Thumbnail
  • 📅 14 მარტი | ⌚ 15:45 | 🏉 ესპანეთი V საქართველო | 📺 TV იმედი
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მე-2 ტურის მატჩისთვის ემზადება

დღეს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიიდან ესპანეთისკენ აიღებს გეზს, სადაც მასპინძლებთან 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს ჩაატარებს. მადრიდში შეხვედრა 14 მარტს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ სასტარტო ტურში “ბორჯღალოსნებმა” პორტუგალიას ლისაბონში ხუთი ლელო დაუდეს და ბონუსით, 29:16 სძლიეს, ესპანეთი კი პირველ ტურში ისვენებდა. იმ თამაშის შემდეგ, ქართველი მორაგბეები პორტუგალიაში, სპორტულ ბაზაზე დარჩნენ და ორდღიანი დასვენების შემდეგ, ესპანეთისთვის მზადებას შეუდგნენ.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ თამაშის ხარისხი ერთი კვირის წინანდელზე უკეთესი იქნება:

“დასასვენებლად საკმარისი დრო გვქონდა და რეაბილიტაცია კარგად გავიარეთ. იყო მცირე ტრავმები. ორი მოთამაშის გარდა, უკვე ყველა სრული დატვირთვით ვარჯიშობს. დავხვეწეთ ის კომპონენტები, რაც პორტუგალიასთან არ გამოგვივიდა და იმედს ვიტოვებთ, რომ სრულად შევძლებთ ჩვენი ძლიერი მხარეების გამოყენებას“.

თედო აბჟანდაძემ პორტუგალიასთან მატჩი გამოტოვა, ესპანეთთან კი სავარაუდოდ, ითამაშებს
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

განვლილი კვირით კმაყოფილია ბორჯღალოსანთა მგეზავი თედო აბჟანდაძე, რომელსაც პორტუგალიასთან არ უთამაშია:

“გრძელი მოსამზადებელი კვირა გვქონდა და ოთხი სრულფასოვანი ვარჯიში ჩავატარეთ. ვიმუშავეთ პორტუგალიასთან დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე და ძლიერი მხარის გაუმჯობესებაზე. ვფიქრობ, მომავალი თამაშისთვის მზად ვართ“.

მომავალ თამაშს ასევე გამარჯვების იმედით ხვდება კიდევ ერთი “ბორჯღალოსანი” გელა აფრასიძე: “ვარჯიშებმა კარგად ჩაიარა. ნაყოფიერი სავარჯიშო კვირა გვქონდა, ესპანეთს უფრო მომზადებული ვხვდებით, ვიდრე – პორტუგალიას და იმედი გვაქვს, რომ შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეებს მარტში, საერთო ჯამში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების 4 მატჩი უწევთ. პორტუგალიის და ესპანეთის ნაკრებებთან თამაშების შემდეგ, “ბორჯღალოსნები” 20 მარტს კალინინგრადში, რუსეთს გაეჯიბრებიან, 27 ან 28 მარტს კი რუმინეთს უმასპინძლებენ. ქართველი მორაგბეები ტურნირის დასკვნით თამაშს 26 ან 27 ივნისს ასევე შინ, ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები