Thumbnail

'საუკეთესო პსჟ-ის მეკარე იყო' - რონალდ კუმანის აზრით, ბარსა მეტს იმსახურებდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის საპასუხო მატჩი ბარსელონასთან ფრედ 1:1 დაასრულა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. 

"სტად დე პრენსზე" კილიან მბაპეს ზუსტ 11-მეტრიანს ლიონელ მესიმ საჯარიმოს გარედან გატანილი ბრწყინვალე გოლით უპასუხა, თუმცა შემდეგ პენალტის ნიშნულიდან კეილორ ნავასს ვეღარ აჯობა. პარიზელები, რომლებსაც "კამპ ნოუზე" გამართულ პირველ მატჩში ანგარიშით 4:1 ჰქონდათ მოგებული, ¼-ფინალში ითამაშებენ.

თამაშის შემდეგ კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა კომენტარი გააკეთა: 

"ვტოვებთ ტურნირს და სპორტში ყველაზე მთავარი ესაა. თუმცა შეგრძნებები დადებითია - გვქონდა შანსი, მეტოქისთვის საქმე გაგვერთულებინა. 

პირველ ტაიმში პსჟ-ს ვაჯობეთ, ვიყენებდით სარისკო ინდივიდუალურ მეურვეობას დაცვაში. მეტს ვიმსახურებდით, თუნდაც 2:1-ს. ასეთ შემთხვევაში, მეორე ტაიმიც სხვანაირი იქნებოდა. 
 
მეტოქემ პირველ შეხვედრაში ეფექტურად ითამაშა, რაც ჩვენ არ გამოგვივიდა. გაგვიტანა 4 გოლი, ჩვენ კი ერთი გავუტანეთ. სხვაობა ძალიან დიდია.

მართებული არ იქნება გუნდის კრიტიკა იმის გამო, რომ წარმატებას ვერ მიაღწია. გუნდი გამოფიტულია. ზოგჯერ არ გვიმართლებდა, პსჟ-ის მეკარე (კეილორ ნავასი) კი მოედანზე საუკეთესო იყო. შანსები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ", - თქვა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრა 19 მარტს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები