Thumbnail
  • საკვალიფიკაციო ტურნირს ბუდაპეშტი 18-21 მარტს უმასპინძლებს
  • ტოკიოში გამგზავრება უკვე განაღდებული აქვს 2 ქართველ მოჭიდავეს

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებს უახლოეს პერიოდში უმნიშვნელოვანესი ტურნირი ელის. 18-21 მარტს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპული ზონისთვის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება, სადაც თავს ძალიან ძლიერი შემადგენლობა მოიყრის (ჯამში, უნგრეთში 35 ქვეყნიდან 280 მოჭიდავეს ელიან).

აღსანიშნავია, რომ ეს შეჯიბრი ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო პერიოდში მე-3 ეტაპია. ტოკიოში გამგზავრების უფლება უკვე მიიღეს 2019 წელს ყაზახეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულებმა და პან-ამერიკული თამაშების ჩემპიონებმა, ბუდაპეშტში კი საგზურებს ფინალისტები მიიღებენ. მოახლოებულ ტურნირში საქართველოს ღირსებას შემდეგი მოჭიდავეები დაიცავენ.

თავისუფალი ჭიდაობა

ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), სანდრო ამინაშვილი (86 კგ.).

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.), რამაზ ზოიძე (67 კგ.), გელა ბოლქვაძე (77 კგ.), ლაშა გობაძე (87 კგ.).

შეგახსენებთ, რომ ხსენებულ 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ოქროს მედლები ბექა ლომთაძემა (61 კგ.) და და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) მოიპოვეს, “ბერძენ-რომაელთაგან” კი – ნუგზარ წურწუმიამა (55 კგ.) და ლაშა გობაძემ (82 კგ.). პირველ დისციპლინაში ბრინჯაო ირაკლი მწითურს (92 კგ.) ერგო, ხოლო მეორეში – იაკობ ქაჯაიას (130 კგ.). მოგეხსენებათ, ოლიმპიადაზე ჭიდაობაში ყველა წონა მონაწილეობას არ იღებს, ამდენად, ტოკიოს საგზურები ამ დროისთვის მხოლოდ პეტრიაშვილსა და ქაჯაიას გააჩნიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები