Thumbnail
  • არსებული ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის წილისყრა 30 მარტს ჩატარდება
  • საქართველოს ნამდვილად ვერ შეხვდებიან გერმანია, უკრაინა და ფინეთი

მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (FIBA) რეიტინგი განაახლა, რომლის მიხედვითაც მომავალი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის წილისყრა მოხდება. კალათები უკვე შედგენილია ვიკიპედიაზეც და მის თანახმად, ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოს ნაკრები მე-4 ჯგუფში იქნება.

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ეს ძალიან კარგი ვარიანტია, რადგანაც ქართველ კალათბურთელებს ჯგუფში თამაში რეიტინგით მათზე დაბლა მდგარ ორ ნაკრებთან მოუწევთ, რაც პლეი ოფში გასვლის შანსს ზრდის. საქართველოს ნაკრებს კარგი საქმე გაუკეთეს მონტენეგრომა და ლატვიამ, რომელთაც ფინალურ ეტაპზე მოულოდნელად ვერ გააღწიეს, არადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორივე მე-4 კალათაში მოხვდებოდა და ჩვენს გუნდს მეხუთეში გაუშვებდნენ.

თავად ილიას ზუროსის ნაკრები 317.3 ქულით ევროპაში – მე-18 ადგილზე, ხოლო მსოფლიოში 36-ე საფეხურზე დარჩა და იმ კალათაში მოხვდა, სადაც გერმანია, უკრაინა და ფინეთიც იმყოფებიან, ამდენად, ნათელია, რომ ჯგუფში ამ მეტოქეებს ვერ გადაეყრება. სრულად, განთესვა ასე გამოიყურება.

პირველი კალათა: ესპანეთი (ევროპაში მე-2), სერბეთი (5), საბერძნეთი (6), საფრანგეთი (7).
მეორე კალათა: ლიეტუვა (8), რუსეთი (9), იტალია (10), ჩეხეთი (12).
მესამე კალათა: პოლონეთი (13), ხორვატია (14), თურქეთი (15), სლოვენია (16).
მეოთხე კალათა: გერმანია (17), უკრაინა (18), ფინეთი (32), საქართველო (36).
მეხუთე კალათა: ბელგია (37), უნგრეთი (38), ისრაელი (39), დიდი ბრიტანეთი (41).
მეექვსე კალათა: ბოსნია-ჰერცეგოვინა (43), ნიდერლანდები (44), ესტონეთი (47), ბულგარეთი (49).

არსებული ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის წილისყრის პროცედურა 30 მარტსაა დაგეგმილი, მანამდე კი, ტურნირის მასპინძლებმა თითო ნაკრები უნდა შეარჩიონ, რომელთა ხილვაც თავიანთ ჯგუფებში სურთ. იყო ვარაუდი, რომ საქართველო არჩევანს ლიეტუვაზე შეაჩერებდა, თუმცა, ბოლო ცნობებით, ბალტიისპირელებს უფრო მეტად გული გერმანიისკენ მიუწევთ. ამ შემთხვევაში, საქართველოს მე-2 კალათიდან რუსეთიღა რჩება, რადგანაც იტალია და ჩეხეთი თავად არიან ტურნირის თანამასპინძლები.

შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგად, ფინალურ ეტაპზე გასული 24 ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, 4-4 საუკეთესო კი პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. ევრობასკეტი 2022 წლის 1-18 სექტემბერს ჩატარდება, ჯგუფური ეტაპის მატჩებს კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და თბილისი უმასპინძლებს, პლეი ოფი კი ბერლინშია (გერმანია) დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები