2004 წელს ლელოს გატანა ვერცერთმა შეძლო და ტარაგონაში ფრე (6:6) დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთს საქართველოსთვის ერთ მატჩში ლელოების სხვაობით არასდროს მოუგია, თუმცა ის მუდამ ითვლებოდა ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ.

საქართველოს ნაკრები ესპანეთს მადრიდში ბოლოს შარშან ეთამაშა და 23:10 სძლია

2009 წელს, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მადრიდში სარეკორდო სხვაობით – 55:11 მოუგო. 2011 წელს სარეკორდო სხვაობა უკვე “მიხეილ მესხზე“ დაფიქსირდა – 60:0. ამ თამაშში ბორჯღალოსნებმა 9 უპასუხო ლელო გაიტანეს, რაც ასევე რეკორდია. ორი წლის შემდეგ, კვლავ “მიხეილ მესხზე“ “ლომებს“ 8 ლელო გავუტანეთ და სარეკორდო რაოდენობის – 61 ქულა ავიღეთ, თამაში კი 61:18 დასრულდა. ბოლო წლებში ესპანეთის ნაკრები სტაბილურ გუნდად ჩამოყალიბდა და 2014 წლიდან დღემდე, მეტოქეს 15-ზე მეტი ქულის სხვაობით ერთადერთხელ ვაჯობეთ – 2016 წელს 38:7. შარშან ესპანეთს მადრიდში ვეთამაშეთ, მოლით ორი ლელო მივიღეთ, თუმცა იქით სამი გავიტანეთ და 23:10 ვიმარჯვეთ. მთლიანობაში, 21 მატჩში ბორჯღალოსნებს გატანილი აქვთ 87 ლელო და 637 ქულა, ხოლო ესპანეთს – 33 ლელო და 300 ქულა.

საინტერესოა, რომ პორტუგალიაში მოგების შემდეგ, “ბორჯღალოსნების” სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 10 ცვლილებაა. პირველ ხაზში თამაშს ის მორაგბეები იწყებენ, რომლებიც პორტუგალიასთან თადარიგში იყვნენ – ბექა გიგაშვილი, შალვა მამუკაშვილი და გია ხარაიშვილი, ხოლო ჯაბა ბრეგვაძემ, გურამ გოგიჩაშვილმა და გიორგი მელიქიძემ მარქაფაში გადაინაცვლეს. მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ლაშა ჯაიანმა და ამჯერად, მას დავით გიგაური შეუწყვილდება, ხოლო ნოდარ ჭეიშვილმა მარქაფაში გადაინაცვლა. მესამე ხაზში თამაშს კვლავ თორნიკე ჯალაღონია იწყებს, რომელმაც მიკრო-ტრავმების მოშუშება მოასწრო. ფლანკერები მიხეილ გაჩეჩილაძე და ირაკლი ცხადაძე არიან – გაჩეჩილაძემ პირველი თამაში გამოტოვა, ხოლო ცხადაძე პორტუგალიასთან შეცვლაზე შევიდა და პირველი სანაკრებო კეპი მოიხვეჭა.

ლევან მაისაშვილი შემადგენლობაში ცვლილებებს არ მორიდებია
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

წინა მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს ცენტრებმა – მერაბ შარიქაძემ და გიორგი კვესელაძემ, ასევე 9 ნომერმა გელა აფრასიძემ, რომელსაც ამჯერად ლაშა ხმალაძის ნაცვლად თედო აბჟანდაძე შეუწყვილდება. ფრთებზე როტაციის პრინციპით აკაკი ტაბუცაძე და დემე თაფლაძე იწყებენ, ხოლო ფულბეკის პოზიციაზე სოსო მათიაშვილს დავით ნინიაშვილი ჩაანაცვლებს. 9 ნომრის მარქაფაში კვლავ მიხეილ ალანიას ვიხილავთ. ასევე თადარიგში არიან გამოცდილი სანდრო თოდუა და გიორგი ბაბუნაშვილი, რომელსაც პორტუგალიასთან სანაკრებო დებიუტმა არ მოუწია.

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “დასასვენებლად საკმარისი დრო გვქონდა და რეაბილიტაცია კარგად გავიარეთ. იყო მცირე ტრავმები. ორი მოთამაშის გარდა, უკვე ყველა სრული დატვირთვით ვარჯიშობს. დავხვეწეთ ის კომპონენტები, რაც პორტუგალიასთან არ გამოგვივიდა და იმედს ვიტოვებთ, რომ ესპანეთთან სრულად შევძლებთ ჩვენი ძლიერი მხარეების გამოყენებას. პირველ ხაზში ის მორაგბეები გამოჩნდებიან, რომლებმაც პორტუგალიასთან შეცვლაზე ითამაშეს და თავი კარგად წარმოაჩინეს. ჩვენ თანაბარი ძალის, დაბალანსებული პირველი ხაზი გვყავს და როტაცია მუდმივად გვექნება, რაც ერთგვარი კოზირია. მარქაფიდან თამაშში ჩართვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა და ეს გუნდში ყველას კარგად ესმის”.

ესპანელების მწვრთნელი სანტიაგო სანტოსი და კაპიტანი ფერნანდო ლოპესი

მომავალი მატჩის წინ, დიდი დანაკლისი აქვს ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ სანტიაგო სანტოსს, რომელიც არ მალავს, რომ მისთვის გადამწყვეტი სხვა მეტოქეებთან თამაშები იქნება, “ბორჯღალოსნებთან” კი, მისი გუნდი გამოცდილების მიღებას ეცდება. საქართველოსთან მატჩში ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ ქსერომ სივილი, ალბერტო ბლანკო, ჯოშუა პეტერსი, ასიერ უსარაგა, აფა ტაული, ფაკუნდო დომინგესი, მარტინ ალონსო, ხულენ გოია და ჯონ-ვესელ ბელი, ხოლო ფაბიენ პერინს, გოტიე გიბუნს, გილიომ რუეს, მეტ ფოულდსს, მანუელ ორდასს, რიჩარდ სტიუარტსა და გილერმო დომინგესს კლუბები კოვიდ-რეგულაციების გამო არ უშვებენ. ამ ფონზე ეროვნულ გუნდში უხმეს ვეტერანებს კალოკალო გავიდისა და ბრედ ლინქლეიტერს, ასევე მარკო პინტოსა და შარლი მალიეს, რომელთაც ტრავმები სულ ცოტა ხნის წინ მოიშუშეს და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვთ.

ალვარ ხიმენო (ესპანეთის ნაკრების მორაგბე): “ჩვენი მიზანი 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლაა და ამის გვჯერა კიდეც, რადგანაც საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავს. თუმცა, ჯერჯერობით, ამაზე ფიქრი მაინც ადრეა და კონკრეტულად საქართველოს ნაკრებთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. საქართველო ძალიან ძლიერი მეტოქეა, რომელსაც რაგბი ევროპის ჩემპიონატი არაერთხელ აქვს მოგებული და აშკარად სხვა დონეზე თამაშობს, ვიდრე – ტურნირის მონაწილე სხვა ნაკრებები. საქართველოს ნაკრები იმ მორაგბეებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც კლუბებში მაღალ დონეზე თამაშობენ, ამდენად, მათთან პირადი დუელებიც საინტერესო იქნება. ჩვენთვის, ეს, თავის გამოჩენის შანსია”.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეებს მარტში, საერთო ჯამში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების 4 მატჩი უწევთ. პორტუგალიის და ესპანეთის ნაკრებებთან თამაშების შემდეგ, “ბორჯღალოსნები” 20 მარტს კალინინგრადში, რუსეთს გაეჯიბრებიან, 27 ან 28 მარტს კი რუმინეთს უმასპინძლებენ. ქართველი მორაგბეები ტურნირის დასკვნით თამაშს 26 ან 27 ივნისს ასევე შინ, ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულთან ჩაატარებენ.

ესპანეთი VS საქართველო

ესპანეთი: 15. შარლი მალიე, 14. ბრედლი ლინქლეითერი, 13. ალეხანდრო ალონსო, 12. ალვარ ხიმენო, 11. ჟორდი ჟორბა, 10. ბაუტისტა გუემესი, 9. ტომას მუნიჯა; 1. ფერნანდო ლოპესი (კაპ.), 2. მარკო პინტო, 3. ჯონ სავალა, 4. ვიტორ სანჩესი, 5. მანუელ მორა, 6. კალოკალო ნგავინდი, 7. პიერ ბარტერი, 8. ფრედ ქვერსი.

სათადარიგოები: 16. ტიერი ფიუტო, 17. ვისენტე დელ ოჯო, 18. ვიტორ ავოიტისი, 19. ანიბალ ბონანი, 20. ბრის ფერერი, 21. კერმან აურეკოეჩეა, 22. გონსალო ვინუესა, 23. ფედერიკო კასტელიონი.

საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. დემე თაფლაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე; 1. ბექა გიგაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გია ხარაიშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. დავით გიგაური, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ირაკლი ცხადაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;

სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. მიხეილ ალანია, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. სანდრო თოდუა.

კომენტარები

ბოლო ამბები